
„ბატონო ელეფთერიოს ანგელოპოლოს, თქვენო აღმატებულება ელჩებო, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოში.
ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს ტურისტულ დედაქალაქ ბათუმში.
ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ევროპული და აზიური კულტურა ერთმანეთს სწორედ აქ, ბათუმში ერწყმის. ამ კულტურულ სინთეზს ისტორიული ფაქტები ამტკიცებს. ბათუმის პირველი ხსენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ძველ-ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაწერებში შეიძლება ვიხილოთ. არისტოტელემ აღწერა ქალაქი და მას ბათუსი უწოდა, რომელიც ბერძნული სიტყვა „ღრმა“-დან გამომდინარეობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან სიმბოლურია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის თავმჯდომარე ელინური რესპუბლიკის წარმომადგენელია და მინდა, თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისათვის, რასაც სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის სამდივნო იღებს ამ პროექტის წარმატებისათვის.
21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე – შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა.
2015 წელს, როდესაც მინისტერიალი დურბოვნიკში შედგა, საქართველომ სურვილი გამოთქვა 2017 წელს სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრისთვის მას ემასპინძლა. შეხვედრის მნიშვნელობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ჩვენ გავაფართოვეთ ფორმატი და მინისტერიალის შეხვედრა დავუკავშირეთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე – ჩვენი სკანდინავიელი და ბალტიელი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან.
ასეთი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა გამომდინარეობდა ხედვიდან, რომ ერთიანი ევროპა უკეთესად გაუმკლავდება კომპლექსურ და მუდმივად ცვალებად უსაფრთხოების გარემოს. მაშასადამე, მე მინდა მივესალმო თითოეულ სტუმარს, რომელიც შემოგვიერთდება ამ მეტად საინტერესო პლენარულ სესიასა და ჯგუფურ დისკუსიებზე, რომელთა მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების მიმოხილვა.
ნება მომეცით, ამით დავასრულო და სიტყვა გადავცე სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის თავმჯდომარეს, ბატონ ელეფთერიოს ანგელოპოულოსს“.