
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო” გახსნა.
საწარმოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებმა მიიღეს პროფესიული განათლება, დაეუფლნენ ჭრა-კერვასა და ხელსაქმეს, საწარმო აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და სამკერვალო დანადგარებით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი, უკვე მიღებული აქვთ შეკვეთები ეკოლოგიურად სუფთა ჩანთების დასამზადებლად, რომელთა რეალიზებას მოხალისეები უზრუნველყოფენ. პროექტის შედეგად დასაქმდა 10 ადამიანი.
საწარმოს გახსნას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სოფიო კილაძე და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი. ისინი შეხვდნენ პროექტის ინიციატორებსა და საწარმოში დასაქმებულებს და საწარმოს მნიშვნელობასა და მის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს.