
კალენდარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ და საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცთა პორტრეტებს აერთიანებს. პროექტი ორ მნიშვნელოვან თარიღს ეხმიანება – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავს.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღება შეჩერდეს ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ქვეყნის გაძლიერების მისია საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა დააყენეს. 12 ინტერვიუ ომიდან დაბრუნებული, დღეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო პირთა მთავარ სათქმელს აერთიანებს. კალენდარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და ღირსეული ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება. გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად სოციალური რეაბილიტაციისკენ მიიმართება.
პროექტზე მუშაობისას, ჯარისკაცებს ახალი თაობის წარმომადგენლები, GAU-ს მოხალისე სტუდენტები შეხვდნენ, ეზიარნენ ემოციურ ამებებს და მიიღეს რჩევა: „ჯარისკაცს რომ დაინახავთ, გაუღიმეთ, მიესალმეთ და ხელი ჩამოართვით…“
ვფიქრობთ, გულწრფელი ინტერვიუები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფ ადამიანებზე, რომლებსაც ხშირად რთულ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.