
23 ოქტომბერს, 18:30 სთ-ზე, მწერალთა სახლის ციკლის “საუბრები ლიტერატურაზე” ფარგლებში, ხათუნა ცხადაძე პირველ საჯარო ლექციას გამართავს.
“გადავწყვიტეთ, „უკუღმა“ დავიწყოთ: რა ხდება იტალიურ ლიტერატურაში XX საუკუნის 90-ან წლებში? ვინ არიან „კანიბალები“ ან „ლუთერ ბლისეტი“?
რა მოიტანა ახალგაზრდების იმ „ესთეტიკურმა და ინტელექტუალურმა შიმშილმა“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ხშირად ახსენებენ 80-ანი წლების შეფასებისას?
„..ძველი მეთოდები აღარ ვარგა და აღარ კმარა. სწორედ გამოხატვის ფორმაა მთავარი, რადგან თავად შიმშილია არა იმდენად იდეოლოგიური, რამდენადაც ექსპრესიული… ჟანრების გაცამტვერების გზასაყარზე დგება ჟამი, როცა ნულიდან დაწყებაა საჭირო. დადგა დრო, როცა ახალგაზრდებში ყველაზე მეტად სწორედ უმწიფარობა, შეცვლის სურვილი ფასობს.“ – წერდა ამ წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი და „ექსტრემალური იტალიური ჰორორის ანთოლოგიის“ შემდგენელი, დანიელე ბროლი. ხოლო ლიტერატურის კრიტიკოსი ჯულიო ფერონი ამ წლებს “ლიტერატურისშემგომ პერიოდს“ უწოდებს, იმას, რაც “ლიტერატურის აღსასრულის” შემდეგ მოხდა”.
“შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიურ, დისკუსიის ფორმატში და ნაჩვენები იქნება საგანგებოდ შერჩეული თემატური ვიდეომასალაც. დასასწრებად, ვიწვევთ ყველა ასაკისა და პროფესიის მსმენელს: სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც იტალია და იტალიური ლიტერატურა აინტერესებს”.