
გერმანიაში, ქ.ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის სამინისტროთა მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიიღო.
ღონისძიება „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის პარტნიორობის“ ფარგლებში გაიმართა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების წახალისებასა და პარტნიორობის ერთწლიან იუბილეს მიეძღვნა. საქართველო, როგორც პარტნიორობის წევრი ქვეყანა, დანარჩენ 62 მხარესთან ერთად, აღნიშნავს ასეთი პლატფორმის არსებობის დადებით როლს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. შეხვედრას პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამინისტროებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.