სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ დასრულდა

0
505

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი 2017“ დასრულდა.

სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ლევან იზორიამ სამხედროების ფიზიკური მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება, სამხედრო მოსამსახურეთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ ფიზიკურ მომზადებას.

სპორტული თამაშები „გორგასლიანი“ სპორტის ექვს სახეობაში ჩატარდა: ესტაფეტა-სირბილი, შვიდკაცა რაგბი, ლელო ბურთი, საბრძოლო მრავალჭიდი, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით და ჭადრაკი. სახეობათა მიხედვით საპრიზო ადგილებზე გასულ სამხედროებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო გუნდებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი პრიზი მიიღეს.

სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტი გუნდური პირველი ადგილი შეიარაღებული ძალების სპეციალური ძალების ქვედანაყოფმა მოიპოვა. სპორტული თამაშების „გორგასლიანის“ მთავარი პრიზი – გარდამავალი ჯილდო – გორგასლის მუზარადი და ფარ- ხმალი სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის მეთაურს, პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გადასცა.

„გორგასლიანი“ 2011 წლიდან საქართველოს შეირაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ყოველწლიურად ტარდება. სპორტული შეჯიბრი მიზნად სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს. ტურნირი 16 ოქტომბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მიიღეს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here