სისუფთავის სადარაჯოდან დანახული უნივერსიტეტი

0
468

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან ყველაზე ხშირად ორ სახელს გაიგებთ- ქსეროქსების გელა და მეექვსეს მანანა.

ამ უკანასკნელის შესახებ იცის ყველამ, ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა თსუ-ში. მას ყველა იცნობს , ყველა ცნობს ლურჯი წინსაფრითა და საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით. თუმცა ბევრმა არ იცის სისუფთავის სადარაჯოზე მყოფი ამ ქალბატონის რეალური ისტორია.

მანანა გიორგის ასული მანჯავიძე 1958 წლის 20 მაისს დაიბადა სამცხეთ-ჯავახეთში, ქალაქ ვალეში. ბავშვობა მოსიყვარულე ოჯახში გაატარა და ორწლიანი თავდაუზოგავი მცდელობის შემდეგ ყოფილი პუშკინის და ახლანდელი ილიას უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ქალბატონი მანანა საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. წლების განმავლობაში იყო მსუბუქი ათლეტიკით გატაცებული, მუშაობდა ქალაქ ვალეს პედაგოგ-ორგანიზატორად, გახლდათ კომკავშირის საპატიო წევრი და კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე.

ცხოვრებისეულმა სირთულეებმა მარტოხელა დედად აქცია. ქალაქში მარტოდმარტო აღმოჩენილმა კი 1996 წელს თავი შემთხვევით ამოჰყო მეექვსე კორპუსში და მას მერე ზრუნავს იგი სტუდენტებისთვის სუფთა გარემოს შექმნაზე.

-„ დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა და აქ მოვედი. ჩემი ქალიშვილიც აქ სწავლობდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. არავინ იცოდა დედა-შვილი რომ ვიყავით. არცერთს არ გვსურდა ამის გამხელა. თამთა ახლა 31 წლისაა და უკვე მეშვიდე წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. საკმაოდ წარმატებულია და მე მისით სულ ვიამაყებ.“

თუმცა მეექვსე კორპუსამდე და ლურჯწინსაფრიან მანანამდე იყო მებრძოლი პატრიოტი ქალი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში. 9 აპრილის ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა. სამშობლოს გვერდით იყო..საჭირო დროს..საჭირო ფორმით. პირადი სახსრებით შეიძინა ეროვნული გვარდიისთვის ოთხი ავტომატი, ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგესთან ერთად გაუგზავნა იგი აფხაზეთში მებრძოლ ქართველ მეომრებს.

-„ არ მეშინოდა. ძლიერი ვიყავი, ახლაც ვარ. ჩემი შვილის გამო და იმისთვისაც, რომ მას უკეთეს ქვეყანაში ეცხოვრა.“

20 -წლიანი სტაჟის განმავლობაში ქალბატონი მანანა მეექვსე კორპუსის არა მხოლოდ სისუფთავის, არამედ ცვლილებების სადარაჯოზეც იდგა. გულისტკივილით საუბრობს თაობათა რეგრესზე და იმ პრობლემებზეც, რაც დღეს უნივერსიტეტს აწუხებს :

-„მე რომ მოვედი სულ სხვანაირი იყო ეს კორპუსი. ინფრასტრუქტურით ბევრი არაფერი შეცვლილა, იმ წელს გარემონტდა და მას მერე ასეთია. უფრო გარემო შეიცვლა და თვითონ სტუდენტებიც. ადრე აქ ბევრი ღონისძიება ეწყობოდა, სიცოცხლე დუღდა, როგორც იტყვიან.  ჟურნალისტები იყვნენ აქტიურები , მონდომებულები და ყველაფრის ინიციატორები. დღეს სიტუაცია უფრო წყნარია და ეს გულს მტკენს. მე სხვანაირ თაობებს მოვესწარი, სხვანაირ მეექვსელებს ვიცნობდი. „

ქალბატონი მანანა ამის ერთერთ მიზეზად სხვადასხვა ფაკულტეტის გაერთიანებას ასახელებს.

შეკრულ გუნდში მუშაობს. ქალბატონ ელზასთან და ეთერისთან ერთად ინაწილებს საქმეს და ზოგჯერ თავისი პირდაპირობით სტუდენტების უკმაყოფილებასაც იწვევს.

-„შენიშვნას ვაძლევ ხოლმე სტუდენტებს, როცა მათი საქციელი უწესოა და მითითებაა საჭირო. ეს იმიტომ ,რომ ვერ ვეგუები უსამართლობას და მინდა ამ მითითებით  გამოვასწორო ისინი.“

სიყვარულით საუბრობს ქალბატონ მანანაზე მისი კოლეგა, ელზა, რომელიც მეექვსე წელია მეექვსე კორპუსს ასუფთავებს. იგი მას მოსიყვარულე, მოწესრიგებულ და მზრუნველ პიროვნებად ახასიათებს.

დილის რვის ნახევრიდან ოთხამდე გაგრძელებული თავდაუზოგავი შრომა დაუფასებელი რჩება და ქალბატონი მანანაც სხვა მომუშავე პერსონალთან ერთად დაქვითულ ხელფასს 240 ლარის ოდენობით იღებს.

მიუხედავად შვილის საყვედურისა, იგი არ აპირებს უნივერსიტეტის დატოვებას.

-„ დაავადებასავითაა. უნივერსიტეტში რომ შემოხვალ, მერე თავს ვერ აღწევ აქაურობას.“

ზღვის სენივით ყოვლისმომცველი ძალა აჩერებს ქალბატონ მანანას მეექვსე კორპუსში, სადაც ხშირად ფიქრობს მომავალზე. იმ მომავალზე, რომელშიც ქართველი ერი ძველ დიდებასა და სახელს დაიბრუნებს.

ავტორი- ანა ურუშაძე 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here