შენ რას იკვეხი, მამულო, ყანა ამინდის შვილია…

0
529

სტიქია, რამე და დამთავრებულია საქმე…

ყველამ რომ საკუთარი საქმე აკეთოს, სოფელიც აშენდება და ქალაქიც. საქართველოს მიწათმოქმედება წლებს ითვლის, ითვლის ათობით საუკუნეებს და დღემდე ითვლის მოსავალს. “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” – დევიძეების ოჯახში, ბაღდათის რაიონში, ყველაზე მეტი ითესება და იმკება.

23 წლის ოთო დევიძე, სოფელ წითელხევში, დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ამბროსი დევიძისა და ირმა სტეფანოვას ოჯახის მიწის ფართობი აქ ყველა დანარჩენს აღემატება. დიდ მეორნეობაში ამ ოჯახმა, დიდი ხანი არ არის, რაც შეაბიჯა. შვიდი წლის წინ დაიწყეს და ნელ – ნელა წინ და წინ მიდიან. მათი ბაღები, ძირითადად, ახალგაზრდაა, თუმცა – დაბერების დიდი პერსპექტივით.

“ორი კომლი ვართ – მამაჩემის და ჩემი. მეორე მიწა, რომელიც მამაჩემს ჰქონდა, ჩვენ მოგვცა, რომ ჩვენ გვესარგებლა” – ორი კომლის მიწის საერთო ფართობი ორჰექტარ – ნახევარს შეადგენს.

სოფელ წითელხევში 1250 კომლი ცხოვრობს. ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმის შემდეგ, ის ყველაზე მრავალმოსახლიანია. აქ სამუშაო ადგილები არ არის. ყველა ასაკისა და ყველა სქესის შემოსავლის წყარო მიწის დამუშავებაა. მეურნეობა ყველასთვის ეტაპობრივი სეზონური შემოსავალია. ზამთარში მოსახლეობა თავს მოყვანილი პროდუქტის რეალიზებითა და შენახული თანხებით ინახავს.

ოთო დევიძისთვის მიწის დამუშავება უბრალო ამბავი არ არის. განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მონდომებით ის ახალგაზრდა ბაღების სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ოჯახის მიწები 1400 ძირი თხილის ბაღს ითვლის. როგორც ოთო ამბობს, სურს, სანერგე მეურნეობა გააკეთოს, რომ ნერგები აწარმოოს, თუმცა, ამ საქმისთვის, მოსავალს ელოდება, რომ ფინანსურად ხელი შეეწყოს. თხილის ბაღების გარდა, ოთო ქლიავის ჯიშებზეც საუბრობს. გეგმავს, საჩირე გააკეთოს და ჩირი აწარმოოს. ოჯახს ცალკე აქვს 300 ძირი შავი ქლიავის ბაღი.

ოჯახს ორ ჰექტრამდე თხილი აქვს, რაც, ჯამში, 1400 ბუდნას გულისხმობს. შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონურია – იწყება გაზაფხულზე მარწყვით, რაც დევიძეებში ტონა-ნახევრამდე იკრიფება. მარწყვის შემდეგ ოჯახს ბლის იმედი აქვს. აქვთ 50 ძირი “კვერნაძის ბალი”. ბალს ქლიავი მოჰყვება, ქლიავს თხილი და ა.შ. 40/100 ფართობზე გაკეთებული ტალავერი საადრეო ჯიშებია. ყურძნის ნაწილი მათ ბაზარზე გააქვთ გასაყიდად, მეორე ნაწილით კი  ღვინოს სახლისთვის ამზადებენ. პროდუქტი საკუთარი ტექნიკით გააქვთ ბაზარზე, თხილს ვაჭარს აბარებენ, დანარჩენი ან ვაჭარს მიაქვს, ან დევიძეები თვითონ ყიდიან ადგილობრივ ბაზარზე. პარასკევობითა და შაბათობით, ბაღდათის რაიონში, ბაზრობის დღეებია. მოსავლის ნაწილს ისინი სწორედ იქ ყიდიან.

ოჯახს ფუტკრების ათი ოჯახიც აქვს. მათ სამომავლო გეგმებში ამ საქმის გაფართოვებაც შედის.

“ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ, პატარა, მიწის პრობლემებია სოფელში” – წითელხევში, ძირითადად, წითელი მიწებია. როგორც გამოიკვლიეს, ნიადაგი აქ კალიუმს შეიცავს. დევიძეებმა აქაური მიწა გეოლოგებს ანახვეს და გამოაკვლევინეს, თუ რა სახის მინერალები და რა სახის სასუქი უნდა მიეწოდებინათ მისთვის, რომ მიწა უფრო მეტად ნაყოფიერი გამხდარიყო. ოჯახი მიწის სიძლიერისთვის შესაბამის სპეციფიკურ მინარევებს იყენებს, სასუქს კი გამოკვლევის მიხედვით აძლევს. საერთოდ, აქ მიწა ძალიან სარგებლიანი არ არის. ჯერჯერობით, სოფლის მიწების 30 % – იც კი არ არის დასაქმებული. მიწების სიმცირეს მოსახლეობა არ უჩივის, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი კერძო მესაკუთრეობაშია, ხალხს საშუალება არ აქვს.

ამბროსი დევიძე ფინანსებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს. ხალხი ვერაფერს აკეთებს სოფელშიო, აღნიშნავს. თვითონ, 4-5 წლის მანძილზე, რუსეთში დადიოდა და იქედან აგზავნიდა თანხებს მეურნეობისთვის. ოჯახს თითქმის ყველანაირი ჯიშის ხე აქვს, თუმცა ყველაფრის რეალიზებას არ ახდენს.

ოჯახი მიწების მორწყვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც საუბრობს. სოფელს წყალი სისტემურად მიეწოდება, თუმცა სარწყავი სისტემებით ვერ დაიკვეხნის. “შლანგებით” გაზომვა და მორწყვა კი დიდ სირთულეებს უკავშირდება. სარწყავი სისტემის უქონლობის გამო, დევიძეებმა მიწაში საკუთარი ხელებით გაიყვანეს არხები და მოსავალს ასე რწყავენ. თუმცა, მოსავლის გარკვეული ნაწილი მაინც უფუჭდება ხოლმე.

ყველაზე დიდი მიწის მფლობელ ოჯახს სამეურნეო გეგმებიც დიდი აქვს – ის მეწარმედ დარეგისტრირებას გეგმავს, რათა სანერგე და საკონსერვე მეურნეობას მიჰყოს ხელი. სურს, ასევე, ვარდის ჯიშების გამოყვანა და გაყიდვა. თუმცა, ამ მხრივ, ჯერ მხოლოდ სწავლების ეტაპზე არიან, თუ როგორ შეიძლება სათბურში ვარდის გამოყვანა და მოვლა. როცა ვარდებს გამოიყვანენ, ამის შემდეგ გამსაღებლებისა და ჩაბარების პუნქტების მოძებნასაც დაიწყებენ. ვარდების გამოყვანის განსაკუთრებით დევიძეების ოჯახის ყველაზე პატარა წევრია დაინტერესებული. ოთო ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით უდგება. მას ის მეგობრებთან ერთად გეგმავს.

“ვეხმარებით სამეზობლო ერთმანეთს და ვართ”…

მარი ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here