[:ge]„ფისტა ჩვენს ოჯახში“- ძვირადღირებული კაკლის ნერგები უფასოდ![:]

0
1084

[:ge]

,,ფისტა ჩვენს ოჯახში” – „საქართველოს ფისტას ასოციაციამ“ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ფისტას ნერგებს ასოციაცია უსასყიდლოდ გასცემს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, ასოციაციის წევრები გახდნენ და, საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად, ფისტას სამი ნერგი მიიღონ.

,,საქართველოს ფისტის ასოციაცია” 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.


ფისტა ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხარობს და იძლევა ნაყოფს. თუმცა, პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში. პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით, 7-10 წლის ასაკში გამოაქვს ფისტას, სრულ მოსავლიანობას, დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე, საშუალოდ, 25-35 კგ–ს შეადგენს. ფისტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 წლის ასაკშიც იძლევა მოსავალს.

„ფისტას ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და, მცენარის მისაღებად, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული
„ასოციაციის აკადემიური საბჭო დააკვირდება კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს, რეალურად გავარკვიოთ, რა ტერიტორიებია ვარგისი ფისტას კულტურისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის გავრცელებასა და მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას,”– აღნიშნავენ ,,საქართველოს ფისტის ასოციაციაში”.


ფისტას ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ამ პროდუქტის აღორძინება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფისტა ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება, საერთაშორისო ბაზარზე, დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის, თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი აქვს.

„ფისტის წარმოებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ეს კულტურა საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. საქართველოში კი ამგვარი ტერიტორიები მრავლადაა. ამავდროულად, ფისტას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.“

მათივე ინფორმაციით, ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც, სხვადასხვა ქვეყნაში, მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

„ფისტა ჩვენს ოჯახში“ სულ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და პროექტში უკვე 4500 მეტი მსურველია დარეგისტრირებული. როგორც „ფისტას ასოციციაში“ ამბობენ, ამ დროის მანძილზე, გაცემულია 1500 ნერგი საქართველოს 70 მუნიციპალიტეტში და, მომავალში, კიდევ 10 000 ნერგის უფასოდ გადაცემა იგეგმება.

მარიამ ლეკიაშვილი

[:]

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here