Home სხვადასხვა დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე

დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე

დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე

  სოსო გეწაძე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც. რამდენიმე წელია, დატოვა თბილისი და მშობლიურ ამბროლაურში დაიწყო ცხოვრება. მისი სოფლის, უწერის სკოლაში დღეს 300-400 ბავშვიდან მხოლოდ 25-ია დარჩენილი. სოფელი დაცლის და გაუკაცრიელების ზღვარზე იმყოფება. სოსომ ახალგაზრდების მოსაზიდად მაღალმთიან რაჭაში მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა და მათ მუსიკალური განათლების მიღებაში ეხმარება.
ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქალაქის მაცხოვერებeლი მთაში იწყებს ცხოვრებას. უფრო ხშირად კი პირიქით ხდება – ადამიანები ტოვებენ მთას და „ბარად იდებენ ბინას“.

რაჭა, დემოგრაფიული კუთხით, რეალურად, საფრთხის წინაშე დგას. მარტო ონის რაიონში 11 სოფელია, რომელშიც, არც ზაფხულში და არც ზამთარში, არავინ ცხოვრობს. იგივე ბედი ელის იმ სოფლებსაც, სადაც, მხოლოდ, მოხუცები არიან დარჩენილი. ექსპერტების შეფასებით, პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, რაჭა, 15 წელიწადში, აღარ იარსებებს.
დაცარიელებული სოფლების სიმრავლით რაჭას ტოლს არც საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონები უდებს. მათ შორისაა, თუშეთი და ხევსურეთი.

მთა დედამიწის მხოლოდ შემაღლებული ნაწილი არაა. ის, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, იქცევდა ადამიანის ყურადღებას. პირველი ნასახლარებიც ხომ სწორედ მთაში გაჩნდა. და მიიწევდა ადამიანი მთისკენ..
თუმცა, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, სხვა მრავალის მსგავსად, ეს პროცესიც გაუკუღმართებულია. პირიქით, ხდება მიგრაციაც და შრომითი ძალების გადანაწილებაც. 1:0 ბარის სასარგებლოდ. მრავალჭირნალხულსა და ოდითგან ჩვენს მყარ ზღუდედ ქცეულ მთას კი მხოლოდ დაცარიელებული სოფლებიღა რჩება უწინდელი დიდების მოსაგონებლად.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. 2015 წლისთვის დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. რამდენად საგანგაშოა ეს რიცხვი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ საქართველოში 3668 სოფელია, მაშინ 200 ცოტა ნამდვილად არ უნდა იყოს.

მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა განსახილველად მთის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შეჩერებას და იქ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ე.წ მთის კანონის მიხედვით იგეგმებოდა, ასევე, სოციალური დახმარების საკითხის გადახედვაც, ადგილზე დასაქმებული პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სახელფასო დანამატის გაზრდაც. პროექტი დღემდე განიხილება და, მთის სამინისტროსი არ იყოს, ( რომლის არსებობაც დღემდე იდეის დონეზეა) მზის შუქს ელოდება.
ეს კანონპროექტი, თავისი არსითა და პირობებით, მისაღებია 19 წლის შოთი წიკლაურისათვის, რომელიც, წარმოშობით, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბახანიდააა. ამჟამად, ეს სოფელი მთლიანად დაცარიელებულია და აქ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, აღარ ცხოვრობს.

-„ჩემი სოფლიდან მიგრაცია მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მთას ძალიან გაუჭირდა, არ იყო საკვები, გზა, სხვა საცხოვრებელი პირობები. და ვაჟა ფშაველამ მოუწოდა ხალხს ბარად გადასახლებისაკენ . ასე აღმოჩნდა გუდამაყრის მოსახლეობის ნაწილი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ჩემი წინაპრები შირაქის ველზე დასახლდნენ. აქ მათ იჯარით გადმოეცათ მიწები დასამუშავებლად. მოსახლეობა სამ სოფელში დასახლდა: ზემო ქედაში, არხილისკალოსა და ქვემო ქედაში. ჩვენი სოფელი ხრიოკი იყო, არაფერი ხარობდა და გასაკვირიც არაა, რომ მოსახლეობამ დატოვა მთა. თუმცა, ჩემი სოფლიდან ყველა არ წამოსულა. ზოგი საცხოვრებლად ზემოდან ქვემო ბახანში გადმოვიდა. ჩემი ბიძაშვილები დღემდე იქ ცხოვრობენ. თუმცა, ეს სოფელიც იცლება, რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი. ზამთრობით განსაკუთრებით იცლება მთის სოფლები. ცივი ზამთარი იცის ჩვენთან. მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა რჩება”.

შოთი უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებთ, რომ დაცარიელებულ მთის სოფლებს მეზობელი უცხტომელები იკავებენ.
-„ისინი საძოვრებზე ჩამოდიან ისევე, როგორც ქართველები გადადიან მათ მიწაზე. ეს ყველაფერი შეთანხმებითაა. ახლა ჩვენკენ ძირითადი მეცხვარეები აზერები არიან და ისინი იყენებენ მთის საძოვრებს. მე ცხვირს ძოვებაში საფრთხეს ვერ ვხედავ.“
შოთის ბევრჯერ უფიქრია, თუ რა შეუწყობს ხელს მთაში ადამიანის დაბრუნებას. მისი აზრით, ამ კუთხით, აუცილებელია მთის განვითარება, ტურისტული ზონების მშენებლობა მთაში.

-„არ შეიძლება მთის დაკარგვა. გადავხედოთ ისტორიას, ბარისთვის მთა ყოველთვის იყო იმედი და არ მინდა, ეს იმედი ჩაიფერფლოს!“-აცხადებს 19 წლის მთიელი მთიელისთვის შესაფერისი აქცენტითა და ტონით.
მთის გავითარების და მეტი ხელშეწყობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას 26 წლის ჯარჯი ბაშინურძე. იგი, წარმოშობით, თუშეთიდან, სოფელ კოკლათიდანაა. სოფელი, დღესდღეობით, მთლიანად დაცარიელებულია და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადის რამდენიმე ოჯახი. ჯარჯის თქმით, მის სოფელსა და თუშეთში მიგრაციული პროცესები მეოცე საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა, როდესაც მოსახლეობა ბარში არსებულმა პირობებმა დააინტერესა და მიიზიდა.

-„არ იყო ჩვენთან გზა, ინფრასტრუქტურა, კავშირი ცივილიზაციასთან, ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდებს. გზა კეთდება ნელი ტემპით. მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტია. ეს კარგია, სამუშაო ადგილებიც ჩნდება და უგზოობის პრობლემაც მოგვარდება. თუმცა ზამთრობით აქ ცხოვრება მაინც შეუძლებელია. დიდი თოვლი იცის ჩვენთან. ბუნება არ გვაძლევს თითქოს აქ ცხოვრების საშუალებას. თუმცა, მთიელი მთის ერთგულია და სულ მცირე ხელშეწყობაც რომ იყოს, აქაურობას არცერთ შემთხვევაში არ დატოვებს. ტურისტული ზონის გამრავალფეროვნებაა აუცილებელი. ამ კუთხით გეგმები მაქვს, “კარვების ქალაქის“ პროექტის წარდგენას და განხორციელებას ვაპირებ.“

ბუნება რომ მბრძანებელია, ამაში, 90-იანი წლების ბოლოს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლებაც დარწმუნდა. გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად აქცია და მშობლიურ კერას მოსწყვიტა. შედეგი აქაც სავალალოა. ხულოს რაიონში უმეტესი სოფლები სრულად დაცლილი და გაუკაცრიელებულია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ახალ სასწავლო წელს ხულოს ცხრა სკოლა პირველკლასელების გარეშე შეხვდა. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში, პირველკლასელთა რაოდენობა თითქმის 53% -ითაა შემცირებული.
40 წლის ნანა შაინიძე ეკომიგრატი 90-იანი წლების დასაწყისში გახდა. დღეს იგი ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად.
-„წარმოშობით ხულოს რაიონის სოფელ რაფთადან ვარ. ჩვენს სოფელში ხშირი იყო მეწყერი, 4-ჯერ გაგვტაცა მდინარემ ხიდი. არ იყო გზა, გასართობი ახალგაზრდებისთვის და, ბუნებრივია, სოფელიც დაიცალა. გაუკაცრიელდა ჩემი უბანი, რომელსაც “პურის ყანას” ვეძახდით. საფრთხე მეზობელი თურქეთიდან შეფარვითი ფორმებით იჩენს თავს. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, რომ ხიხანის ციხესთან, რომელიც თამარ მეფის დროს აშენდა, თურქები მავთულხლართებიდან ჭრიდნენ ცელით ბალახს. საჭიროა ამაზე ყურადღების მიქცევაც, ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებების შექმნა და მთიელებიც თავისი ნებით აღარ დატოვებენ საცხოვრებლებს, რადგან ყველა მთიელი ერთი განუკურნებელი „სენით“ ვართ შეპყრობილნი- მთის სიყვარულით.“

2015 -17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაში ნათქვამია, რომ შიდა მიგრაციის შესახებ სისტემური მონაცემები არ არსებობს.ეს ცალკე პრობლემაა. საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ სერიოზული პრობლემით დაინტერესება და მისი კვლევა-ძიება -ანალიზი?! ბოლო შეფასების თანახმად, 15 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოსახლეობის 66%-მა საცხოვრებელი შეიცვალა ქვეყნიდან გაუსვლელად, აქედან, 11 % ბოლო 5 წელზე მოდის. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური 1992-2002 წლებში იყო.
რაც შეეხება ტრანსპორტს, პროგრამაში, ასევე, მითითებულია, რომ ტრანსპორტის ნაკლებობა და ცუდი გზები ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით – მაღალმთიან რეგიონებში.

ასევე, პროგრამის მონაცემებით ირკვევა, რომ ფიჭური ტელეკომუიკაციების ( მობილური, ინტერნეტი, ტელევიზია) გავრცელების კუთხითაც ხშირი პრობლემები იქმნება მთაში. ამას აჩვენებს ისიც, რომ, თუ სატელეფონო სიმკვრივემ და გავრცელების არეალმა ქალაქ ბათუმში 93,6 % შეადგინა, ზემო სვანეთში და რაჭა ლეჩხუმში მათი რაოდენობა 2, 9 %-ს უტოლდება.
ანგარიშის მიხედვით, მთის რთული ტოპოგრაფია და სპეციფიკური პირობები იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს ( მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა), რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ინფრასტრუქტურაზე.

გამოიკვეთა ძირითადი მიზეზები-არა წყალი, არა დენი, არა გზა და, შესაბამისად, აღარც ადამიანი!
შიდა მიგრაციის გააქტიურებასა და ამის გამომწვევ მიზეზებზე თსუ-ის პროფესორი, ს აზ .გეოგრაფიის ლექტორი , ბატონი გიორგი კვინიკაძე საუბრობს.

-„ მიგრაცია ერთი ფაქტორით კი არა , ფაქტორთა ერთობლიობითაა განპირობებული. 90-იანების ბოლოს, ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ეკონომიკა, ამას თან დაერთო მწვავე კონფლიქტი რეგიონში და პროცესებიც გართულდა. ამან ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. ( სტაგნაცია-შეფერხება, შენელება, ეკონომიკაში იგულისხმება ვაჭრობის და წარმოების შეჩერება.) მთასა და ბარში ცხოვრების დონეებს შორის გაჩნდა სხვაობა. რამაც გააქტიურა ურბანიზაცია-მოსახლეობის ქალაქებში გადასახლება. სამუშაო ძალები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქალაქებში არათანაბრად გადანაწილდა და მთელმა ძალამ თბილისში მოიყარა თავი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. დემოგრაფიულად მკვებავ მხარეებში – აჭარასა და სვანეთში ეკონომიკური და ბუნებრივი ძვრები მოხდა. გაჩდნენ ეკომიგრანტები. ცალკე გამოსაყოფია ის საკითხიც, რომ, რეალურად, ჩვენს ქვეყანას გამაგრებული და დაცული საზღვარი არ აქვს. საბჭოთა კავშირში არ მომხდარა ჩვენი საზღვრების დემარკაცია და მას შემდეგ დაუცველია საქართველოს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვარი. გლობალიზაციის პროცესში არ რჩება ცარიელი ადგილი. ამიტომაც რეალურად მივიჩნევ საფრთხეს, რომ დაცარიელებულ მთის სოფლებს უცხოტომელები დაიკავებენ, თან ამის პრაქტიკა ისტორიაში გვაქვს. „

პრობლემის გადაჭრის გზად ბატონ გიორგის ესახება მთაში გავრცელებული სახეობის- მეცხოველეობის განვითარება, ასევე – მთისთვის ტურისტული ფუქციის სრულად მინიჭება და ათვისება.
„მთის სამინისტროს შექმნას, სჯობს, კარგად გაერკვნენ თავად ტერმინ მთის მნიშვნელობაში. მთის სიმაღლე ხომ ზღვის დონიდან არ იზომება და მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად შეიძლება მთის დახრილობა, მისი ეკონომიკური ფუნქცია და სარგებლიანობა მივიჩნიოთ. ჯერ ამის ცოდნაა საჭირო და მერე თუნდაც სამინისტროს მთის ეწოდოს, თუნდაც ყინულის და თუნდაც მწვერვალის.’
საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით , 2016 წლის სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 192 ლარამდე გაეზრდებათ. საპენსიო თანხის 20 % -ით მატება მხოლოდ მთაში მცხოვრებთ შეეხებათ. პრემიერმინისტრის განცხადებით, ამით ხელი შეეწყობა მთაში მიგრაციის პროცესის შენელებასა და მოსახლეობის დაბრუნებას მშობლიურ სოფლებში.

სამომავლო დაპირებები მიგრაციული პროცესების პირდაპირპროპორციულად აქტიურდება. პარალელურად კი იზრდება ბარად ჩამოსახლებულთა რიცხვი. ზოგი ბუნებამ აიძულა, მშობლიური მთა დაეტოვებინა, ზოგი- ცივილიზაციის არარსებობამ. საჭიროება ყველა შემთხვევაში ერთია- მეტი ყურადღება დაეთმოს ამ რეალურად სერიოზულ და მასშტაბურ პრობლემას და ყველა დაპირება, მთის სამინისტროსი არ იყოს, საპნის ბუშტად არ იქცეს.
მანამდე კი სანამ მთიელი პენსიონერი 20% იანი ნამატის “ძალას“ შეიგრძნობს საპენსიო თანხაზე, მთიდან ამოწვერლი მზე მხოლოდ ერთეულებს გაათბობს. აწ უკვე ერთეულებს. მზესთან ასე ახლოს ხომ სოფლად უკვე ცოტანიღა შემორჩნენ…

ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here