
ერთი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის თანახმად, სოფლის შენებას მხოლოდ კარგად სიმღერის თქმა უნდა… სოფელი, პირველი და მეორე ხმის შენაცვლებით, თავისით აშენდება, ხოლო გლეხი, აკორდის ქვედა ბგერების შეწყობით, სარჩო-საბადებელს თავისით იშოვის. თუმცა, ის რეალობა, რომელშიც დღეს დუშეთის მოსახლეობას უწვეს ცხოვრება, ვერ გიქმნის სიმღერის განწყობას.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველა მთავრობისთვის მნიშვნელოვან დისკურს წარმოადგენდა. განსაკუთრებული აქტუალობა კი 2015 წლის 31 ივლისს შეიძინა, როცა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი დამტკიცდა. ხსენებული კანონის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათების დაწესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს მიგრირებული მოსახლეობის მთაში დაბრუნებას. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტი მოსწრებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის 57.4% ქალაქად ცხოვრობს, ხოლო სოფლად – 42.6%.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ნასოფლარი სწორედ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტშია; აქედან დუშეთში 40 უკვე „ყოფილი“ სოფელია. მიგრაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და საარსებო პირობების გაუარესებამ ადგილობრივ მოსახლეს სხვა გზა არ დაუტოვა… მიატოვა მთა და ბარში დაიწყო სარჩო-საბადებელის ძიება.
დუშეთში განხორციელებული პროექტები
დუშეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 1390 კვ.კმ უკავია. წამყვან დარგს, ოდითგნავე, სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქალაქ დუშეთში სწორედ მესაქონლეობაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეურნეობა. თუმცა, „მცხეთა-მთიანეთის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“-ში ვკითხულობთ, რომ: „საქონელი დაბალპროდუქტიულია. ამის ძირითადი მიზეზებია სანაშენე ფერმების არარსებობა, საკვები ბაზის არასათანადო დონე და ჩვენი მოსახლეობის დაბალი მატერიალური შესაძლებლობა. საჭიროა მაღალრენტაბელური, მათ შორის, ალპურ პირობებთან შეგუებული ჯიშების შემოყვანა-გამრავლება“.
აღსანიშნავია, რომ, ამ მხრივ, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2015 წელს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ხელშეწყობით, ქალაქ დუშეთში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული მეცხოველეობის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი გაიხსნა. სწორედ აქ დანერგილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმერს საშუალება მიეცა, შეარჩიოს პირუტყვის სქესი და ჯიში.
სპეციალისტების თქმით, დანერგილი ტექნოლოგიები მსხვილფეხა საქონელს უფრო პროდუქტიულს ხდის. „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასანაყოფიერებლად ჩვენ ვიყენებთ ჯერსის ჯიშს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და შესაბამისმა სამსახურებმმა ერთობლივად მივიღეთ. ამაზე ყურადღება შევაჩერეთ იმიტომ, რომ მეტი ცხიმიანობა აქვს და უფრო მეტად გამძლეა. ჩვეულებრივ ძროხას თუ აქვს 3.5% ცხიმიანობა, ამას – 7.5%-მდე აქვს“ – ამბობს პროექტის კოორდინატორი, გია ლაგაზაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წელიწადზე მეტია, რაც დაინერგა ქალაქში, დუშეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილი, რომელსაც მსხვილფეხა საქონელი ჰყავს, არ იცნობს ამ სიახლეს. გია ლაგაზაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფისის ადგილმდებარეობა შეიცვალეს, მომართვიანობაც გაიზარდა. „დღე არ გავა, რომ მოქალაქემ არ დარეკოს. აქტიურობენ და ინტერესსაც გამოხატავენ, რადგან უკვე შედეგები გვაქვს. ამ საქმეში მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელიც ძალიან მეხმარება. ახალი ტენდერი იგეგმება, რისთვისაც 5 000 ლარამდეა თანხა გამოყოფილი. ამის შემდეგ, გლეხი მომსახურებაში გადაიხდის მხოლოდ ათ ლარს, მუნიციპალიტეტი კი ჩაურიცხავს 40 ლარს. ქვითრის წარდგენის შემდეგ, ჩვენ გავალთ ადგილზე და საქონელს ხელოვნური განაყოფიერებას ჩაუტარდებთ“ ამბობს გია ლაგაზაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილს ( 2015-2020 წლებში ) წარმოადგენს „ცხოველთა ჯნმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.“ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მსგავსი სისტემა უნდა მოქმედებდეს არაწევრ ქვეყანაშიც, რომელსაც სურვილი აქვს, ივაჭროს ევროკავშირთან ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. ეს მოთხოვნა საქართველოზეც ვრცელდება, როგორც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმომწერთან (DCFTA). საბოლოოდ, ამ პროექტის მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია. თავისთავად, ეს, პირველ ყოვლისა, მომხმარებლისა და, ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მოთხოვნების დაკმაყოფილება როგორც ინფორმირებულ მესაქონლეს, ისე ტექნიკურ ბაზას მოითხოვს.
ამ მხრივ, დუშეთი წინ მიიწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტორს ლაბორატორია 2015 წელს, ა.შ.შ – ის თავდაცვის საფრთხის შეცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიხსნა. ლაბორატორიის ბაზაზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება, რაც ხელს უწყობს როგორც საქონელში დაავადების სწრაფ იდენტიფიცირებას, ასევე – დაავადებების პრევენციას. ლაბორატორიით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს. ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც სისხლის ანალიზს მოიცავს, 3.50 თეთრი ჯდება, რაც გლეხისთვის სავსებით მისაღები ფასი უნდა იყოს. ლაბორატორიის უფროსის, გიორგი ჩქარეულის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მუშაობს ორ დაავადებაზე (საქონელში) – ესენია ბრუცელოზი (დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის) და ჯილეხი (ციმბირის წყლული). დიაგნოზის დასმა შესაძლებელია როგორც რძის, ასევე – სისხლის ნიმუშითაც.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია კოორდინირებულად მუშაობს სურსათის ეროვნული სამინისტროს რეგიონულ სამმართველოსთან, რაც პოზიტიურად აისახება მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე. „ჩვენთან შემოდის ნიმუშები, რის შემდეგაც ვსვავთ დიაგნოზს. იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინეთ დაავადება, ვაცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რის შემდეგაც ისინი რეაგირებას მოახდენენ“ – ამბობს გიორგი ჩქარეული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონური სამმართველოს ინსპექტორი, ნოდარ წიკლაური, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის“ ფარგლებში, 2015 წელს, ბრუცელოზზე 5311 სისხლის სინჯი აიღეს, რომლის ხარჯებიც სახელმწიფომ დაფარა. „დღეისათვის, ჩვენ შემდეგ დაავადებებზე ვმუშაობთ: თურქული, ჯილეხი, ცოფი და ბრუცელოზის ვაქცინაცია. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვაქცინას, ვეტერინარის მომსახურებას და ეკიპირებას სრულად ანაზღაურებს” – ამბობს ნოდარ წიკლაური.
სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები
განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად სიღარიბის დაძლევას და, ამავდროულად, გლეხს ხელს შეუწყობს, საკუთარ მიწა-წყალზე დააგროვოს დოვლათი, ეს, თავისთავად, მისასალმებელია. თუმცა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ამ დარგის განვითარების პროცესს აფერხებს. ამ პრობლემებზე საუბრობს დუშეთის ფერმერთა კლუბის წევრი, ბელა წვერაძე: „ქმარი მეფუტკრე იყო, თუმცა, მისი გარდცვალების შემდეგ, ეს სკები მე დამრჩა მოსავლელად. გადავწყვიტე, ამ საქმისთვის უფრო ორგანიზებული ხასიათი მიმეცა. თუმცა, ეს ვერ მოვახერხე, რადგან არ ვიცოდი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპი. თბილისმა ეს კი კარგად აითვისა, თუმცა ადგილობრივებმა ეს პროცედურები არ იციან: პროექტების დაწერა, დონორების მოძიება.. თავიდან ისე იყო, რომ ეს ორგანიზაციები სახელმწიფო სტრუქტურები ეგონათ“.
იმისთვის, რომ პრობლემის სრული სურათი დავინახოთ, ქალბატონი ბელას მაგალითიც საკმარისია. უკანაფშავი, სადაც მისი სკებია განთავსებული, მდებარეობს დუშეთიდან 75 კილომეტრში. ზოგადად, დიდთოვლობა საქართველოს თითქმის არცერთ რეგიონში არ უხარიათ, თუმცა აქაურებისთვის ეს მოვლენა განსაკუთრებული წინააღმდეგობის მომტანია. ქალბატონი ბელა, მსგავსად მისი სოფლის ოთხადოთხი მკვიდრისა, დაზამთრებამდე დუშეთში ჩამოდის, რადგან სოფელი, ცუდი ინფრასტრუქტურული პირობების გამო, გარე სამყაროს წყდება. დიახ, დიდთოვლობის პერიოდში (რომელიც ყოველ წელს სტუმრობს მთიანეთის სოფლებს), ეს ადგილი უკაცრიელი ხდება. იქ არ არსებობს კავშირგაბმულობის სისტემა, შესაბამისად, რომ გაგიჭირდეს, ცივილურ სამყაროსთან კავშირზე ვერ გამოხვალ. თუმცა, ეს მონოლოგი კიდევ უფრო შორს წაგიყვანს…
„დედაქალაქი მოწყდა სოფელს, სოფელი წავიდა დედაქალაქში და იქ დაიწყო შემოსავლის ძიება. აქ ვინც დარჩა, როგორც გითხარით, არ ფლობს ინფორმაციას ახალი პროექტების შესახებ. წევრიანდებიან ასეთ ორგანიზაციებში იმიტომ, რომ ფული სჭირდებათ – თანადაფინანსება. ასე გვესმის ჩვენ ადგილობრივებს, სოფლებში მაცხოვრებლებს“ – აღნიშნავს ქალბატონო ბელა. თავად ფერმერთა კლუბი, რომლის წევრი და ხელმძღვანელის მოადგილეც ის თავადაა, დახმარებას უწევს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ფერმერებად სურთ ჩამოყალიბება. თუმცა, დაფინანსების არქონის გამო, ამ ეტაპზე, ოფისის დაქირავებას ვერ ახერხებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ის საუბრობს, არის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა. „ფული კი იხარჯება, მაგრამ შედეგი არ ჩანს. პლუს ამას, ინფრასტრუქტურის არქონა ბევრად ართულებს საქმეს. ახლაც ქვის ხანის დროინდელი მუშაობა მიდის სოფლებში, ისევ ხელით გვიწევს მუშაობა. მაგალითად, ფშავში ჯერ კიდევ კარგად გამოიყენება გუთანი. ფინანსური დხმარება კი მხოლოდ ტრენინგების ჩატარებით შემოიფარგლება, რაც ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს“.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“-ში ვკითხულობთ, რომ რეგიონის ერთ-ერთ სუსტ მხარეს „ფერმერების ნაკლები ინფორმირებულობა ტექნოლოგიებისა და ბაზრების შესახებ და კვალიფიციური კადრების სიმცირე“ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მხრივ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდი ინტერესი სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი, უკვე დადებითი ნიშანია.
ვიკა შაუთიძე