Home რეპორტაჟი გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს

გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს

გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს

უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონებიანო ნათქვამია, ეშმაკების არვიცი რა, მაგრამ ზურმუხტისფერ სოფელს ~პატრონი~ რომ თავს არ ევლება ადვილი მისახვედრია.

ოზურგეთიდან არცისე შორს არსებობს ერთი არცთუ პატარა სოფელი ზღაპრულად ლამაზი, მაგრამ რეალური და სევდიანი, მიტოვებული, ეს კონჭკათის ძველი, მრავალჭირნახული სოფელია. მდ.სუფსას ხეობაში ჩაბუდებულა და ძალიან დიდი ხანია თავისთვის არსებობს, ახლა კი უჭირს, ხმაამოუღებლად უჭირს და ჩუმად ებრძვის ~ცეცხლსა და ურაგანს~.

გურული სოფელი უხვი სიმწვანით, დიდი, ლამაზი ეზოებით და ამ ყველაფრისთვის შეუფერებელი მიტოვებული, გამოკეტილი სახლებით, თითქოს ერთნაირად აუღიათ ხელი კონჭკათელებს საკუთარი ეზოებისთვის, ამიტომაც ვახსენე უპატრონო ტაძარი, სოფლის ~ეშმაკი~კი უგზოობა, უწყლობა, უხალხობაა…

ძალიან თამამი უნდა იყო მამულიშვილი, რომ მეორე მამულიშვილს იქ მოსთხოვო ცხოვრება, სადაც შიდა გზები აბსოლუტურად გაუმართავია, სადაც წყალი ნახევარ სოფელს არ მიეწოდება, სადაც ბავშვებს სათამაშო მოედანი არ აქვთ, არ არის სპორტული წრეები, სადაც სკოლის გარდა არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება და აქტივობები არ არსებობს, სადაც ხალხი მცენარეულ კულტურას ვერ თესავს უფულობის და საწვავის სიძვირის გამო, სადაც სოციალურად დაუცველ ოთარის ორი შვილი თურქეთში ყავს სამუშაოდ, დიახ, საკმაოდ თამამი უნდა იყო!

ბატონი ოთარისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური დახმარება და თხილის ჩაბარებიდან მიღებული მცირედი თანხაა. “ახლახანს გავიკეთე ოპერაცია, კი ვისარგებლე საყოველთაო ჯანდაცვით, თუმცა ოპერაციის შემდეგ ბევრი წამალი დამინიშნეს და თანხა არ მყოფნის შესაძენად. ყველაზე მეტად სწორედ მკურნალობაზე არ მყოფნის ფული,” ამბობს ოთარი ჩვენთან საუბრისას.

სოფელში 530 კომლია რეგისტრირებული, აქედან 420 ფაქტობრივი მოსახლეა. სოფლის მეურნეობა სწორედ ის დარგია, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ფშავია ჟერლო კონჭკათის მკვიდრია. თხილი მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, თუმცა მისი მოვლა უჭირს, რადგან შეწამვლა საკმაოდ ძვირი უჯდება.  ფშავია ბაბუ გულისტკივილით გვიყვება ადგილობრივი ახალგაზრდების გასაჭირზეც. დარწმუნებულია, რომ მიგრაციის დონემ საგრძნობლად იმატა სოფელში, რადგან მათთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. “რამდენია იცით თურქეთში გადასული? ნახევარი საქართველო იქაა, მგონი… სეზონი უკვე მალე იხსნება და შესაბამისად, აქ ვერცერთ ახალგაზრდას ვერ ნახავთ. თურქეთში მთელი დღე, წვიმასა თუ ქარში, ბრიზენტში ჩაცმულები მუშაობენ, წვალობენ… დავარდა ახალგაზრდობა.“

გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ მალე გზების პრობლემა მთლიანად მოგვარდება. “სოფლის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საკმაოდ დიდი სოფელია კონჭკათი და შესაბამისად, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გამოყოფილი თანხები კი იხარჯებოდა სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობაზე, დაახლოებით 80% თანხებისა სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯა.” თავისთავად, სოფლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო სწორედ მეურნეობიდან მიღებული შემოსავალია.

მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური სამსახური უფასოდ შეუწამლავს მოსახლეობას თხილის პლანტაციებს, პრინციპში დღესდღეისობით ეს ერთადერთი პროექტია სოფლის მეურნეობაში.

კონჭკათიდან ახალგაზრდები გარბიან, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ქალბატონი ვენერას ვაჟებიც თურქეთში არიან სამუშაოდ წასულები, სოფელში პირობების არქონის გამო ყველა შრომისუნარიანმა ადამიანმა ფაქტობრივად დატოვა სოფელი და ახლა მწვანე სოფელში დაკოჟრილი, ბებრი ხელები ებრძვიან მარტოსულობას და ბუნებას.

ოთარი ბაბუაც საკუთარი ძალებით, შვილების გარეშე უვლის საკუთარ ეზოსა და სახლს, წუხს და განიცდის მოხუცი, რომ ცარიელ, ვერან გზებზე მარტო უწევს სიარული.

სოფელში ერთადერთი სკოლაა, ამჟამად 120 მოსწავლეღა სწავლობს, თუმცა 15 -20 წლის წინ ეს რიცხვი 400 აღწევდა. არაფერია იმაზე დამთრგუნველი, ვიდრე სოფელი – პერსპექტივის გარეშე. ხედავ სოფელს ცარიელს, ცარიელს არა მარტო ადამიანებით, არამედ საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებებით, სოფელში სტადიონიც კი არ არის, ამ ბავშვების მცირე კონტიგენტსაც არ აქვს ხელშეწყობა, ასეთია კონჭკათის მძიმე რეალობა.

სეზონურად, ახალგაზრდებისგან დაცარიელებული სოფელი, რომლებიც მეზობელ თურქეთში მძიმე სამუშაოს შესასრულებლად გაედინებიან, კონჭკათში უფროსები იკრიბებიან და ბჭობენ თუ რითი შეუძლიათ თავიანთ შთამომავლებს მომავალი შეუმსუბუქონ, თუმცა წლიდან წლამდე მძიმე რეალობა არ იცვლება.   და უფრო მძიმე ის გახლავთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს.

ავტორი: ვიკა შაუთიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here