
გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ გიორგი კობერიძესთან და მხარის გუბერნატორ გიგა ნემსაძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლების მანძილზე აწუხებს. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია.
პირველი ეტაპის სამუშაოები, ნაწილობრივ, სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილებისა და კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი.
პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.