Home Blog

ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსების მშენებლობა დაასრულა
🔵
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს
🔵დამატებით ფონდი ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა ახორციელებს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ
🔵დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს

🔵
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან  მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 53 ხიდზე და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 5 გვირაბი უკვე გაჭრილია და წლის ბოლომდე კიდევ 3 გვირაბის გაჭრა იგეგმება.  აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელეტხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

ნაპოვნი ოქროს შუალედი- გზა სცენიდან ეკრანამდე

თამაში ბავშვებისთვის დამახასიათებელი ყველაზე ბუნებრივი ქმედებაა

ადამიანებიც თამაშობენ

უკვე მოზრდილები

მოზრდილ ასაკშიც

ზოგიერთისთვის თამაში  პროფესიაა, საქმე, რომლის გარეშეც საკუთარი თავი  და საკუთარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

მსახიობებს ბევრი ცხოვრება აქვთ. ერთი ყველაზე პირადი და პირადული, სხვა დანარჩენი კი უკვე როლზეა დამოკიდებული

სცენის მიღმა ბევრი რამ იცვლება, სახე, მიმიკა, თავად პიროვნების ვინაობა , სქესი და ეროვნულობაც კი,  თუ ეს საჭიროა

ვერც მას წარმოუდგენია საკუთარი თავი სცენის და თეატრის გარეშე.

ყველაზე მეტად პარაშუტით გადმოხტომის ეშინია, როლისთვის, რომელიც მისგან ამ ფობიის დაძლევას მოითხოვს, ის მზადაა კასკადიორი მოითხოვოს.

არ  უფიქრია წინა ცხოვრებაზე, თუმცა ფიქრობს,რომ  რენესანსის ეპოქაში იცხოვრებდა და მაშინაც თავისი საქმით ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

21 წლის გიორგი ტაბიძე დამწყები მსახიობია.

ის უკვე მესამე წელია სამსახიობო  პროფესიას თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში ეუფლება . ამდენივე წელია სხვადასხვა თეატრის დადგმებში იღებს მონაწილეობას.

თუმცა ალბათ უფრო მეტს მასზე მისი სატელევიზიო სახე -სანი თოიძე ამბობს.

პოპულარული ქართული ტელესერიალის „ ჩემი  ცოლის დაქალების „ მსახიობი გიორგი ტაბიძე  ქართველმა მაყურებელმა ეკრანებზე გამოჩენისთანავე შეიყვარა.

საინტერესოა, რა მსგავსება  და განსხვავებაა მასსა და მის სატელევიზიო პერსონაჟს შორის და რას ფიქრობს ზოგადად თავის კარიერაზე დამწყები მსახიობი .

 

როდის დაინტერესდი სამსახიობო კარიერით და რას ნიშნავს შენთვის პროფესია – მსახიობი ?

14 წლის ასაკში დავინტერესდი თეატრით, მშობლებს დავყავდი ხშირად თეატრში და მინდოდა გამომეცადა მეც რას ნიშნავდა სცენაზე დგომა.ამ პროფესიის გარეშე ჩემი თავი არ წარმომიდგენია.

 

როგორ აღმოჩნდი კინოში? ეს ახალი გამოწვევა როგორ მიიღე და რა სირთულეები ახლდა თან თეატრიდან კინოში გადმონაცვლებას?

კინოში ქასტინგის მეშვეობით მოვხვდი,ძალიან გამიხარდა და უდიდესი გამოცდილება შევიძინე კამერასთან მუშაობის.თავიდან ცოტა გამიჭირდა,  თუმცა მალევე შევეჩვიე.

 

სპეციფიკურად თეატრი და კინო განსხვავდება ერთმანეთისგან. შენ როგორ უთავსებ ამ ორს ერთმანეთს  და საბოლოოდ სად ხედავ შენ თავს- კინოში თუ თეატრში ?

თეატრში არ გაქვს შეცდომის დაშვების  უფლება და კინოში ბევრი დუბლის გადაღება შეიძლება,თუმცა არ ვამბობ რომ კინოში თამაში მარტივია.მე ორივე ერთნაირად მომწონს და ვერ გამოვარჩევ ნამდვილად.

 

ეკრანებზე გამოჩენას ყოველთვის თან ახლავს დიდი რეზონანსი და პოპულარობა. როგორ შეიცვალა სერიალში შენი გამოჩენის მერე შენი ცხოვრება და რას ფიქრობ პოპულარობაზე – ცვლის ადამიანს ?

პოპულარული გავხდი,ვგრძნობ ადამიანების სიყვარულს და სასიამოვნოა,თუმცა ცუდად  არ ასახულა ჩემს პიროვნებაზე ,ისევ ისეთი ვარ , როგორიც  ეკრანზე გამოჩენამდე ვიყავი.

 

რაც შეეხება შენ გმირს – სანის- მაინტერესებს რამდენად ჰგავხართ ერთმანეთს და რას ფიქრობ მასზე, როგორი ადამიანია ?

თავიდან რადიკალურად განსხვავებული იყო ჩემგან,თუმცა შეყვარების შემდეგ ცოტა დამემსგავსა რაღაცებში. ძალიან მომწონს ამ პერსონაჟის ასეთი ცვლილება,დედასთანაც გამოასწორა ურთიერთობა და ცხოვრებას ნამდვილი გემო გაუგო.

 

თავისუფალ დროს რას საქმიანობ? გარდა თეატრისა რა არის შენი გატაცების სფერო, ჰობი?

ვწერდი ბავშვობაში პატარა პიესებს,ჩანახატებს,ახლა ისევ ვიწყებ წერას.მეგობრებთან ერთად მიყვარს საღამოს გატარება.

 

გყავს თუ არა მსახიობი იდეალი, რომელსაც გინდა დაემსაგვსო ან რომლის ცხოვრება და კარიერა შენთვის სამაგალითოა  ?

იდეალი არა,  მაგრამ არიან მსახიობები,  რომლებიც ძალიან მომწონს.ქართველებიდან- სერგო ზაქარიაძე და რამაზ ჩხიკვაძე.უცხოელებიდან – ჯეკ ნიკოლსონი.

 

წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდი ?

„სამოსელი პირველი „

 

რას საქმიანობ ამჟამად ?

ახლა მხოლოდ გადაღებები მაქვს და რეპეტიციები,გრიბოედოვის თეატრში,თეატრალურში და ილიას სარდაფში.

 

გვიამბე შენ სამომავლო გეგმებზე

რაღაც შემოთავაზებები მაქვს,  თუმცა ჯერ არ მსურს წინასწარ საუბარი.

მადლობა დიდი. წარმატებებს გისურვებ . 

ავტორი – ანა ურუშაძე

შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებმა ფიცი 300 არაგველის გმირთა მემორიალთან დადეს. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, „კურსის საუკეთესო ინსტრუქტორებს“, „საუკეთესო კურსდამთავრებულებს“, ,,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის“ და ,,ყველაზე დისციპლინირებულ კურსდამთავრებულებს“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. წვრთნები 10 კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პირობებში ხორციელდებოდა. ახალწვეულებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკურ მომზადებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად IV მექანიზებულ ბრიგადაში, ასევე ეროვნულ გვარდიაში, საჰაერო თავდაცვის სარდლობასა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში განაგრძობენ მსახურს.

კონცერტი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით არმიჰოლში საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ოფიცრები, სერჟანტები და დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ჯარისკაცებისთვის განწყობის შექმნაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და ქართველმა მომღერლებმა, სალომე ბაკურაძემ, ელენე ფოჩხუამ, მაკა ზამბახიძემ, სოფო ბედიამ, ნუცა ბუზალაძემ და გიორგი სუხიტაშვილმა იზრუნეს.

კონცერტი სამხედრო ორკესტრისა და მომღერლების მიერ საახალწლო კომპოზიციის ერთობლივი შესრულებით დამთავრდა.

ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  გაეცნენ.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს  მგზავრობას.
გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია და მას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სერჟანტთა კორპუსის წლის შემაჯამებელი ანგარიში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სერჟანტთა კორპუსის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრა შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ გახსნა.

შემაჯამებელ ბრიფინგზე შეიარაღებული ძალების სარდლობების სერჟანტებმა 2017 წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებში სერჟანტთა ჩართულობა, დისციპლინის დონე, ფიზიკური მზადყოფნის მდგომარეობა, სერჟანტთა განათლების და კარიერული განვითარების საკითხები განიხილეს. შემაჯამებელ ბრიფინგზე სერჟანტებმა მომავალი წელს დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს კი, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ სარდლობების სერჟანტებს პრიორიტეტული მიმართულებები განუსაზღვრა.

Pink Floyd-ის საღამო

29 დეკემბერს, 21:00 საათზე, ანტიკაფე „კუთხეში” გაიმართება Pink Floyd-ისადმი მიძღვნილი აკუსტიკური მუსიკის საღამო.

შემსრულებლები: Hugo Salieri და Lika Barateli

ბილეთის ფასი 10 ლარი (გაიყიდება ადგილზე).

მისამართი: შალვა დადიანის 30 ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 598470220, 599028620;

ბაკურციხე-გურჯაანის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო პროექტების მონიტორინგი კახეთის რეგიონში დაიწყო. ზურაბ ალავიძემ კახეთის გუბერნატორთან ერთად, ამჯერად ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება 38 000 000 ლარია და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
გურჯაანი-ბაკურციხის გზა, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.
ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, ავტოტრანსპორტი ქალაქ გურჯაანსა და 7 სოფელს აუქცევს გვერდს.
ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. ასევე ხიდის სამშენებლო სამუშაოები, გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირებულებები თორმეტმა ქართველმა მხატვარმა გაიაზრა და თორმეტი ფერწერული ტილო შექმნა.
მხატვრები – რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, მამუკა დიდებაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, კოკა ციხელაშვილი, სანდრო დალაქიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტმა – „მხატვრები მშვიდობისთვის“ გააერთიანა. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტში ჩართულ თითოეულ მხატვარს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში მხატვრების ჩართულობა სამხედროების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო გამოვლინებაა.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ. თანხა სრულად მოხმარდება დაჭრილ-დაშავებული სამხედროების საჭიროებებს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც მხატვრები ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების, Army Card-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ნამუშევრის ასლი დატანილია თავდაცვის უწყების 2018 წლის კალენდრებზე, ბლოკნოტებზე, მისალოც ბარათებსა და სასაჩუქრე ჩანთებზე.