Home Blog Page 113

ადგილი, სადაც დრო გაჩერდა

ყოფილი  სამხედრო  დასახლება – ვაზიანი, დღესდღეისობით 5 000 ზე მეტი ადამიანისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად სოციალურად დაუცველები, აფხაზეთიდან დევნილები და უსახლკაროები არიან. დასახლება თბილისიდან ხუთიოდე კილომეტრში მდებარეობს. შემაღლებულ გორაკზე მოჩანს  ჩვეულებრივი საბჭოთა დიზაინით ჩამწკრივებული, სინკარით აშენებული უსახური შენობები. ერთმანეთის მსგავსი ნაცრისფერი, ნახევრად ჩამონგრეული ბეტონის კონსტრუქციები, თითქოს მოქუფრული სახით გიმზერს და  გეუბნება – კეთილი იყოს შენი მობრძანება არსად, დასალიერში! ეზოების თვალიერებისას, ორსართულიან შენობას წავაწყდებით, რომელსაც ნახევრად ჩამონგრეული სახურავი აქვს. ამ შენობაში,  ძირითადად ვეტერანები და მათი ოჯახები ცხოვრობს. ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლე, ქალბატონი ვიოლეტა მიდელაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „საცხოვრებელი პირობები, როგორც თქვენ ხედავთ, არის საშინელი. წყალი  ახლახან  შემოვიყვანეთ ეზომდე, ხოლო გაზს რაც შეეხება, თავდაპირველად უნდოდათ, რომ ვეტერანებს უფასოდ ჰქონოდათ, მაგრამ ეს საქმე ვერ გამოვიდა. მე გაზი თებერვლიდან მაქვს გათიშული, რადგან გადასახადის გადახდას ვერ ვახერხებ. საკანალიზაციო სისტემა თითქმის არცერთ შენობას არ აქვს მუშა მდგომარეობაში   და ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და საძირკველში. ამას თავი რომ დავანებოთ, სახურავებიც არ გვაქვს. გინდა გარეთ უწვიმია, გინდა შიგნით… სინესტეს მიაქვს აქაურობა.“

ქალბატონი ვიოლეტას თქმის გარეშეც მიხვდება ადამიანი, რომ ეს შენობა ავარიულია და მაცხოვრებლებს, სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. მესამე სართულზე ასვლისას, თავი მაქსიმალურად უნდა აარიდო დერეფნებსა და სადარბაზოებში დამდგარ გუბეებს, რადგან გასულ ღამეს მოსული წვიმის კვალი, შენობიდან გაუსვლელადაც თვალშისაცემია. მწყობრიდან გამოსული ბეტონის კონსტრუქცია, რომელიღაც საშიში ფილმის სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელს. 25 წლის ანა გელაშვილი, სარეცხს ფენს დერეფანში, თან პოლიეთილენის პარკს აფარებს ზემოდან, რომ სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წვეთებმა, სარეცხი ხელმეორედ არ დაუსვაროს. ანა, ბიძამისის სახლში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მან თავისი ოთახი გვაჩვენა, სადაც წყლით სავსე რამდენიმე სათლი იდგა. ასე ცდილობს ორი შვილის დედა, ოთახის დაცვას  დატბორვისგან : „ხანდახან ისეთი ნესტია ამ ოთახში, რომ ვერცერთი ვერ ვჩერდებით და გამოვდივართ მისაღებ ოთახში, მითუმეტეს პატარა, ათი თვის არის და მისი ჯანმრთელობისთვის აქ გაჩერება არ შეიძლება“, ამბობს ანა. ვაზიანში არსებული ორმოცდაათამდე შენობა თავდაცვის უწყების ბალანსზეა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, სამი მათგანი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. დანარჩენ კორპუსებში, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა, წლებია, ცხოვრობს. აქედან არც ერთ მაცხოვრებელს ბინა საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული. ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ვერ იუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს. მათ არ აქვთ იმის გარანტია, რომ ხვალ ამ შენობებიდან არ გამოასახლებენ და ამიტომაც არიან უძრავად. ამის გარდა, ვაზიანში არ არის სამედიცინო პუნქტი, პოლიციის შენობა და მთელი რიგი დაწესებულებები, რომელიც ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობდა ხელს. ყურადღების მიღმაა დარჩენილი ახალგაზრდობა, რომლებსაც,  ფეხბურთის სათამაშოდ  ერთადერთი სტადიონი აქვს, ისიც სკოლის ეზოში. 17 წლის მარიამ პაქსაძე სკოლის მოსწავლეა. ის გვესაუბრება იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს აწუხებს: „კარგად და ბეჯითად მეცადინეობს ის, ვისაც იმედი აქვს, რომ მომავალში ექნება ფინანსური ხელშეწყობა, შეძლებს თბილისში გადასვლას და მომავლის შექმნას. მაგრამ, ვაზიანში ძალიან ბევრია, ვისაც არ აქვს ამის საშუალება და აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ სწავლას აზრი არ აქვს“. ის, ასევე აღნიშნავს, რომ  ადგილობრივი მოზარდებისთვის, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მწვავედ, დასაქმების სახითხი დგას : “ ფაქტობრივად, აქ მხოლოდ ბაღში ან სკოლაში თუ შეძლებ დასაქმებას, იქაც შეზღუდული რაოდენობით სჭირდებათ თანამშრომლები. მაღაზიებში კი, ძირითადად, თავად მეპატრონეები არიან დასაქმებულნი, ასე, რომ დიდი არჩევანით არ ვართ განებივრებულები“ ამბობს მარიამი.

ვაზიანის დასახლება, თავდაპირველად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2013 წლის 11 მარტს აღმოჩნდა, როცა ხუთსართულიანი შენობა, ნაწილობრივ ჩამოინგრა. მას შემდეგ, სამი წელი გავიდა და იმავე შენობაში, ადამიანები კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას. დასახლებაში არ არსებობს კორპუსი, რომელსაც არ ესაჭიროება გამაგრება. თითქმის არცერთ საცხოვრის არ აქვს სახურავი, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მოსახლეობა იძულებულია შეეგუოს არსებულ სიტუაციას.

59 წლის ჯულიეტა არლოვა ადგილობრივი მოსახლეა. ის იმ პირობებზე საუბრობს, რომელშიც მას უწევს ყოფნა: “ელემენტარულად, ის ვერ მოვახერხე, რომ ჩემი სახლის ფანჯრები შემეკეთებინა… გინდა გარეთ უწვიმია, გინდა შიგნით. აქ თითქმის ყველა ესეთ დღეშია… რამდენჯერმე დავწერე წერილი, სოციალური დახმარება მოვითხოვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ მომცეს, ქულები გაქვსო ბევრიო. არადა მარტოხელა დედა ვარ, ქმარს დიდი ხნის წინ გავშორდი და მარტო ვცხოვრობ. სამსახური მე არ მაქვს და ველოდები, როდის გავხდები 60-ი წლის, იქნებ პენსიას მაინც მოვესწრო და ამით  შევძლო საკუთარი თავის შენახვა“. ჩვენთან საუბრისას, ქალბატონი ჯულიეტა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალური მუშაკების მუშაობით და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, სწრაფად მოგვარებადია.

ყოფილ საბჭოთა ოფიცერთა საცხოვრებელი ქალაქი – ვაზიანი, დღესდღეობით, სავალალო  მდგომარეობაშია. დაბინძურებული გარემო, ავარიული კორპუსები, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა… ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ დასახლებაში წააწყდებით. დედაქალაქთან სიახლოვის მიუხედავად, ვაზიანის დასახლება, საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება და როგორც ადგილობრივები ხუმრობენ ხოლმე, აქ თითქოს დროა გაჩერებული.

 

ავტორი: ვიკა შაუთიძე

რამაც, შესაძლოა, მომავალი განსაზღვროს

საქართველოში, დასაქმების პრობლემა, საკმაოდ აქტუალურია. საკუთარი პროფესიით დასაქმება, ბევრისთვის, წარმოუდგენელიც კი არის. პრობლემად რჩება სამსახურები იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც, სწავლის პარალელურად, მუშაობა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ისინი სამუშაო ადგილების, ან შესაბამისი ხელშეწყობის არარსებობას უჩივიან.

სტუდენტების ნაწილისთვის, სწავლასთან ერთად, მუშაობა, მნიშვნელოვანია. განათლების მიღება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ყველა სტუდენტი ვერ იღებს სახელმწიფო გრანტს. რაიონებიდან დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს, გარდა სწავლისა, საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა უწევთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, შესაძლოა, სტუდენტის ოჯახის საშუალო შემოსავალს აღემატებოდეს კიდეც. აქედან გამომდინარე, ისინი თვითონ იწყებენ სამსახურის ძებნას.

ნინი შარაშიძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი აზრით, დღეს, სტუდენტები ახერხებენ, სწავლის პარალელურად, მუშაობას, თუმცა, მეორე საკითხია, ეს რის ფასად უჯდებათ. „უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ აქვთ სტუდენტებს და უწევთ მუშაობა. მე ბევრ გზას მივმართე – ჯერ სტაჟირება და, მერე, დასაქმების პერსპექტივაც, პირდაპირ, მუშაობაც, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რთულია, 19-დან 25 წლამდე ასაკში, იპოვნო ნორმალური სამსახური დ საკუთარი შემოსავალი გქონდეს, თან სწავლაშიც არ შეგეშალოს ხელი“ – ამბობს ის. სოფო ივანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის, ერთ-ერთ აფთიაქში, ასისტენტად მუშაობს. „როგორც სტუდენტს, მართლა ძალიან მიწყობენ ხელს. მგონია, რომ, ხელშეწყობის გარეშე, ძალიან ძნელი იქნებოდა“ – ამბობს სოფო. თსუ-ის სტუდენტია ანა არაბიძეც. მისი შეფასებით, სწავლისა და მუშაობის შეთავსება, სრულყოფილად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ძალიან იშვიათად უწყობენ ხელს დამსაქმებლები სტუდენტებს. „ ნებისმიერ დასაქმების საიტზე ისეთი მოთხოვნები აქვთ, პლუს, არაადეკვატური ანაზღაურება, ეს, კიდეც, ცალკე თემაა“ – აღნიშნავს არაბიძე.

შოთა გულბანი ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტია. ის, სტუდენტთა მასობრივი უმუშევრობის მთავარ პრობლემად, შრომის ბაზრის სიმცირეს ასახელებს. „აღარაფერს ვამბობ იმგვარ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც სტუდენტის გრაფიკზე იქნება მორგებული. ასეთი რამ ,დღეს, სტუდენტებისთვის, შეუძლებლის ტოლფასია. ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად თუ გადაწყვიტე მუშაობის დაწყება, უარის თქმა გიწევს სწავლაზე, რაც, შემდგომში, უნივერსიტეტიდან მიღებულ მინიმალურ საბაზისო ცოდნაზე უარყოფითად აისახება“ – განმარტავს გულბანი. ის არ ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შუწყოს სტუდენტების დასაქმებას და, ამ კუთხით, კერძო სექტორი დაავალდებულოს. მიიჩნევს, რომ უფრო შედეგისმომცემი იქნება, სახელმწიფომ, არსებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძო სექტორის სტიმულირებაზე მიმართოს, რათა, გაზრდილი შრომის ბაზრის პარალელურად გაჩენილმა მოთხოვნამ მუშახელზე, უმუშევარი სტუდენტების რაოდენობის შემცირება განაპირობოს. „იმის გამო, რომ სტუნდენტებს ნახევარ განაკვეთზე აწყობთ მუშაობა, დამსაქმებლებიც მათ ისეთ პირობებს, ან სამუშაოს შესრულებას სთავაზობენ, რაც, ერთი შეხედვით, არ არის მიმზიდველი და ანაზღაურებაც დაბალია. ყველაზე მოთხოვნადი, დამსაქმებლების მხრიდან, სტუდენტებისთვის, ე.წ. გარე გაყიდვების მენეჯერია“ – ამბობს ბატონი შოთა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დასაქმება-უმუშევრობის საკითხთან დაკავშირებით, მონაცემებს აქვეყნებს. რაც შეეხება 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილებას, ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ასაკობრივ ჭრილში. გთავაზობთ 20-24 წლის (სტუდენტური ასაკის) ასაკობრივ სტატისტიკას. 2014 წლის მონაცემებით, ამ ასაკობრივ ჭრილში, სამუშაო ძალას 145,8 ადამიანი შეადგენდა. აქედან, დასაქმებული იყო 101, 3 ადამიანი. პროცენტულად, აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონე 40,9 % იყო, ხოლო უმუშევრობის დონწ – 30,5 %. 2015 წლის მონაცემებით, 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, აქტიურ მოსახლეობას 140, 1 ადამიანი შეადგენდა. აქედან, დასაქმებული იყო 95,3 ადამიანი. პროცენტულად, უმუშევრობის დონეს შეადგენდა სამუშაო ძალის 32, 0%, დასაქმების დონეს კი – 41,6 %.

მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, სწავლის პარალელურად, სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით, რეალობა ერთია – სტუდენტების გარკვეული ნაწილისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ იმუშავოს. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა სტუდენტს თავად უწევს სწავლის ხარჯების დაფარვა. ამ შემთხვევაში, მათთვის საკუთარი შემოსავლის ქონა მათი მომავლის გარანტიც კი არის.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

გაზრდილი ღვინის ექსპორტი-ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე

ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართუებით.

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და მის წარმატებას ადასტურებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვით, ღვინის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე .2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი – 1 521 802 ბოთლი, თებერვალი – 3 009 754, მარტი – 2 877 640, აპრილი – 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი – 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო – 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი – 5 264 684 და ნოემბერი – 6 665 311 ბოთლი.

„პრეს თაიმერი“ დაუკავშირდა ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მათი თქმით, ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და წლის ბოლომდე შენარჩუნდა, რაც მიღწეული იყო ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე და სააგენტოს მიერ, კერძო სექტორთან შეთანხმებით შემუშავებული სწორი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინა – 73% (5 179 454), ბელარუსი – 62% (1 060 806), რუსეთი – 48% (24 914 877), პოლონეთი – 47% (2 123 500), ესტონეთი – 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ – 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706), იაპონია – 14% (144 126), ყირგიზეთი – 9% (202 666), გერმანია – 4% (270 176) და სხვა“-განაცხადეს დეპარტამენტში.

რამდენიმე თვის წინ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“. სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა – კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ – ბრინჯაო; კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 – ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ – 2012 – ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ –ვერცხლი.

აღსანიშნავია ის, რომ პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ბაზრის განვითარებისთვის.

„როგორც პოლონეთში გამართული გამოფენაზე, ისევე მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა თუ გამოფენებზე ქართული ღვინოები მუდმივად იღებენ უმაღლეს შეფასებებსა და ჯილდოებს. ეს არის ქართულის ღვინის აღიარება როგორც ღვინის მოყვარულებისა და დამფასებლების, ისე პროფესიონალების მხრიდან და პირდაპირკავშირშია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციასთან, და შესაბამისად, შემდგომში დადებით გავლენას იქონიებს ექსპორტის ზრდაზე.“-აცხადენებენ ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

როგორც ექსპერტები განმარტავენ, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესში ჩინეთს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკისრება. ზოგადად, ჩინეთი მსოფლიოში ღვინის ყველაზე მზარდი ბაზარია. როგორც ჩანს აღნიშნული მარკეტინგული სტრატეგია და ხედვა საკაოდ კარგად მუშაობს და ეს ყველაფერი წარმატების მომტანია ქართული ღვინის კომპანიებისთვის. აღსანიშნავია ის,რომ უახლოეს მომავალში „ბადაგონი” ჩინეთში ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს. ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე “ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება , – შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას – Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, “ბადაგონის” ღვინის ქარხანაში გაფორმდა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკურ დონესთან ერთად გამოარჩევს, არის ის, რომ “ბადაგონში” ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

“სწორედ ამ სინერგიის ხარჯზეა შესაძლებელი ქართული ღვინის წარმატება და იმ ნიშაში დამკვიდრება, რომელიც ჩვენს ღვინოს ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ნიშა. ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგანი და ის აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმ ნიშაში, იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო არის მეღვინეობის აკვანი, ასეა ცნობილი და ესეც ნამდვილად სამართლიანია. ქართული ქვევრი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ეს აღიარებულია “იუნესკოს” მიერ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500). რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, ამ ფაქტს ღვინის ეროვნული სააგენტო დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ჩინეთის ბაზარი, ისევე როგორც მთლიანად აზიის ბაზარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ექსპორტისთვის. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა. კერძოდ, 2015 წელს პეკინში გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდება საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობა დეგუსტაციები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

„ჩინეთი შერჩეულია როგორც ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიული ბაზარი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 4 886 145 ბოთლი, რაც 128%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები, ჩინურ მედიაში იბეჭდება ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები, მზადდება სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდება ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც.ღვინის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს მომავალშიც მარკეტინგულ ღონისძიებებს ჩინეთში, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ ამ ქვეყანაში ქართული ღვინის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.“- განმარტავენ ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

მათივე თქმით, ეს ფაქტი დადებითდ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ქართული პროდუქციის ექსპორტის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდა, პირდაპირ უკავშირდება მეღვინეობა-მევენახეობის ინდუსტრიის განვითარებას და დარგის გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქართული სოფლის განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი კვალვ რჩება ნომერ პირველ ექსპორტიორ ქვეყნად, მისი ალტერნატივაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნების სახით. ქართულ ღვინოს ადეკვატური მარკეტინგული ღონისძიებების პირობებში კარგი შანსები აქვს, როგორც ჩინეთში ისე სხვადასხვა ქვეყანაში შეძლოს მსოფლიო ბაზრის ათვისება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

გავა თუ არა ქართული თაფლი ექსპორტზე?

ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოებისინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის პროდუქტი,რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისრეალური პერსპექტივა აქვს.

„პრეს თაიმერი“ დაინტერესდა რამდენად მნიშვნელოვანია ქართული თაფლი დარეალურად რა პერსპექტივები აქვს ევროკავშირის ბაზარზე.

ქართული თაფლის მნიშვნელობასა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოთვისებებზე დღეს არავინ დაობს. ქართული თაფლი შეიცავს უამრავ ისეთ ვიტამინს, რომლებიც კარგია ადამინის ორგანიზმისთვის. იგი შეიცავს სამასამდე სასარგებლო ნივთიერებას მათ შორის: შაქრებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, აზოტოვან ნაერთებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. თაფლს სამკურნალო თვისებებიც აქვს: სპობს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას და ამავე დროს ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ევროპელი მომხმარებელი თაფლს ძირითადად ბუნებრივ დამატკბობელად ხმარობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი – 17 ტონა თაფლი (116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. გასულ წელს მეფუტკრეებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა ( 54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს. ქართული თფლის გატანა ხდება ესტონეთში, შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

„პრეს თაიმერი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ესაუბრა იმ ფაქტორებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო. მათი განმარტებით, თაფლის მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ პირველადი მოთხოვნები. უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები: შენობები და ტერიტორია უნდა შეარჩიონ ცხოველთა სადგომების, ნაგავსაყრელების, გუბურებისა და სხვა დაბინძურებული ადგილებისგან მოშორებით; სკა, ჭურჭელი, ყუთი, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები და მოწყობილობები შეინახონ სუფთად; გამოიყენონ სასმელი წყალი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; საწარმო ნარჩენები გაიტანონ რეგულარულად; გააკონტროლონ ფუტკრის დაავადებები, გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატები, დაიცვან ლოდინის დაყოვნების პერიოდი.

მათი თქმით, მეფუტკრე ფერმერი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეტრში; და აწარმოოს და ბაზარზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეტიკეტირებული ნატურალური თაფლი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან ნებართვა მიიღო საქართველომ, განახორციელოს თაფლის ექსპორტი, მეორე საკითხია რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა მაღალი ხარისხის თაფლის საწარმოებლად და რამდენად გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი.

„პრეს თაიმერი“ ესაუბრა მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილს. მისი თქმით, საქართველო არ არის მზად გაიტანოს თაფლი ევროკავშირის ბაზარზე. რადგან დღეს მოუწესრიგებელი რჩება, პირველადი წარმოების კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის წარმოებას ევროსტანდარტების შესაბამისად.

„იმისათვის, რომ ქართულმა თაფლმა გადალახოს საზღვარი და დააკმაყოფილოს მოთხოვნები საჭიროა სოფლის მეურნეობასთან არსებულმა ლაბორატორიამ, შეასრულოს სრულყოფილი, კვალიფიციური კვლევები და ამის საფუძველზე გასცეს სერტიფიკატი. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ეხება პროდუქტის გადამუშავებას და სასაქონლო სახის მიცემას. ამისთვის სპეციალური საწარმოებია საჭირო, რომლის საშუალებაც არაა საქართველოში“ – აცხადებს კეპაშვილი.

გილდიის თავმჯდომარე საუბრობს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის თფლის საწარმოებლად.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორეა რამდენად მზადაა ქართული მეფუტკრეობა აწარმოოს მაღალი სტანდარტის თაფლი. აქ საჭიროა ისეთი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ტექნიკური; ინტელექტუალური და ფინანსური საშუალება, რომ განახორციელონ თაფლის გარკვეული რაოდენობის გადამუშავება და ექსპორტის განხორციელება. ბრენდის სახით, რომ მოხდეს ქართული თფლის გატანა საჭიროა ძალიან დიდი შრომა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მეფუტკრე, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის დაკმაყოფილებას. ამიტომ ექსპორტის განხორციელება დღეს შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია, “- აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

იგი სახელმწიფოს მხირდან მეტ ჩართულობასა და მხარდაჭერაზეც საუბრობს. იმისათვის რომ ქართველმა მეფუტკრეებმა შეძლონ ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი თაფლის წარმოება, აუცილებელია მეფუტკრეობის კიდევ უფრო განვითრება და განათლების დონის ამაღლება.

ექსპერტთა ნაწილი თფლის ექსპორტის ხელისშემშლელ ფაქტორებად მის მაღლ ფასაც ასახელებენ და ასევე მიანიშნებენ თაფლის გატანის ერთ-ერთ აუცილებელი პირობაზე- თფლის ერთგვაროვნებაზე. აღნიშნავენ, რომ ყველაზე მინიმალური გასატანი რაოდენობა უნდა იყოს ოცი ტონა.

მართალია, ევროკავშირმა შეისწავლა გარემო და მიიჩნია, რომ დასაშვებია ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელება მათ ბაზარზე. თუმცა, გაურკვეველია ქართველი მეფუტკრეები შეძლებენ თუ არა დააკმაყოფილონ ყველა ის ძირითდი მოთხოვნა და აწარმოონ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი. ნებართვა გაცემულია და ისღა დაგვრჩნია, დაველოდოთ შეძლებენ თუ არა მეფუტკრეები, საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

„ბუერა“-გზა ექსპერიმენტიდან წარმატებულ ბიზნესამდე

ჩვენი ქვეყანა ხელოვანი ადამიანების ნაკლებობას რომ არ განიცდის, ამაში თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვრწმუნდებით. ხელოვნება-ეს ხომ ტკბობაა იმით რასაც თავად ქმნი, საკუთრი ხელით აკეთებ და ამავე დროს სხვას აძლევ საშუალებას დატკბეს შენი შექმნილი ხელოვნების ნიმუშით. ზოგიერთი ადამიანი ხელოვნებას ბავშვობიდან ირჩევს, ზოგიერთი სკოლის ასაკში ან მისი დამთვრების შემდეგ. ზოგიერთი კი შემთხვევითი ექსპერიმენტის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მას რაღაც მნიშვნელოვანის შქმნა შეუძლია და რაც ყველაზე მთავარია, მისი შექმნის პროცესი საოცრად მოსწონს. ასე იწყება თეონა ბაკურაძისა და მაია თავართქილაძის შემოქმედების ისტორია. მათ შექმნეს ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „ბუერა“, რომელიც 2012 წლიდან ქართველ მომხმარებელს ორიგინალური ნივთებით და საჩუქრებით ახარებს. „ბუერას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თეონა ბაკურაძე ესაუბრა „პრეს თაიმერს“ „ბუერას“ შექმნისა და მისი დღევანდელი გეგმების შესახებ.

მოგვიყევით თქვენზე, როდის გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელთნაკეთი ნივთები?

აქსესუარების და მინიატურული სკულპტურების შექმნის იდეა მომივიდა პატარა სტოპ-მოუშენ ანიმაციის გაკეთების შემდეგ. ზაფხულში დასასვენებლად არ წავედი,დავრჩი თბილისში და მთელი ბინა სახელოსნოდ გადავაქციე. ყველგან ქაღალდები, ნაჭრები,მავთულები, პლასტილინი, სხვადასხვა რეკვიზიტები ეყარა. ყველა მაგიდა დაკავებული იყო – პატარა სცენები მქონდა გაშლილი. სტოპ-კადრ ანიმაციას დიდი შრომა სჭირდება,ამას პროცესში მივხვდი,არაფერი გამეგებოდა ამ საქმისა,პრინციპს მივხვდი და დავიწყე უვიცის თავდაჯერებით. ბოლოსკენ უკვე ისე დავიღალე, სცენარს გადავუხვიე და მივაფუჩეჩე, ერთი სულ მქონდა,გამეგო რა გამოვიდა. რაც გამოვიდა,შეგიძლიათ იხილოთ youtube, vimeo- ზე: My gold with me- “ჩემი ოქრო ჩემთანა”; ასე ექსპერიმენტიდან დაიწყო ყველაფერი.

როდის შეიქმნა თავად ბრენდი?

სანამ მეორედ გავბედავდი ანიმაციის გაკეთებას, ძერწვას ჩავუჯექი. პოლიმერული თიხა მოვსინჯე და ძალიან მომეწონა. რამდენიმე ნივთის გაკეთების შემდეგ, ჩემი ბავშვობის მეგობარს,მაია თავართქილაძეს შევუჩნდი, შემომიერთდი-მეთქი და დაახლოებით 1 თვეში ფეისბუკ გვერდი გავაკეთეთ – „Buera handmade accessories.“

საიდან მოდის თავად ბრენდის „ბუერას“ სახელწოდება?

2012 წლიდან დღემდე ექსპერიმენტებით და პატარ-პატარა აღმოჩენებით მოვდივართ. სახელი “ბუერა” სულხან-საბა ორბელიანის ქართული სიტყვის ლექსიკონში აღმოვარჩიე, მცენარეა, რაიმე განსაკუთრებული ნიშნის გამო არა, უფრო სახელის ჟღერადობა მომეწონა.

ძირითადად რა ტიპის ნივთებს ამზადებთ?

ვამზადებთ აქსესუარებს – ყელსაბამებს, გულსაბნევებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, თმისსამაგრებს, საყურეებს და ასევე,მცირე ზომის სკულპტურებს. სხვათა შორის, ახლა ძალიან საინტერესო ვიზუალზე ვმუშოაბთ – ე.წ. snowglobe-ს სტილში იქნება მინიატურული სცენები. გამოვიყენებთ ხეს, პოლიმერულ თიხას, resin-ს (ორკომპონენტიანი ნივთიერებაა, ფისის მსგავსი, რამდენიმე დღეში შრება, გამჭვირვალეა და იდეალურია,მაგალითად გამომშრალი ყვავილებით ჰერბარიუმ-ყელსაბამების გასაკეთებლად,ჩვენ ასეთებს დიდი სიამოვნებით ვამზადებთ – ჩვენივე შეგროვილ-დაპრესილი ყვავილებით).

რა არის ამ საქმეში განსაკუთრებული,რის გამოც, მისი კეთება მოგწონთ?

„ბუერაში“ ფუსფუსი იმიტომ მომწონს,რომ ჩემთვის იდეალური სამსახურის სცენარით შევქმენი,ჩემზე მოვირგე. ფრილანსერობის ხიბლი ვისაც ესმის,მიმიხვდება. არ გყავს უფროსი, არ გყავს ხელქვეითი. შენი ფანტაზიით და შენი რისკით მოქმედებ. რა თქმა უნდა,არის ბნელი მხარეებიც. მაგალითად, ის, რომ რაღაც მომენტში,შეიძლება პირიქით,იმაზე მეტი იმუშავო,ვიდრე ჩვეულებრივ,სტანდარტული სამსახურის შემთხვევაში მოგიწევდა.ან, რაღაცები სწორად ვერ გათვალო – ბევრჯერ გამიკეთებია ნივთი დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით. მგონია, რომ ძალიან მაგარი რაღაც გამოდის და ოვაციებით შეეგებებიან,მაგრამ – სრული დუმილი.. და პირიქით,ხანდახან უბრალოდ, თამაშით და სასხვათაშორისოდ გაკეთებული დიზაინი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს გაყიდვებში. ჩემთვის ეს ორივე შემთხვევა სასიამოვნოა – ეს არის აზარტი. მე არ დავდივარ კაზინოებში,ჯოკერის თამაშიც კი არ ვიცი,მაგრამ ამ ჩემს თამაშში ვარ აზარტული და ხან წაგებული, ხან მოგებული.

 რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს ბიზნესში?

ჩვენი რიცხვი მალე გაიზრდება, რადგან გეგმები მაქვს – სტენდის გახსნა მინდა რომელიმე სავაჭრო ცენტრში. ვფიქრობ, დამატებითი ძალები დაგვჭირდება.

როგორია ფასები და სად შეიძლება „ბუერას“ შეძენა?

ფასები სუპერ-იდეალური გვაქვს. საშუალოდ – 20 ლარად ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ხელით გაკეთებული აქსესუარი და ასევე ხელით შეკერილი სასაჩუქრე ქისით მიიღოთ, შეფუთვაზე ფიქრიც არ მოგიწევთ.

რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი ნამუშევარი?

მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს ჩვენი გვერდი – www.buera.ge და თავად ნახავს, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან. 2012 წლიდან დღემდე უმრავი სიანტერესო რამ გვაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ნამდვილად არაფერია იმასთან შედარებით,რასაც ვაპირებთ სხვათა შორის, ბევრმა ახალგაზრდამ ჩვენი გვერდის აღმოჩენის შემდეგ თავად დაიწყეს ნივთების დამზადება.  მოსაწყენ და უინტერესო სამსახურებში განაცრისფერების მაგივრად, მათ ახლა ჭრელი და ცოცხალი საქმე აქვთ, ნახევრად თამაშის სახის. ასე რომ, ჩვენ ძალიან გვიხარია, კარგად ვიცით,რას გრძნობენ ისინი.

საქართველოს გარდა, რომელიმე ქვეყანაში ხომ არ გაგაქვთ  ნამუშევრები?

გერმანიიდან მალე www.etsy.com– ზეც გაიყიდება ჩვენი ნამუშევრები. ეს სწორედ ის საიტია,სადაც ჩვენ ვიპოვეთ შთაგონება თავის დროზე დ ამიტომ, აქ ჩვენი მაღაზიის გახსნა  რაღაც წრის შეკვრას ჰგავს. ძალიან კარგი იქნებოდა, საქართველოდან სხვა ქვეყნებში მცირე ზომის ამანათების გაგზავნა ასე არაადეკვატურად ძვირი რომ არ ღირდეს. ყველას, ვინც საქართველოში ხელით ამზადებს ნივთებს, რომ შეეძლოს საზღვარგარეთ გაყიდვა, ძალიან ბევრი ადამიანი იმუშავებდა და ოჯახებსაც არჩენდა. ჯერჯერობით,არცერთ კომპანიას,საქართველოში მოქმედს, არ აქვს მისაღები ტარიფები. ამიტომ,ჩვენ ალტერნატიულ გზას მივმართეთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა,აქედანვე რომ შეგვძლებოდა გაგზავნა, მარტო ჩვენთვის კი არა,  ძალიან ბევრი ადამიანისთვის.

რაიმე სიახლეს ხომ არ სთავაზობთ მომხმარებელს ქალთა დღესთან დაკავშირებით?

ჩვენ ძალიან გვიყვარს ფასდაკლებების და სხვადასხვა საჩუქრების გაკეთება. ხანდახან, სრულიად უმიზეზოდ ვჩუქნით ხოლმე ნივთებს ჩვენს მომხმარებელს. უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვართ დ ამიტომ. როცა მიზეზი გვაქვს, მაშინ – მით უმეტეს. სწორედ ახლა,ჩვენს გვერდზე,შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფასდაკლებული ნივთების ფოტოები. მომავალში ვგეგმავთ გაფურჩქვნას.

 

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

სტუდენტობა ქართულად, ანუ სწავლის ძირი მწარეა-ს გაგრძელება

მოყოლებული ბაღიდან და მერე, გაგრძელებული სკოლით, ვფიქრობდი იმ გამოთქმაზე, რომელიც მხსნელ და სტიმულ ფრაზად დაგვიტოვა გურამიშვილმა წლების წინ – „ სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო“.

ხოდა, გატკბილებულ კენწეროზე ფიქრი მაძლებინებდა, როცა დედის ძახილზე, დილის რვა საათზე, დიდი მონდომებით ვართმევდი თავს ძილს და მერე – სითბოს,  და სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ამ ტკბილ კენწეროდ, უნივერსიტეტი წარმომედგინა.

პატარა გოგონას ახალი ცხოვრება და დიდი სამყარო მაშინ დაიწყო, როდესაც 18 წლისამ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში ჩავაბარე  და ძალიან მარტო, სრულად  მარტოც კი აღმოვჩნდი  იმ უსაშველოდ დიდი სისტემის წინაშე, რასაც უმაღლესი განათლება ჰქვია.

უმაღლესი განათლებისა რა გითხრათ,  აი, უმაღლესი თუ არა, უდიდესი გაკვირვება მაინც გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ მეექვსე კორპუსი, რომელშიც უნდა მესწავლა მე უახლოესი ოთხი წელი ( კარგ შემთხვევაში და უარესსში მტერმა უწყის ) , ძალიან ჰგავდა საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც მამიდაჩემთან ერთად დავიდე ბინა.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, თავაზიან სიტყვაზე ნაპასუხები უხეშობისა, ვერმიკვლეული აუდიტორიისა და გაღიმებაშეყინული სახისა, სტუდენტობა თავიდანვე ნათელ ფერებში მესახებოდა.

სტანდარტული გოგო ვიყავი, ჩვეულებრივი , რიგითი აბიტურიენტი, ტრადიციული წარმოდგენებით სტუდენტობაზე და საუკეთესო ხანაზე ჩვენს ცხოვრებაში.

ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა, უფრო მეტიც ვიდრე ერთი, თუმცა ეს ყველაზე მეტად მშველის და მგონი ყველაზე პრაქტიკულიც კია იმათ შორიც, რაც მისწავლია აქამდე. ნუ გექნება დიდი მოლოდინი და იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება.

მაშინ გვტკივა ყველაზე მეტად, როცა სიმაღლიდან ვენარცხებით, რაც უფრო დიდია მოლოდინის დონე, მით მეტია ვარდნის დროც და შანსიც.

ხოდა სად გავჩერდით?

იქ , სადაც ძალიან ბევრი  იმედით და დიდი  წარმოდგენებით შევაღე  საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კარი , არ შევიმჩნიე ინფრაქსტურქტურულ- სხვანაირული პრობლემები და იმაზე ფიქრით, რომ ზოგჯერ კენწეროც უბრალოა, სწავლა დავიწყე.

ისეთივე მონდომებით, როგორიც სკოლაში, ისეთივე სურვილით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით, როგორც ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.

დილით ადრე ადგომა

ნაკლები თავისუფალი დრო

თანდათან უფრო მეტი სამეცადინო

მეტი სირთულე

მეტი გაუგებრობა

ზოგჯერ უსამართლობა

ხშირად უსამართლობა

უკვე ტრადიციად ქცეული უსამართლობა

ნუთუ კენწერო ასეთი უნდა იყოს? ნუთუ ეს არის 12წლიანი და ახლა ოთხწლიანი სწავლის შედეგი? ნუთუ ამისკენ ვისწრაფვით და ეს დაგვისახა დიდმა გურამიშვილმა  დიდ სიტკბოებად?

მაღალი იმედების მაღალი მწვერვალებიდან მწარედ რომ დავენარცხე, თითქოს ვიღაცამ შემანჯღრიაო, ერთბაშად გამოვცოცხლი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამეხადა ჩემი სტუდენტობა საინტერესო, რომ იგი უინტერესო ოთხწლიან ყოველდღიურობას არ დამსგავსებოდა და, საბოლოოდ, ისე არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრების პალიტრიდან, როგორც ბევრი ფერი და სიფერადე გაქრა წლების წინ.

ვიპოვნე მეგობრები, ისინი, ვისთანაც ბევრი საერთო მქონდა და არა მხოლოდ ლექციები. დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, გართობაც , გავერკვიეთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, უსამართლობაზე ხმის ამოღება და საკუთარი თავის დაცვა ვისწავლე, დავუმეგობრდი უნივერსიტეტის მომსახურე პერსონალს, გავიხსენე სასკოლო ჩვეულება და, სადღესასწაულო დღეებში, სხვადასხვა სიახლე თუ კონცერტ-თამაშობა შევთავაზე კურსელებს.

ავტორი: ანა ურუშაძე

არასწორი ძილი სიმსუქნის რისკს ზრდის

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიდხანს  ძილი, ისევე, როგორც უძილობა,  სიმსუქნის ალბათობას ზრდის.

კვლევებით გამოვლინდა, რომ სიმსუქნისკენ გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში, არასწორი ძილის შემთხვევაში, ჭარბი წონის განვითარების რისკი იზრდება. გავლენა  კვების რაციონის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თუ სოციო-დემოგრაფიული ჯგუფისგან დამოუკიდებლად აღინიშნებოდა.

გარდა ამისა, გლასგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით ვერ გამოვლინდა რაიმე სახის კავშირი ძილის ხანგრძლივობასა და იმ ადამიანების სხეულის წონას შორის, რომელთაც სიმსუქნისკენ გენეტიკური მიდრეკილება არ აღენიშნებოდა.

მკვლევარები   ხანმოკლე ძილის (შვიდ საათზე ნაკლები) და ხანგრძლივი ძილის  (ცხრა საათზე მეტხანს, მათ შორის, შუადღის თვლემის) ეფექტებს  აკვირდებოდნენ.

უარყოფითი გავლენა

მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც სიმსუქნისკენ მაღალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდათ და დღე-ღამის განმავლობაში შვიდ-ცხრა საათს ეძინათ, ჭარბი წონის განვითარების რისკი იზრდებოდა.

„დიდი ბრიტანეთის ბიობანკის“ 120,000 მონაწილის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით ვერ გამოვლინდა რაიმე სახის კავშირი ძილის ხანგრძლივობასა და იმ ადამიანების სხეულის წონას შორის, რომელთაც სისმუქნისკენ დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდათ.

გულ-სისხლძარღვთა და სამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დოქტორმა ჯეისონ გილმა განაცხადა: „მიღებული მონაცემების თანახმად, სიმსუქნისკენ მაღალი გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებში ხანმოკლე, ან ხანგრძლივ ძილს, შუა დღისას თვლემას, შეუძლია მნიშვნელოვანი უარყოფითი  გავლენა იქონიოს ორგანიზმზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სიმსუქნისკენ დაბალი გენეტიკური მიდრეკილების მქონე პირებში ძილის გავლენას გაცილებით მსუბუქი ეფექტი აქვს – როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები, ღარიბი ძილის ჩვევების მიუხედავად, „იოლას გადიან“.

თანაავტორმა ექიმმა კარლოს ცელისმა თქვა: „აღმოჩნდა, რომ სიმსუქნისკენ მაღალი გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებს, სხეულის ჯანმრთელი წონის შესანარჩუნებლად, ცხოვრების სტილის კონტროლი და მეტი ძალისხმევა ესაჭიროებათ: „ჩვენი მონაცემების თანახმად, ასეთმა ადამიანებმა, კვების რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობის გარდა, ყურადღება ძილის რეჟიმსაც უნდა დაუთმონ“.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ძილის ჩვევებსა და სიმსუქნისკენ გენეტიკურ მიდრეკილებას შორის კავშირის გამოსავლენად ჩატარდა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “American Journal of Clinical Nutrition”.

წყარო: BBC

ვიკა შაუთიძე:

მსოფლიოში ყველაზე საშიში მიკრობების ახალი სია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) კაცობრიობისთვის საშიში, წამალ-რეზისტენტული ბაქტერიების ახალი სია გამოაქვეყნა.

სიის სათავეში გრამ-უარყოფითი E.coli (ეშერიხია კოლი) მოექცა, რომელიც ჰოსპიტალიზებულ, დასუსტებულ პაციენტებში სისხლის მიმოქცევის ინფექციებისა და პნევმონიის გამომწვევია.

აღნიშნული სიის განხილვა 2017 წლის ზაფხულში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, გერმანიაში იგეგმება.

შეხვედრის მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესება და მკურნალობას ძნელად დაქვემდებარებული ინფექციების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების შემუშავებაა.

ექსპერტები მუდმივად აფრთხილებდნენ მთავრობებს, რომ ჩვენ  „პოსტ-ანტიბიოტიკური ერის“ მიჯნაზე ვიმყოფებით, როდესაც ზოგიერთი ინფექციის მკურნალობა ჩვენ ხელთ არსებული ანტიბიოტიკებით შეუძლებელი გახდება.

ამჟამად, ჩვეულებრივი ინფექციების გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ჯანმოს წარმომადგენელმა დოქტორ მარი-პოლ კინმა განაცხადა, რომ ანტიბიოტიკების სისუსტემ „საგანგაშო ზღვარს“ მიაღწია. „მედიკამენტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. თუ ჩვენ მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების საბაზრო განვითარებას მივენდობით, იმ აუცილებელი მედიკამენტების წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში დაგვჭირდება, ვერ მოესწრება“ – განაცხადა მარი-პოლ კინმა.

ჯანმოს განცხადებით, საფრთხე ისაა, რომ ფარმაცევტული კომპანიები აქცენტს მათთვის  სარგებლისმომტანი, დაბალბიუჯეტიანი მედიკამენტების წარმოებაზე გააკეთებენ  – ბაზარსა და შემოსავალზე ორიენტირებულ პროდუქტზე. „ნაცვლად ამისა, მნიშვნელოვანია, ყურადღება კლინიკურ საჭიროებებზე გამახვილდეს“ – ამბობს ჯანმო.

ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები გამოქვეყნებულ სიაში არ  შევიდა, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო მედიკამენტების ძიება და კვლევა დღის წესრიგში გასულ შეხვედრაზე დადგა.

ექსპერტებმა სია ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის მიმდინარე დონის, მსოფლიო სიკვდილიანობის მაჩვენებლის, ინფექციების გავრცელებისა და იმ სიმძიმის გათვალისწინებით შეადგინეს, რასაც აღნიშნული დაავადებები ჯანდაცვის სისტემებს აყენებს.

სიის სათავეში ერთ-ერთი ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერია – Klabselia (კლაბსელია) მოექცა, რომელმაც, უახლოეს წარსულში, წინააღმდეგობა ისეთი ძლიერი ანტიბიოტიკის ჯგუფის მიმართ  გამოიმუშავა, როგორიცაა კარბაპენემების ჯგუფი(ინფექციის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი). ა.შ.შ – ში ახლახან დაფიქსირდა ამ ინფექციით დაავადებული ქალბატონის სიკვდილი, რომელსაც ექიმები, მათ ხელთ არსებული 26 სხვადასხვა ანტიბიოტიკით, უშედეგოდ მკურნალობდნენ.

ყველაზე საშიში მიკრობების სია:

კრიტიკული

  • acinetobacter buamannii (კარბაპენემ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს გულმკერდისა და სისხლის მიმოქცევის  სერიოზული ინფექციები.
  • Pseudomonas aeruginosa (კარბაპენემ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს  გულმკერდისა და სისხლის მიმოქცევის  სერიოზული ინფექციები.
  • Enterobacteriaceae, მათ შორის, Klabselia, E.coli, Serratia და Proteus (კარბაპენემ-რეზისტენტული, ფართო სპექტრის ბეტა-ლაქატამაზას მწარმოებლები) – შეუძლია, გამოიწვიოს გულმკერდის, საშარდე გზებისა და სისხლის მიმოქცევის სერიოზული ინფექციები.

მაღალი პრიორიტეტის მქონე

  • Enterococcus faecium (ვანკომიცინ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს ჭრილობისა და სისხლის მიმოქცევის  სერიოზული ინფექციები.
  • Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული, ვანკომიცინ- საშუალოდ რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს გულმკერდის, საშარდე გზებისა და სისხლის მიმოქცევის სერიოზული ინფექციები.
  • Campylobacter (ფლუოროქინოლონ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს დიარეული და სისხლის მიმოქცევის სერიოზული ინფექციები.
  • Salmonellae (ფლუოროქინოლონ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს დიარეული ინფექციები და სისხლის მოწამვლა.
  • Neisseria gonorrhoeae (ცეფალოსპორინ-რეზისტენტული, ფლუოროქინოლონ-რეზისტენტული) – სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც შეუძლია, უშვილობა გამოიწვიოს და, იშვიათად, შეუძლია, გავრცელდეს სისხლის მიმოქცევასა და სახსრებში.

საშუალო პრიორიტეტის მქონე

  • Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ უგრძნობი) – შეუძლია, გამოიწვიოს გულმკერდის სერიოზული ინფექციები და მენინგიტი, აგრეთვე – სისხლის მოწამვლა.
  • Heamophilus influenzae ( ამპიცილინ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს გულმკერდის სერიოზული ინფექციები და მენინგიტი, აგრეთვე – სისხლის მოწამვლა და კანისა და სახსრების ინფექციები.
  • Shigella ( ფლუოროქინოლონ-რეზისტენტული) – შეუძლია, გამოიწვიოს დიარეული ინფექციები, რომელსაც მძიმე გართულებები მოსდევს, მათ შორის, თირკმლის ფუნქციის დათრგუნვა.

წყარო: BBC

ვიკა შაუთიძე: