Home Blog Page 2

აღმოსავლეთ სარდლობის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი

ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გახსნა.

2017 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღმოსავლეთ სარდლობის შტაბმა განხორციელებული სამუშაოებისა და სამხედრო სწავლებების შესახებ დეტალური ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შემაჯამებელ ბრიფინგზე ოფიცრებმა მომავალი წლის დაგეგმილი სამუშაოები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საუკეთესო სერჟანტ-ოფიცრებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

ახალწვეულების ფიცის მიღება სენაკში

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 88 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის მიღების ცერემონიალი სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება წვევამდელებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ქართულ ჯარში ღირსეული მსახური უსურვა. ფიცის დადების ცერემონიალს დასავლეთ სარდლის მოადგილე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფიცის დადებამდე ახალწვეულებმა განახლებული საბრძოლო მომზადების კურსი II და III ქვეით ბრიგადებში გაიარეს. ცხრა კვირის განმავლობაში მათ წესდება, სავალე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, ასევე ტოპოგრაფიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები გაიარეს. დღეიდან ახალწვეულები II და III ქვეით ბრიგადებში გადანაწილდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა DIB-ის სამომავლო გეგმები განიხილეს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ტრენინგების საჭიროებების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
სტრატეგიული დონის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა სტუმრებს უწყების მიერ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სტრატეგიული დონის შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა ტრენინგების საჭიროებები განიხილეს და პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის კოორდინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი 2018 წლის განმავლობაში სკოლის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღინიშნეს, რომ უწყება პასუხობს დასახულ ამოცანებს – თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.

საახალწლო კონცერტი დაღუპული გმირების შვილებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით, თავდაცვის სამინისტროში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მათ სიტყვით მიმართეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და სასიამოვნო დღის გატარებაზე ჯარის მეგობრებმა, ქართველმა მომღერლებმა – სოფო ბედიამ, ნუცა ბუზალაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მაკა ზამბახიძე და ელენე ფოჩხუამ იზრუნეს. მომღერლებმა მოწვეულ სტუმრებს ახალი წელი სპეციალურად მათთვის გამართული კონცერტით მიულოცეს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი „სუპერის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ქართულმა კომპანიებმა, „ბარამბომ“, „ქართული ლუდის კომპანიამ“, მედიაჰოლდინგმა „პალიტრა L“-მა, სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ და სამხედრო ჟურნალმა „არსენალმა“ კი, სოციალური პასუხისმგებლობისა და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში სტუმრები სხვადასხვა პროდუქციით დაასაჩუქრეს.

მოგვიანებით, ბავშვებმა დედებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გადაინაცვლეს, სადაც მათ „ქართული კვების კომპანია“ ფურშეტით გაუმასპინძლდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გათბობის ხარჯები 200 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსდება

ზამთრის თვეებში გათბობის უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 200 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
სხდომას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.
გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით 2013 წლიდან უზრუნველყოფს. სამთავრობო კომისიის მიერ გატარებული სამუშაოების ფარგლებში დღემდე საქართველოს მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ასევე, სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების საკითხი. წელს სახელმწიფო გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს.
კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა -გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.სხდომას სხვადასხვა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავდაცვის მინისტრი კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალზე

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ გახსნას ითვალისწინებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ ინგლისურ ენაზე მანევრის უმცროსი ოფიცრები მომზადდებიან, რომლებიც ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას შეძლებენ.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულებმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.

საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს ტაქტიკური დონის განათლება მიიღონ. კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლაში ფუნქციონირებს 9 საკარიერო კურსი, სადაც სხვადახვა გვარეობების მიხედვით, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრების მომზადება ხორციელდება.

კაპიტნის საკარიერო კურსმა დაარსებიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა. 2004 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა მხარდაჭერით ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი დაარსდა, რომელმაც პირველი მიღება 2005 წელს განახორციელა. 2007 წელს ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსად გადაკეთდა, შემუშავდა ახალი სასწავლო მასალა და პროგრამა. მოგვიანებით, 2007-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარეობების – არტილერიის, დაზვერვის, მანევრის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოგისტიკის, ავიაციისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები.

2005 წლიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მომზადდა სულ 1226 ოფიცერი. მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში განხორციელდა 21 გამოშვება და მომზადდა 572 ოფიცერი.

ლევან იზორიას შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ხელი ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა გასულ წელს მოაწერეს. 2018 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან.
ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს პროექტის – „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული – ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირებულებები თორმეტმა ქართველმა მხატვარმა გაიაზრა და თორმეტი ფერწერული ტილო შექმნა.
მხატვრები – რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, მამუკა დიდებაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, კოკა ციხელაშვილი, სანდრო დალაქიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტმა – „მხატვრები მშვიდობისთვის“ გააერთიანა. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტში ჩართულ თითოეულ მხატვარს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში მხატვრების ჩართულობა სამხედროების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო გამოვლინებაა.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ. თანხა სრულად მოხმარდება დაჭრილ-დაშავებული სამხედროების საჭიროებებს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც მხატვრები ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების, Army Card-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ნამუშევრის ასლი დატანილია თავდაცვის უწყების 2018 წლის კალენდრებზე, ბლოკნოტებზე, მისალოც ბარათებსა და სასაჩუქრე ჩანთებზე.

„პარაორკესტრის“ კონცერტი

25 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკალური ორკესტრის – „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართა.
ორკესტრის მონაწილეებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ირინე საგანელიძემ დიპლომები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა.
მუსიკალური ორკესტრი -„პარაორკესტრი“, რომელიც ყველა კატეგორიის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აერთიანებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ 2014 წელს დააფუძნა.
ორგანიზაციის მიზანია არტთერაპიის საშუალებით აღნიშნული სპექტრის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ორკესტრის რეპერტუარშია, როგორც კლასიკოსი, ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებიდან, ჯაზური კომპოზიციები და სხვა. ,
,პარაორკესტრი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებს – სამინისტრო ყოველწლიურად უწყობს ხელს პარაორკესტის შემოქმედებით საქმიანობას.

საახალწლო წვეულება ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბავშვებთან ერთად, გიწვევთ საახალწლო წვეულებაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.

ფოლკლორული ანსამბლი “ერქვანი” შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვის ანსამბლ “ეგრისის” კონცერტი მუზეუმის ამფითეატრში.

წვეულება გაიმართება: 29, 30 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.

*ღონისძიებაზე დასწრება შედის მუზეუმის ბილეთის საფასურში.
მოზრდილი: 3 ლარი
სტუდენტი: 1 ლარი
სკოლის მოსწავლე: 0,5 ლარი
პენსიონერი: 0,5 ლარი
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ!