ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა აჭარაში

0
700

აჭარაში კიდევ ერთი სალოტბარო სკოლა იხსნება. ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შემსწავლელთა მსურველებს, ბათუმის შემდეგ, ახლა უკვე შუახევის სალოტბარო სკოლა მიიღებს. უნიკალური ფოლკლორული მემკვიდრეობით მდიდარ შუახევში სალოტბარო სკოლით დაინტერესება, ადგილობრივ მოსახლეობაში, სულ უფრო მატულობს.
2017 წლის 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიხსნება სალოტბარო სკოლა; საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრსა და შუახევის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 2015 წლიდან, ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა უფასოდ ისწავლება და სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.


დღეისთვის უკვე 18 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (ბათუმი, წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), სადაც ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას 800-მდე ბავშვსა და მოზარდს საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here