
3 ოქტომბერს, “აბრეშუმის თეატრში”, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რიგით 84-ე თეატრალური სეზონი ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით „საქართველო“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილეები, მანანა ბერიკაშვილი და გიორგი ბაქრაძე, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დაწყებამდე, თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობასა და „სილქ ფაქტორ სტუდიოს“ წარმომადგენლებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქციამდე, დასი მუშაობას აბრეშუმის თეატრის სცენაზე განაგრძობს. შესაბამისად, მაყურებელს თოჯინურ წარმოდგენებზე დასწრება ახალ მისამართზე – მერაბ კოსტავას 59 ნომერში შეეძლება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქცია 2018 წელს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, „სილქ ფაქტორ სტუდიოს“ საგამოფენო სივრცეში, ასევე, წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრის უნიკალური თოჯინების, აფიშებისა და ესკიზების გამოფენა.