Home სტატია უკაცო სახლების სევდა, ანუ მიგრაცია იმერულად

უკაცო სახლების სევდა, ანუ მიგრაცია იმერულად

უკაცო სახლების სევდა, ანუ მიგრაცია იმერულად

  მიგრაცია გულისხმობს ცალკეული პირის, ან ჯგუფის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე – უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა.

უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე და დღეს, ჩვენს რეალობაში, 164 სოფელი გაუკაცრიელებულია, 200-ზე მეტი მთის სოფელი კი – მოსახლეობისგან დაცლილი.
დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, ყოველდღიურად იზრდება მიგრანტების რიცხვი. ადამიანებისა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით, ტოვებენ მშობლიურ საცხოვრებელს და მიდიან ქალაქში , ან კიდევ უფრო შორს…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, მიგრაციული სალდო -3, 4 უდრის, რაც 3400 მიგრანტს შეადგენს. ეს, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კარი იკეტება სამუდამოდ ჩვენ გარშემო, ან უფრო მეტ ეზოს ეკვრება აბრა წარწერით „იყიდება“.

მიგრაცია საკმაოდ ხშირი და აქტუალური პრობლემაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მაღალმთიანი იმერეთის ამ ადმინისტრაციული ცენტრის ფართობი 913, 9 კვ.კმ-ია და იგი 78 სოფელს აერთიანებს.

უმეტეს სოფელში, კომლების რაოდენობა, საშუალოდ, 25-30-ია. პატარა სახვლარში 11 მაცხოვრებელია, მირონწმინდაში – 15, ხოლო ჩალხაეთში სამი კომლი ცხოვრობს, რაც 7 ადამიანს შეადგენს.
ეს რიცხვები კარგად გამოხატავს მიგრაციის, როგორც პრობლემის მასშტაბურობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
მოსახლეობის გამოკითხვამ მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები გამოკვეთა. გამოკითხულთა განმარტებით, ხარაგაულის მაცხოვრებლები რაიონს უმუშევრობის და უპერსპეტივობის გამო ტოვებენ. მათი თქმით, რაიონში არ ფუნქციონირებს არცერთი საწარმო, სადაც ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.
56 წლის ვარლამ მაღლაფერიძემ 15 წელია, რაც დატოვა მშობლიური ხარაგაული და იგი დღეს, ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობს. ბატონი ვარლამი თავისი ქალაქში გადმოსვლის მიზეზად შვილების სტუდენტობას ასახელებს, ამავდროულად, არ მალავს, რომ მას უკეთესი სამსახურის შოვნა სურდა. თუმცა ის, უახლოეს მომავალში, ხარაგაულში დაბრუნებასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმას აპირებს.
მიგრირებული ხარაგაულელების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს ისე, როგორც სოფლებში მიტოვებული სახლები, ჩაკეტილი კარებით, დახავსებული ფანჯრებითა და უამრავი მოგონებით. ბარგებში ვერჩატეული და აქვე მიტოვებული მოგონებები აცოცხლებს უკაცო სახლებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე, მიგრაციის პრობლემის კომპლექსურობაზე ამახვიებს ყურადღებას და საკრებულოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე – გადაჭრის გზებზე საუბრობს :
-„ ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის , გზის პრობლემა, უმუშევრობა, განათლების ხელმისაწვდომობა… სკოლების პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, უზრუნველვყოფთ მოსწავლეთა შორ მანძილზე ტრანსპორტირებას. რაიონიდან თანაბრად ხდება როგორც შიდა, ასევე – ქვეყნის გარეთ მიგრაციებიც, თუმცა, ყველაზე ხშირი, მაინც მეზობელ ქალაქებში გადასვლაა, უკეთესი გარემოს შექმნის მიზნით. საკრებულო ეტაპორბივად ცდილობს ამ პრობლემის დაძლევას.“

ნახევრადცარიელ შარაგზაზე მომავალი 16 წლის სალომე კი მოახლოებულ სტუდენტობაზე ფიქრობს, გარდაუვალ წასვლაზეც ქალაქში, თუმცა ზუსტად იცის, რომ იგი, თავისი ნანახ-ნასწავლ-განცდილით, მშობლიურ ხარაგაულს უნდა გამოადგეს.

ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here