
სულ რაღაც თვენახევარია, რაც თბილისში (გიგა ლორთქიფანიძის 11 ნომერში), ჭაჭის მაღაზია Chacha Corner-ი გაიხსნა. ამ სიახლესა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღაზიის დამფუძნებელს, ვატო ბოცვაძეს ვესაუბრეთ. ვრცლად, Chacha Corner–ის შესახებ:
- როგორ გაჩნდა და ვის ეკუთვნის Chacha Corner-ის შექმნის იდეა?
– ეს იდეა მე მეკუთვნის. დიდი ხანია, ვაკვირდები, რომ საქართველოში მსგავსი მაღაზიების დეფიციტია. არის, ძირითადად, ღვინის მაღაზიები, რომლებშიც სულ რამდენიმე სახის ჭაჭაა წარმოდგენილი. მაგრამ, ასე, ჭაჭის მაღაზია, რომელშიც ყველა მწარმოებელია წარმოდგენილი, არ არსებობს. მგონია, რომ ამ მაღაზიას დიდი მომავალი აქვს, მაგრამ, გარკვეულწილად, ხელს უშლიან ის იმპორტიორები, რომლებსაც შემოაქვთ საქართველოში უცხოური პროდუქცია. თუმცა, გარისკვად მაინც ღირდა. გარისკვად რომ ღირდა ამაზე ფიქრი მე მას შემდეგ დავიწყე, რაც ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ ტურისტი ყოველთვის ეძებს ადგილობრივს. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ეს მაღაზია დამეფუძნებინა და არც ვნანობ იმიტომ, რომ იმაზე მეტად საინტერესო საქმიანობაა, ვიდრე წარმომედგინა; იმაზე უფრო ფართო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. რომ არა რაღაც საკანონმდებლო ხარვეზები, ალბათ, ჭაჭას აქვს იმის პოტენციალი, რომ ღვინის მწარმოებელ გლეხს სრულად დაუფაროს ღვინის ხარჯები.
2. ძირითადად, რა სახის სასმელებია?
– ამ მაღაზიის სპეციფიკა არის ჭაჭა. სამომავლოდ, ალბათ, სრულად გლეხური ჭაჭა. ამ ეტაპზე, გლეხურიც არის და ქარხნულიც. ეს იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო მაღაზიის შევსება მხოლოდ გლეხური ჭაჭით, რადგან შესაბამისი რაოდენობა არ იწარმოება. გლეხური ჭაჭა მეტად სპეციფიკურია და უცხოელების ინტერესიც მასზე უფრო მეტია.
3. რაიმე განსაკუთრებული სასმელი თუ არის თქვენს მაღაზიაში?
– ეს არის თაფლის დისტილატი “მიდამო”, რომელსაც „ვისკისაც” ეძახიან. ეს არის ჩვენი ექსკლუზივი. ჩვენი ექსკლუზივი, თბილისის მასშტაბით, არის აჭარული ღვინის სახლის “ჩხაველის ჭაჭა“, „სანავარდო“, „ნაკალოვარის ჭაჭის არაყი” (წელს პირველად გამოვიდა). ყველაზე დიდი ექსკლუზივი არის ამ ყველაფრის ერთობლიობა. ვერსად, ვერცერთ მაღაზიაში, ამდენი წარმოების ერთობლიობას ვერ ნახავთ. ექსკლუზივად შეიძლება მივიჩნიოთ, ასევე, „არმაზის სახდელის ჭაჭა“, რომელიც, თუ არ ვცდები, მაღაზიებიდან მხოლოდ ჩვენ გვაქვს და შედის რამდენიმე რესტორანში. დამატებით, გვაქვს „ექსკლუზიური ურთიერთობები“ კახეთის ტრადიციულ მევენახეობასთან და შუხმანთან. მათთან კარგად ვთანამშრომლობთ და ძალიან მაღალხარისხიან პროდუქციას გვაწვდიან ისინი, მისაღებ ფასად. გვაქვს მოლაპარაკება ქართული ღვინისა და წაჭის მწარმოებელთან, ნიკა ბახიასთან. ისიც, სავარაუდოდ, ჩვენს მაღაზიას, თავის ჭაჭაზე მიმსცემს ექსკლუზივს.
4. პროდუქციის ფასები, საშუალოდ, რა რიცხვებში მერყეობს?
– დავყოფ და ვიტყვი ქარხნისას ცალკე და გლეხურისას ცალკე იმიტომ, რომ გლეხური ცოტა უფრო ძვირია, ვიდრე – ქარხნული. ესე იგი, ნახევარლიტრიანი ჭაჭის ფასები (ქარხნული) იწყება 14 ლარიდან და მთავრდება 41 ლარით. კონიაკებს რაც შეეხება, „კატევეს“ სამწლიანი დაძველების კონიაკი გვაქვს 15 ლარად და ბატონი ზურაბ წერეთლის კონიანი 320 ლარად. დაახლოებით, ამ ფასებში მერყეობს. რაც შეეხება გლეხურ ჭაჭას, იწყება 21 ლარად არაჩვეულებრივი „სანავარდოს“ ჭაჭა და მთავრდება 60 ლარით. ასევე, გვაქვს 80 გრადუსიანი სასმელი „ტიბაანის ჭაჭა“, რომელიც 51 ლარი ღირს. ფასების გათვალისწინებითვის, ასევე, აუცილებელია გრადუსები.
5. ყველაზე დიდი ხნის დაძველების რა პროდუქცია გაქვთ?
– დაძველების მხრივ, მე გამოვარჩევდი „გოცას“. ეს არის ძალიან კარგი მარანი და მწარმოებელი, რომლესაც აქვს ხუთწლიანი დაძველება, ამ ეტაპზე. თუმცა, ველოდებით კიდევ სხვადასხვა მწარმოებელს, რომელსაც, შეიძლება, ჰქონდეს უფრო მეტი წლის დაძველების სასმელები. „ტიბაანის ჭაჭა“ რომ ვახსენე, ეს არის თუთის კასრში დაძველებული, რაც მას სპეციფიკურ გემოსა და არომატს სძენს.
6. დღევანდელ ქართულ ბაზარზე კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს?
– კონკურენტი ჩვენ არ გვყავს. თუ ვუნმე ასეთ მაღაზიას გააკეთებს, ის ვერ გახდება ჩემი კონკურენტი; ის, ავტომატურად, ჩემი პარტნიორი გახდება, რადგან ამ დარგში იმდენი პრობლემაა, რომ კიდევ იქნება ვიღაც, ვინც, ჩემთან ერთად, სათქმელს იტყვის.
7. ქართველების დაინტერესება როგორია თქვენი მაღაზიის მიმართ?
– შემოდიან და ყიდულობენ. ფასს თუ სწორად მივაწვდით, ყველა შემოდის, უხარია და ურჩევნია, ეს იყიდოს. თუმცა, შესაძლებელია, სახელმწიფოსგან ხელშეწყობით, პროდუქცია მეტად გაიაფდეს. ეს იმიტომ , რომ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სლავური ქვეყნის ტურისტებისთვის უფრო ახლოს არის ქართული ჭაჭა, ვიდრე – ქართველებისთვის. უფრო მეტად, სასაჩუქრედ ყიდულობენ.
8. უცხოური სპირტიანი სასმელების შემოტანას ხომ არ გეგმავთ?
– არა, არ ვგეგმავთ.
9. სამომავლოდ, ამ მიმართულებით, რა გეგმები გაქვთ?
– სავარაუდოდ, მაღაზიების დამატებითი რაოდენობა, არ იქნება ორ-სამზე მეტი. გაფართოებას, უფრო, სხვა მხრივ ვფიქრობთ (გარდა პროდუქციის ზრდისა) – მინდა, რომ ის მწარმოებლები, რომლებიც თავიანთ საქმეში ძალიან ძლიერები არიან და, გარკვეული მიზეზების გამო, სასმელს ბოთლში ვერ ასხამენ და ბაზარზე ვერ გამოდიან, იმათ მოვუყარო თავი და მათთან ერთად შევძლო ერთიანი საქმიანობის კეთება. ასე მოვახდენ მათი სასმელის ჩამოსხმასა და ლეგალიზებას.
ავტორი – მარი ტიელიძე