„მაკო იორელის სახელობის კრეატიული ცენტრი” – სიახლე ქართული კულტურის სამყაროში

0
1130

„მოძრაობაა სიცოცხლე“ – ასე ამბობს მაკო იორელი-სასწრაფოშვილი, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი, ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტი და ავსტრიის საპატიო მოქალაქე.

– მაკო, რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, თქვენ, საქართველოში დაფუძნებული ახალი ორგანიზაციის ეგიდით, აპირებთ საქმინობის არეალის გაფართოებას. რამ განაპირობა ეს და რა აქტივობებს გეგმავთ?

– საქართველოში არის უამრავი ჭკვიანი, ნიჭიერი და ინიციატივიანი ადამიანი. მე დამიკავშარდა ერთი ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელმაც შემომთავაზა, ერთობლივი ძალისხმევით, კარგი  და სანტერესო პროექტების გახორციელება. ეს იდეაც მათ ეკუთვნოდათ. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია “ბექგრაუნდი” როგორც საზოგადოების წინაშე წარდომისას, ასევე – დონორთან ურთიერთობისას. მე იმდენად მომხიბლა ამ ადამიანების კრეტიულმა ხედვამ, რომ მზად ვიყავი, ახლადდაფუძნებული ორგანიზაციისათვის ჩემი სახელით მოქმედების, ჩემი კონტაქტების, გამოცდილებისა და ჩემი საკუთარი ბექგრაუნდის გამოყენების საშუალება მიმეცა, თუკი ეს მათ გამოადგებოდათ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემ გარშემო დღეს ეს ადამიანები არიან შემოკრებილები და ერთიანი ძალისხმევით ვაპირებთ, შევეჭიდოთ ყველა გამოწვევას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში.

რატომ, მაინცდამაინც, მაკო იორელი?

– ქეთი მარგალიტაძე (იურისტი) – ,,ეს არის ადამიანი, რომელიც არის ცხოვრების, ბრძოლის, ენერგიის წყარო. უკვე 17 წელია, მაკო იორელი ევროპასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. საქართველოს საზღვრებს გარეთ, ძალიან ბევრი სიკეთე და კარგი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოს სახელით. ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი საქმე აქვს, კულტურის სფეროში, გახორციელებული. არაერთი ადამიანისთვის არის სამაგალითო, როგორც, პირველ ყოვლისა, წარმატებული ქალი, რომელმაც შეძლო,  ავსტრიაში ამდენი წარმატებისთვის მიეღწია. ამავდროულად, არ დაეკარგა საქართველოს სიყვარული და ქართველობა. ის პროფესიონალია, მემგონი, დღეს,  საქართველოში, დეფიციტი გვაქვს ასეთი ადამიანების. ნამდვილად სამაგალითოა ბევრი ახალგაზრდისთვის, ძალიან კარგი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ხელოვნების სფეროს ქართველი წარმომადგენლებისთვის და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ევროპაში. ის ასოცირდება ენერგიასთან, ახალ იდეებთან და დასახული მიზნის მიღწევასთან.’’

– თეა ცომაია (განათლების ექსპერტი) – ,,ჩვენ ვართ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გვინდოდა, აღზრდისა და კულტურის მიმართულებით, რაიმე სერიოზული საქმე გაგვეკეთებინა. სწორედ კულტურის მეშვეობით გვინდა იმოქმედოს იმ საზოგადოებამ, რომელიც ჩვენ ირგვლივ არის. ქალბატონი მაკოს შესახებ ვიცოდით, რომ ძალიან წარმატებული ქალი იყო. გარდა იმისა, ისიც, რომ ქალბატონი მაკო არის ქართველი მსახიობი, მომღერალი, ავსტრიის საპატიო მოქალაქე, რომელიც სწორედ ხელოვნებითა და კულტურით აკეთებს თავის საქმეს მასტერკლასებით, სპექტაკლებით,  პირადი მაგალითებით მუშაობს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. ჩვენი იდეოლოგია დაემთხვა და ხელოვნებამ, კულტურამ და საქმისადმი შემოქმედებითობამ გაგვაერთიანა. ქალბატონი მაკოს სიტყვებია და გავიმეორებ, რომ ღიმილი ადამიანების სახეზე იყოს მომრავლებული. თვითონ მაკო არის ამის მაგალითი. ის ენერგეტიკასა და ბედნიერებას ასხივებს.’’

– ნინო გულუა (ექიმი) – „ქალბატონი მაკო ძალიან ქველმოქმედია. უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, კულტურის კუთხით არამარტო საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ცენტრი ხელს შეუწყობს, გარდა მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ჩართვისა, ნიჭიერი მოსახლეობის ჩართვის, რომელსაც ხელშეწყობა და კრეატიული ხელოვნების მიმართლებით განვითარება სჭირდება.’’

მაკო იორელი-სასწრაფოშვილი – ,,ხსენებული ცენტრი გეგმავს, განახორციელოს აქტივობები ხელოვნების, კულტურის, განათლების, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, შეზღუდული შესაძლებლობის პირების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ის თითქმის ყველაფერს მოიცავს. მე მაქვს ჩემი ხედვა და პროგრამა. პროგრამა, სადაც ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის მაქვს სქემა ფერადი ნახატებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიგოს, რა არის ქიმიოთერაპია. გაიგოს ისე, როგორც ზღაპარი, რომ არ იყოს ტრაგედია და ადვილად გაუმკლავდეს ბავშვი. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შესაბამის აქტივობებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ჩართულობაა. მათთვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ცენტრები არ არის. მათ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდის წინ, ჩემმა შვილმა, გიგლა ქათამაძემ, შეიმუშავა პროექტი. ავსტრიული მოდელი გადმოიტანა და ის, შეძლებისდაგვარად, მოარგო საქართველოს. ძალიან დიდი შრომა გასწია, რომ მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მოერგო, რადგან აქ სხვა პირობებია. ეს პროექტი არის გამზადებული და თავიდან ბოლომდე გაწერილი. ის სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს, მაგალითად, როგორ შეძლოს ადამიანმა, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად,სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის კეთება. ამ პროექტის გახორციელება იქნება ცენტრის ერთ-ერთი თემა. ამ ცენტრის არსებობა, პირველ ყოვლისა, ქვეყნისთვისაა სიკეთისა და სარგებლის მომტანი. ჩვენ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, საერთო ბაზარზე რას იტყვიან, რას იტყვის  ევროპა და საერთაშორისო ორგანიზაციები. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათ მოვაწონოთ თავი. მიმაჩნია, რომ ამით საქმე არ გაკეთება, რადგან ისინიც იმას უყურებენ, სად რა საქმე კეთდება. შეიძლება, ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მათ აიღონ ჩვენგან მაგალითები. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო ორგანზაციები გამოთქვამენ თანადგომას დახმარებად და, ალბათ, მოვიზიდავთ ინვესტიციებს. აუცილებლად ძალიან უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყაანა, ამ თემასთან პირადი შეხება უნდა გქონდეს, ცხოვრება უნდა გქონდეს გამოვლილი, არ უნდა იყო გაბოროტებული და ეს თემა უნდა გტკიოდეს“.

ავტორი – მარი ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here