
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა – „ჭიდაობის პროფესორი”. წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ვახტანგ ბალავაძე პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. მან ეს ტიტული ორჯერ მოიგო. ამას გარდა ხუთჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მოიგო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი და მრავალი საერთაშორისო ტურნირი. ამას გარდა მან დიდ წარმატებას მიაღწია სამწვრთნელო ასპარეზზეც. ათწლეულებია თბილისი მისი სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.
ღონისძიების დასაწყისში შეკრებილმა საზოგადოებამ ვახტანგ ბალავაძისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო.
პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.