
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით, დღის ცენტრებისა და თავშესაფრების ბენეფიციარ ბავშვებს მათთვის შექმნილ ინფორმაციულ ფილმს აჩვენებს, ბავშვებს ურიგდებათ სპეციალური ლიტერატურა, ასევე აქსესუარები, რომელიც ღამით მოძრავ ბავშვებს უფრო ხილულს გახდის. ეს გზებზე ინციდენტების თავიდან აცილების პრევენციაა და თან ხელს უწყობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რესოციალიზაციას.
ტრენინგი უკვე ჩატარდა თბილისის და რეგიონების რამდენიმე თავშესაფარში. ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მიწოდებულ ინფორმაციაზე, ასევე იმ აქსესუარებზე რომლებიც მათ ტრენინგის ბოლოს გადასცა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ – პროექტების კოორდინატორმა და ტრენერმა გიორგი ჩუტკერაშვილმა.
ერთ-ერთი ბოლო ტრენინგი რუსთავში მდებარე „კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა, სადაც ყოველდღიურად 40-მდე ბავშვი იღებს სხვადასხვა სერვისს. დღის ცენტრის კოორდინატორი ნანა ცხვედაძე აცხადებს, რომ ბავშვებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი მცდელობის მიუხედავად ბავშვები მაინც დიდ დროს ატარებენ ქუჩაში
ტრენინგს უცხოელი პარტნიორებიც ესწრებოდნენ, რომლებისთვისაც საინტრესო იყო ტრენინგის მიმდინარეობისას ბავშვების ჩართულობა, თემატიკა და აქტუალობა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მარი წერეთლის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია მაქსიმალურად მოარიდონ ეს ბავშვები ქუჩას, სხვადასხვა სერვისში ჩართვით და ინდივიდუალური მუშაობით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ ღირსეულ დაბრუნებას, მსგავსი ტრენინგები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მათი რესოციალიზაციისკენ.