რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილე, ირაკლი მატკავასთან ერთად, თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოანნა ვრონეცკა ხელმძღვანელობს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართველოში – მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდა.
ზურაბ ალავიძემ პოლონეთის დელეგაციას სამინისტროს პრიორიტეტები, ის მასშტაბური საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პროექტები გააცნო, რომლის გახორციელებას უწყება 2017- 2020 წლამდე გეგმავს.
იოანნა ვრონეცკამ კიდევე ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა მხარდაჭერა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, პოლონური კომპანიების აქტიურ ჩართულობას ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებაში.
შეხვედრის დასასრულ, ზურაბ ალავიძემ, სამინისტროს სახელით, პოლონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.












