
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის კონცეფციაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. კონცეფცია ერთობლივად შემუშავდა გერმანიის საერთაშოროს თანამშრომლობის საზოგადოების და პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრო კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად. პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მეშვეობით.
შეხვედრაზე ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის მონაწილეობით შემუშავებული ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის კონცეფცია წარმოადგინეს, რომელიც დეტალურად განიხილავს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის, დაგეგმვის, გაშენების და დაცვის ფუნქციების უწყებრივ გადანაწილებას. მას შემდეგ, რაც კონცეფცია იქნება მხარდაჭერილი, პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გეგმავს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სრულყოფას პარლამენტს საგაზაფხულო სესიამდე.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, პარლამენტის გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნიის, მუნიციპალიტეტების გამგეობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.