
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს.
იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) მასზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ის შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს, რომლებშიც, სულ მცირე, ოთხი ხელნაწერია.
ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. ასევე, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქრონოლოგია.
უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნეებისაა − მხედრულით.
ხელნაწერი გაფორმებულია წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურებით.