“სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა

0
721

სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებზე. “მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და, განსაკუთრებით, მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განხორციელებული საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან ერთად შეაჯამა. ჩვენ სამუშაო ფორმატში განვიხილავთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ეფექტიანად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა,“ – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, საზოგადოებრივი სექტორის, სამეცნიერო წრეების, დარგობრივი ასოციაციების და მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამოქალაქო დარბაზის“ წევრების მიერ დასმული საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილეს თემატურმა ჯგუფებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე და ახალ რეგულაციებზე.
„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო – „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წელს შეიქმნა და მასში ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here