ფული პატარა ღმერთიაო

0
385

მიდის თუ არა პატარა ღმერთი ბაღდათელებთან?

ვაი, ქონავ! კი არა და, ვაი, უქონლობავ! უქონლობა ბაღდათელებისთვისაც “ვაია”. პატარა საქართველოს პატარა იმერეთის პატარა ქალაქში აქაურებს შემოსავალიც მცირე აქვთ. მეურნეობა და მიწათმოქმედება აქ ყველა ასაკსა და სქესს აერთიანებს.

რომ არა მიწის დამუშავება და საქონლის მოვლა, შემოსავალი მცირეც არ იქნებოდა. ბაღდათში სამუშაო ადგილებზე კითხვა აქაურებისთვის ღიმილს იწვევს. ღიმილთან ერთად ჩემს მოლოდინს, რომ პასუხი სიცარიელე იქნება.

42 წლის ლელა მშვენიერაძე ამ ქალაქში ცხოვრობს. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიის სახით, მას მცირე ბიზნესი აქვს. ამ ბიზნესისთვის ბანკიდან სესხი აიღო, ვალი აქვს და დღემდე ფარავს. უკვე სამი წელია, რაც ლელას ეს მაღაზია აქვს, მაგრამ ამას ამბობს: “ამით ახლა თავს ვიტყუებთ”. მომხმარებლებითაც ვერ არის განებივრებული: “ხალხი არის უმუშევარი, გაჭირვებული ძალიან. ბაღდათში ძალიან უჭირთ”. როგორც იმ ამბობს, თუკი აქ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, ყველაფერი ბანკის სესხით. ყველას ვალი აქვს. ” – ახალგაზრდამ სად უნდა იმუშაოს?”; “-ვერ იმუშავებს”…

ბაღდათის მაცხოვრებელია 62 წლის ვეტ.ექიმი თემურ რობაქიძეც. ის სამუშაო ადგილების არარსებობაში გამგეობის როლს აფასებს. ამბობს, რომ არაერთი განცხადება დაწერილა გამგეობის მიმართ. პასუხს ყოველთვის ელოდებიან, მაგრამ რეაგირება იშვიათია. შედეგი სახეზეა – არ არსებობს პასუხი კითხვაზე – რა სახის სამუშაო ადგილებია ბაღდათში.

რომან ფაიქიძე 18 წლისაა. ამჯერად ჯარში მსახურობს. დასასაქმებლად  არავისთის მიუმართავს, მაგრამ იცის, რომ სამუშაო ადგილების დიდი არჩევანი არ აქვს. როგორც ის ამბობს, აქაურები, ძირითადად, სუპერმარკეტებში, სასადილოებში, ან  აფთიაქებში საქმდებიან. აქაც, უმეტესად, ამავე დაწესებულებების მფლობელების ახლობლები. მიაჩნია, რომ თუ დასაქმებას გადაწყვეტს, გაუჭირდება. ისურვებდა მეტ სამუშაო ადგილს მაღაზიებისა და რესტორნების სახით.

66 წლის დავით გარჩაკუდაშვილი 47 წელია, “თმას კრიჭავს და წვერს პარსავს”. ფიქრობს, რომ ბაღდათში, საკუთარ პროფესიაში, კონკურენტები ჰყავს. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ისიც შიშობს, განასაკუთრებით იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვერ საქმდებიან: “აღარაფერია ახალგაზრდებისთვის. ფაბრიკა აქ აღარაა და ქარხანა”.

არჩილ გოგსაძე ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია. დასაქმების პრობლემას ის არა მხოლოდ ბაღდათის, არამედ – მთელი საქართველოს დონეზე განიხილავს. ახალი თაობის მიგრაციის უპირველესი მიზეზიც მისთვის დაუსაქმებელი ახალგაზრდობაა. თუმცა, იქაურ სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს, მხარდაჭერას მგზავრობის თანხების შეღავათების სახით. გამგეობა რაიონის ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას ცდილობს. ეს პროცესი დროს მოითხოვს. დროის გასვლისა და რაიონის მოწესრიგების შემდეგ, ბიზნესი თავისთავად განვითარდება, კიდევ უფრო თავისთავად კი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

დაუსაქმებლობაა ის უპირველესი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სოფლებსა და ქალაქებს ტოვებენ. “გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო” – დანახული გაჭირვებაა ის, რაც მსოფლიოში დიდი რაოდენობით ქართველ იმიგრანტს განაპირობებს.

მარი ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here