
30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ‘ევროპის მემკვიდრეობის დღეების’ ფარგლებში, ხელოვნების სასახლე გიწვევთ სპეციალურად მომზადებულ საგანმანათლებლო ტურზე – ” ხელოვნების სასახლის დენდროლოგიური ბაღი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ატრიბუტი”.
ტურის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ ხელოვნების სასახლის ეზოში გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღსა და შენობის ინტერიერში არსებულ ე.წ. რომაულ ბაღს. ვიზიტორებს, ასაკის შესაბამისად, ჩაუტარდებათ ექსკურსია თემაზე – ” ხელოვნების სასახლის დენდროლოგიური ბაღი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ატრიბუტი”.
დასწრება თავისუფალი იქნება როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებისათვის, ასევე – სკოლის აღსაზრდელთათვის.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინატორობით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2017 წლის თემაა ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, არასამთავრობო ორგნიზაციების ჩართულობით სემინარები, გამოფენები, შემეცნებითი ტურები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები, უმეტესად, ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები. ძირითადად, ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგის ურთიერთკავშირის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე.