მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები-გეგუთი

0
774

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა გეგუთის სასახლის კომპლექსის საიტის მოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რომელიც საველე არქეოლოგიურ კვლევასა და კონსერვაციას ითვალისწინებდა. საველე არქეოლოგიის მიზანს წარმოადგენდა კომპლექსის ერთ-ერთ თხრილში 2016 წელს გამოვლენილი ადრეული შუასაუკუნეების ნაგებობების საკვანძო ადგილების შესწავლა, რომლის დროსაც სპეციალისტებმა რიყის ქვით ნაგები ადრეული შუასაუკუნეების (IV-V სს.) ნაგებობათა ნაშთები, ახ. წ. VI ს–ის დიდკვადროვანი წყობით ნაგები ციხის სამხრეთის კედელი, მე–7–8 ფენების კუთვნილი (VIII–X სს.) აგურის სასახლის სათავსო და გვიანიშუასაკუნეების ჭა და დაკირული ქვევრი აღმოაჩინეს.
წარმოებული სამუშაოების დროს თხრილი გაფართოვდა სამხრეთის მიმართულებით და თითქმის მთლიანად გაიხსნა წინა სეზონზე გამოვლენილი რიყის ქვითა და დუღაბით ნაშენი ნაგებობების სისტემის ერთ–ერთი სათავსოს ინტერიერი. გეგუთის არქეოლოგიური კვლევის სამწლიან პერიოდში ადრეული შუასაუკუნეების რიყის ქვით ნაგებ კედლებზე არქეოლოგებმა პირველად დააფიქსირეს სვეტებისა და დირეების ბუდეები, რაც აღნიშნული სათავსოს ორსართულიანობაზე მიანიშნებს.

მე-20 თხრილში, კულტურული ფენების სტრატიგრაფიის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რიყის ქვით ნაგები კედლების იატაკის სხვადასხვა დონეზე სქელტანიანი ამფორების, მოჭიქული კრამიტების, მინის, ფაიფურისა და მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოჩნდეს.
კვლევის ამ ეტაპზე ფიზიკური სამუშაოები დასრულებულია. გათხრილ მონაკვეთებზე, უახლოეს მომავალში, დაიწყება არქიტექტურული ანაზომების გაკეთება და აღმოჩენილი არტეფაქტების კამერალური დამუშავება. არქეოლოგიურად დამუშავებული უბნები, სამომავლოდ, მინის სპეციალური კონსტრუქციებით დაიფარება.
საიტის მოწყობის I ეტაპის ფარგლებში, სასახლის კამარის 190 კვ.მ-ის ზედაპირზე მთლიანად მოიხსნა მცენარეული საფარი, რომელიც კირის სპეც. ხსნარით დამუშავდა და აგურის პირველადი წყობით აღდგა. კამარის ზედაპირი დაიფარა ორკომპონენტიანი ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით.
გეგუთის სასახლის კომპლექსის საიტის მოწყობის II ეტაპი მომავალ წელს გაგრძელდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here