Home კულტურა … ასე თამაშით შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინა

… ასე თამაშით შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინა

… ასე თამაშით შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინა

თოჯინა, როგორც საწყისი. საწყისი ბავშვობის, ვისთვის ბავშვობის, ვისთვის…

32 წლის ნანა მჭედლიშვილისთვის ყოველი თოჯინის შექმნა ახალი ამოცანაა, ყოველი ახლის შექმნა ახალი თავსატეხია მისთვის 1998 წლიდან.

ნანა პროფესიით მხატვარია. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ხატი დაწერა. გარდა მხატვრობისა, საიტების დიზაინზე მუშაობითაა დაკავებული. ამავდროულად, სხვადასხვა ხელსაქმე გამოსდის.

დაიბადა თბილისში, დაიბადა 32 წლის წინ.

მისი პირველი თოჯინის ასაკი 19 წელია.

სამუშაოდ სხვადასხვა მასალას იყენებს, იქნება ეს ნაჭერი, ტყავი, თიხა თუ სხვ. როგორც თავად ამბობს, მასალაში შეზღუდული არ არის, უყვარს მრავალფეროვნება და უყვარს სხვადასხვა ექსპერიმენტი.

თოჯინების შექმნით, მის ოჯახში, დაკავებული არავინაა. თუმცა, ნანას დედას ხელსაქმე კარგად გამოსდის. არაჩვეულებრივად ქარგავს, კერავს, ქსოვს და სხვა… „ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს ექვსი წლის ძმიშვილს, გიორგი მჭედლიშვილს, მის ასაკში იშვიათი ძერწვის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა”.

რატომ გადაწყვიტეთ თოჯინების შექმნა?

– ეს თავისთავად მოხდა… თავიდან არ მიფიქრია, რომ თოჯინა უნდა გამეკეთებინა. გამოვძერწე ერთ-ერთი ფიგურის თავი, რასაც დასჭირდა ტანიც და ასე, თამაშით, შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინა…

ნანა შეკვეთებსაც იღებს ხოლმე. თუ სპეციალური დაკვეთა არ არის, მათ საკუთარი იდეებიდან გამომდინარე ამზადებს. ამზადებს დახურულკარიან ოთახში, მშვიდ, წყნარ გარემოში. მისთვის სტიმული საკუთარი ინტერესია იმ ხელობის მიმართ, რითაც დაკავებულია. „ყოველი დასრულებული თოჯინა ახალი თოჯინის შექმნის სტიმულს მიქმნის“.

თოჯინების შექმნის პროცესი, ნანასთვის, გარდა პროფესიისა, ჰობია, ინტერესია და, ამავდროულად, შემოსავლის წყარო.

“თოჯინის შექმნა იწყება იდეით და ბევრი ფიქრით,რა იქნება ძირითადი, წამყვანი დეტალი. შემდეგ იხატება ესკიზი და ესკიზის მიხედვით ვიწყებ მასალების მოძიებას,რის შემდეგაც იხურება ოთახის კარი”.

როგორც არაერთ ხელოვანს, საკუთარი ნამუშევრებიდან ერთის გამოყოფა ნანასთვისაც არ არის მარტივი. ყოველი თოჯინა მისთვის გამორჩეულია, “თუმცა არის განსაკუთრებული თოჯინა, რომელიც გავაკეთე საჩუქრად  და არ იყიდება. ეს არის ჩემი მეუღლის პროტოტიპი, რომელიც ძალიან გავს მას”.

საკუთარი ნამუშევრების გაჩუქების პროცესი ნანასთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს იმიტომ, რომ ადრესატები მისთვის ძალიან გამორჩეული ადამიანები არიან. ხელოვანი იხსენებს, რომ თავის ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი ილია მეორე და ძალიან მოსწონებია ნანას ნამუშევარი „მეცხვარე“. რამდენიმე წლის შემდეგ მას პატრიარქთან  შეხვედრის საშუალება მიეცა და „მეცხვარე“ საჩუქრად გადასცა.  „ძალიან მიხარია, რომ ჩემი თოჯინა მასთან არის“.

როგორ ფიქრობთ, გამოირჩევა თუ არა თქვენი თოჯინები სხვათაგან?

-მე ვფიქრობ, რომ ყველა ნამუშევარი გამორჩეულია სხვათაგან, თუმცა ჩემს ნამუშევრებში არის კომპოზიციები, მაგალითად – მუსიკოსები. მათ აერთიანებს ერთი თემა.

საკუთარი ნამუშევრებით არაერთ გამოფენაზე წარმსდგარა. წელს კი პრაღის საერთაშორისო თოჯინების ფესტივალზე იღებს მონაწილეობას.

როგორია საზოგადოების ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ?

– ინტერესი საკმაოდ დიდია. ასევე, დიდია დადებითი დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობისგან, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია.

სამომავლოდ, ხელოვანის სურვილი პერსონალური გამოფენის მოწყობაა.

მარი ტიელიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here