Invictus Games-ში მონაწილე ქართველი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

0
564

კანადაში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის კიდევ ერთხელ გატანისთვის მადლობა გადაუხადა. ჯარისკაცებთან დასახვედრად აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი – ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი – ზაზა ჩხაიძე მივიდნენ.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი მათ გამარჯვება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცეპოლკოვნიკმა დევიდ ეთელმაც მიულოცეს.

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში” მესამედ მონაწილეობდნენ. მათ პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში იმყოფებოდნენ.
ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, წელს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაემგზავრნენ.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here