
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს უსაფრთხოების სექტორისთვის სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვის ტრენინგი დაიწყო. სემინარი DIB სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ტრენინგი სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებულ თეორიებსა და საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტებს ითვალისწინებს.
სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მოხსენებებს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, შალვა ძებისაშვილი, ასევე, კლინგენდაელის აკადემიის მკვლევარები – ნილს დე მუიჟი და ეველინ ბორგმანი გააკეთებენ. კურსის განმავლობაში, მომხსენებლები ისეთ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ანალიზი, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და სხვა. მონაწილეებს სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვის სიმულაციურ სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.
სემინარი DIB სკოლასა და კლინგენდაელის აკადემიასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.