
10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიოალბომის წარდგენას.
ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში არსებული ახალგაზრდული ანსამბლებისა და ახალგაზრდა ლოტბარების ხელშეწყობა, მათი აუდიოჩანაწერების გამოცემა-პოპულარიზება. ფონდის წლევანდელ რჩეულებს შორის ანსამბლი „შემოქმედი“ შეირჩა.
• აუდიოალბომის ჩაწერა განხორციელდა ქ. ოზურგეთში გალობის უნივერსიტეტის მოძრავი სტუდიით
• ხმის რეჟისორი – ილია ჯღარკავა
• დიზაინი – დავით ჯამრიშვილი
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი“ შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი, 2007 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის – იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან, „შემოქმედი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას.
„შემოქმედის“ მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი – შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა.
ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა (ნომინაცია „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი“).
დასწრება თავისუფალია.