Home პერსონა ჩემი ცნობიერება და ხატვა ერთად იწყება (+ ფოტოები)

ჩემი ცნობიერება და ხატვა ერთად იწყება (+ ფოტოები)

ჩემი ცნობიერება და ხატვა ერთად იწყება (+ ფოტოები)

სამი წლიდან მხატვარი. დღეს – 22 წლის. მედეა ყირიმელი ქალაქ გორში დაიბადა, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, ინტერიერისა და დიზაინის მიმართულებით, წელს დაამთავრა.

ხატვის ნიჭი მედეას დედისგან გამოჰყვა, ძალიან ნიჭიერი დედისგან, რომელსაც ამ კუთხით მუშაობა არ გაუგრძელებია.

ემოციების გამოსახატად, მხატვარი სხვადასხვა მასალას იყენებს. დაიწყო გრაფიკით, ამიტომ, ტუშის კალმითა და მელნით მუშაობდა. შემდეგ პერიოდში, მისი სამხატვრო სივრცე აკვარელმა დაიპყრო, ახლა კი, ძირითადად, ზეთის საღებავებითა და აკვარელებით მუშაობს.

ძირითადად, რას ხატავთ?

აბსტრაქცია უფრო ჩემია, ჩემი ემოციების სწორი გამოხატვა. თუმცა, პორტრეტებსაც ძალიან ხშირად ვხატავ.

ის იდეალური გარემო, რომელშიც მხატვარი ნამუშევრებს ჰქმნის, მას ჯერ არ უპოვნია. “თუმცა, ყველანაირად ვცდილობ, მუშაობისას შევიქმნა სიმყუდროვე და მაქსიმალური კომფორტი: მუსიკა, ჩაი და მარტოობა საუკეთესო გარემოა”.

მედეას უბრალო ჩანახატებშიც კი ყოველთვის იგრძნობა ის ემოცია, რასაც ის ხატვის პროცესში განიცდის. უემოციოდ არასდროს ხატავს. მიზეზიც ეს არის იმისა, რომ ადამიანებს მისი ნახატები ძალიან მოსწონთ. “ალბათ, მათთან ახლოს მიდის ის კონკრეტული ვნებები, რაც ჩემს ნახატებშია”.

მხატვრობის გარდა, შემოქმედი სხვა საქმიანობებითაც ხშირად კავდება – მოყვარული მსახიობია და ორ თეატრალურ დასში უმუშავია. გარდა ამისა, ძალიან უყვარს ახალგაზრდული საქმიანობები. არაერთხელ ყოფილა მოხალისედ სხვადასხვა ღონისძიებაში. მომავალშიც, აუცილებად გეგმავს, ამ კუთხით, საკუთარი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

მედეასთვის ხატვა შემოსავლის წყაროცაა. ხშირად იღებს კერძო შეკვეთებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სასწავლი ჯერ კიდე ბევრი აქვს.

აღგვიწერეთ ხატვის პროცესი…

– ხატვისას დრო ჩერდება, ან ისე გადის, რომ ვერ ვიგებ. ემოციები ხორცს ისხამს – ხილული ხდება.

მარი ტიელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here