Home გარემოს დაცვა GFW-საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა

GFW-საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა

სასტუმრო ჰუალინგ თბილისში “Global Forest watch” (GFW) საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ზავრაშვილმა მიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთობლივად ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. ბიუჯეტი წარმოადგენს 1,500,000 აშშ დოლარს და სამინისტროს მხრიდან არაფულად 2,000,000 აშშ დოლარით კონტრიბუციას. პროექტი დამტკიცდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ.

პლენარულ სხდომაზე, პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, არსებული პროგრესი და მიღწევები შეაჯამეს საპილოტე ქვეყნებში – საქართველოსა და მადაგასკარში. სხდომის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ GFW საქართველოს პროექტის ფარგლებში ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციისა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის (FLUIDS) სისტემის” პროგრესსა და მისი მუშაობის სპეციფიკას.

პროექტის მიზანი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ტექნოლოგიითა და ინფორმაციით წახალისება და ხელშეწყობაა, უმეტესწილად კი – ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში. პროექტის წარმატებით გახორციელება და მისი შედეგები გააუმჯობესებს მიწათსარგებლობასა და ტყეებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობასა და სიზუსტეს, ასევე, უზრუნველყოფს ინფორმაციის აქტიურ გამოყენებასა და სატყეო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების როგორც დაგეგმვასა და გახორციელებას, ასევე – მონიტორინგს.

პროექტის გახორციელება ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებისა და სამოქმედო გეგმის, ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის ( საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ), ასევე, ახალი ტყის კოდექსის  აღსრულებას ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვით. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, ასევე, დაეხმარება სამინისტროს სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულების, მაგ. “Forest Europe”, “UNFF”, “SDGs”, “FAO”, “UNECE”-ის ფარგლებში არსებული ეროვნული ანგარიშგების (რეპორტების) ხარისხის უზრუნველყოფაში. შესაძლებელი გახდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით მონაცემთა სისტემური შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გამარტივებული ვიზუალიზაცია, რომელიც, ასევე, დაეხმარება სამინისტროს, ტყისა და მიწათსარგებლობის კუთხით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე, ტყით სარგებლობისა და ტყის ტენდენციების მონიტორინგსა და ანალიზში.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების (UNEP – ჟენევისა და WRI – ვაშინგტონის ოფისები), მადაგასკარის გარემოს დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNDP, WWF, GIZ, CENN, GreenAlternative, NACRES, GIS-LAB) ესწრებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here