
2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა – გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები. ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.
გამარჯვებულება მიიღეს როგორც ფულადი, ასევე, მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.
გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა დავით მაზანაშვილის ბენდი და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით მან თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ცენტრალური და 300-მდე პარალელური ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკებს (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, სენაკი, თელავი, გორი) წელს ყველა ასაკის გამორჩეულად ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებული სიმრავლით სკოლის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.