მარიამ ადამაშვილის წიგნს პირველად ლონდონმა უმასპინძლა

0
1288
  1. პირველ ყოვლისა, თქვენი წიგნის შესახებ, ჩვენს მკითხველს, მოკლე ინფორმაცია რომ მიაწოდოთ

ეს არის „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003-2013), რომელიც წელს დაიბეჭდა თბილისურ სტამბაში – „ფავორიტი“. წიგნი განკუთვნილია მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნში გამოყენებულია ჩემთვის საკმაოდ პატივსაცემი ადამიანის, ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ფოტოები და უღრმესი მადლობა მას ამ ნამუშევრებისთვის.  სამეცნიერო რედაქტორები არიან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გიგლა გობეჩია და  ვაჟა პაპასკირი, რედაქტორი: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ინგა ღუტიძე.

მოხარული ვარ, რომ ამ წიგნის რეცენზენტია დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, პროფესორი – ლევან იზორია, რომელიც მაშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  1. რას ეხება ეს წიგნი?

ძირითადად, ეხება მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების  საკითხს, რაც დღემდე სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. ეს წიგნი ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. მასში, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, არის განხილული ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ რა ზეგავლენას ახდენს ქართული მედია ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე; საკვლევი პერიოდის ათწლეულში, სახელმწიფოს მხრიდან, რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები.

თანამედროვე სამყაროში დიდი ყურადღება ეთმობა მედიის საკითხების კვლევას მისი განუზომელი როლის გამო. ქართული მედია კი, ამ მხრივ, ყურადღების მიღმა დარჩა, ის სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად დღემდე ვერ იქცა. წინამდებარე მონოგრაფია ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობაა. ნაშრომი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისას მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხს ეძღვნება.

  1. რამ მოგცათ სტიმული, რომ ის დაგეწერათ?

მედიის როლი პოლიტიკურ პროცესებში, ისევე, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების დაინტერესება მედიით, განსაკუთრებით თვალსაჩინო კრიზისულ სიტუაციებშია, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება.

ბოლო პერიოდში, ქართულ ენაზე ბევრი ნორმატიული გზამკვლევი გამოიცა, რომელთა ფურცლებზეც საუბარია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი, მედია, მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის იდეალური მოდელი, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ხორციელდება ეს რეალურად? რატომ ვერ ისხამს ხორცს იდეალური მოდელი რეალობაში? წინამდებარე ნაშრომი ამ აქტუალურ საკითხებზე პასუხის გაცემის მცდელობას წარმოადგენს.

ნაშრომში მნიშვნელოვანია მასმედიის როლის საერთო კონტექსტში განხილვა და არა მისი სეგმენტური შესწავლა, ანუ მედიის კვლევაში სიახლედ უნდა მივიჩნიოთ მედიის შესწავლა არა თავად მედიის პრიზმით, არამედ – პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისითაც.

წინამდებარე ნაშრომი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებაში პირველი ცდაა, გამოკვლეულ იქნას საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, განისაზღვროს მედიის როლი პოლიტიკურად კრიზისული სიტუაციების გაშუქებისას, ასევე, დადგინდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მისი ზეგავლენა. ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას, განსახილველ პერიოდში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური კრიზისების დასავლეთის ბრენდმედია ორგანიზაციების მიერ გაშუქების ტენდენციების შესწავლისა.

  1. მისი წერისას, თქვენს მიზანს რა წარმოადგენდა? რა შედეგებზეა ის ორიენტირებული?

კვლევის მიზანი იყო, შედარებით კონკრეტული სფეროების ანალიზის საფუძველზე მიგვეღო ადვილად განსაზოგადებელი შედეგები. შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის პრობლემების თვალსაზრისით ეხება ოთხ მთავარ თემას:

  • მედიის დამოუკიდებლობა;
  • მედია სივრცის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის;
  • მედიის, როგორც საზოგადოების ინფორმაციული არჩევანის საშუალების, არსებობა;
  • მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები.

დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მედიის როლის განხილვა როგორც საქართველოს მსგავს სხვა განვითარებად პოლიტიკურ სისტემებში, ასევე – დასავლური დემოკრატიის მოდელების  გაანალიზებაც, რათა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში მასმედიის როლის განსაზღვრისას (რასაც, ბუნებრივია, ჩვენს კვლევაში ცენტრალური ადგილი უჭირავს) გამოვლინდეს ემორჩილება თუ არა ქართული პოლიტიკური სისტემა და მისი ძირითადი პოლიტიკური ინსტიტუტები საერთო კანონზომიერებებს – რა განასხვავებს მათგან და რით ემსგავსება ქართული პარადიგმა მათ.

პოლიტიკურ სისტემაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – მასმედიის როლის სხვა პოლიტიკურ აგენტებთან საერთო კონტექსტში განხილვა საკვანძო პრობლემას წარმოადგენს. ნაშრომის მთავარი მიზანიც სწორედ ამ არსებული პრობლემიდან გამომდინარეობს და გულისხმობს: პოლიტიკურ სისტემაში, მედიის როლისა და ადგილის თავისებურებათა განსაზღვრას:

  • რა ზეგავლენას ახდენს მედია პოლიტიკურ პროცესებზე;
  • მედიის ხასიათი და ზეგავლენის ხარისხი აუდიტორიაზე;
  • აუდიტორიის რა სეგმენტზეა ორიენტირებული მედია, ანუ ის საზოგადოების ინტერესებისათვის მუშაობს, თუ მის დასაინტერესებლად;
  • მედია უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლებაზე, თუ პირიქით;
  • რა ტიპის ურთიერთქმედება არსებობს მედიასა და სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის;
  • რამდენად ძლიერია მედიაში პოლიტიკური პროპაგანდა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

ეს ის ელემენტებია, რომლებიც პოლიტიკურ სისტემაში მედიის როლის საერთო კონსტრუქტს წარმოადგენს. თანაც, ყოველივე ამის კონტექსტიდან ამოღება და ცალკე ერთი პოლიტიკური სისტემის, ან, მით უმეტეს, ერთი ქვეყნის (ამ შემთხვევაში საქართველოს) მაგალითზე შესწავლა ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია.

  1. წყაროებად რა მასალა გაქვთ მოყვანილი?

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისები, როგორც წესი, ფართო ასახვას ჰპოვებს მსოფლიო მედიასაშუალებებში, თუმცა, უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიზისების, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური თუ სამხედრო, ყველა ბრენდმედიაორგანიზაცია, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საკვლევ პერიოდში, ანუ 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან  2012 წლის ოქტომბრამდე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის გაშუქებისას სწორედ ზემოაღნიშნული ტენდენცია გამოიკვეთა. ამ ომს ქართული, რუსული, თუ უცხოური მედია აშუქებდა ისე და იმგვარად, როგორც მათ სახელმწიფოებს აძლევდა ეს ხელს. შემდგომში აღნიშნული ტენდენცია კარგად გამოიკვეთა კიევში, ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას.

საქართველოში მიმდინარე გარკვეული პროცესები დასავლურ მედიასივრცეში საკმაოდ ვრცლადაა განხილული (მაგალითად, აგვისტოს ომი, ციხის სკანდალი, ვარდების რევოლუცია, არჩევნები), თუმცა ჩვენი  თემა ინგლისურენოვანი, თუ სხვა უცხოელ ავტორთა შეფასებების თავმოყრისა და კომენტირების პირველი მცდელობაა.

  1. მის გამოქვეყნებას რა გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ქვეყანაში?

ვინაიდან, ჯერჯერობით, საქართველოში ეს წიგნი ხელმისაწვდომი არაა, შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე გამოხმაურება მაქვს ჯერჯერობით, რომლის ციტირებასაც მოვახდენ: „მივიჩნევ, რომ აღნიშნულ ნაშრომში დასმული საკითხები გულწრფელი წუხილი და მცდელობაა იმისა, რომ მედიამ ახლო მომავალში იპოვოს განვითარების გზა მთავარი ღირებულებების კვალდაკვალ. სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მედია უპირობოდ ჩადგეს საზოგადოების სამსახურში, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებისა და პოლიტიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ინტერესების განუხრელი დაცვით.

მე, როგორც დემოკრატიის განვითარებისთვის, მმართველობითი სისტემის ეფექტურად ჩამოყალიბებისთვის დაგეგმილი რეფორმის მონაწილე, მიმაჩნია, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც აღნიშნულ ნაშრომშია ყურადღება გამახვილებული, უნდა იქცეს სართო საზოგადოებრივ წრეებში საჯარო განხილვის საგნად იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი, ზოგჯერ არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯები, ზუსტად იქნეს გაგებული მედიის და, შესაბამისად, საზოგადოების მიერ. დარწმუნებული ვარ, ვერცერთი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ ხელისუფლებას არ ექნება ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა, ხოლო საზოგადოებას არ ექნება მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ საფუძველზე დაყრდნობით აპირებს ხელისუფლება მისი მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. იმედი მაქვს, აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი მოწონებული იქნება კომპეტენტური პირების მიერ, ხოლო მისი მთავარი მიზანი, მედიის დამოუკიდებლობა, საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისათვის მედიასივრცის ხელმისაწვდომობა, მედიის, როგორც საზოგადოების ინფორმირებული არჩევანის საშუალების არსებობა, მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დახვეწა, უახლოეს მომავალში, რეალობად იქცევა, რაც ძლიერ საფუძველს შექმნის დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის.“ – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეერეკლე ტრიპოლსკი.

და კიდევ ერთი: „ვინაიდან, დღემდე არ იყო სათანადოდ შესწავლილი მედიაში და მის ირგვლივ არსებული მდგომარეობა: როგორ აღიქმება ის საზოგადოებისა და პროფესიონალების მიერ, რა მოლოდინები აქვს საზოგადოებას ამ სექტორისაგან და რაში მდგომარეობს მედიის ძლიერი და სუსტი მხარეები, ამ პოლიტიზირებული საკითხის შესწავლის მიზნით  ჩატარაებული სოციოლოგიური გამოკვლევა ნაშრომს მნიშვნელოვნად ამდიდრებს. აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თეორიული გააზრება სადისკუსიო საგნის აქტუალობას კიდევ ერთხელ ნათლად წამოსწევს წინ. ვფიქრობ, წიგნში წარმოდგენილი მასალა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს XXI საუკუნის დასაწყისის თანამედროვე დასავლური და ქართული ჟურნალისტიკის საკითხების კვლევისას”. – „დემოკრატიული მოძრაობის წევრი“, ჟურნალისტი, გიორგი ახვლედიანი

  1. როგორც ვიცით, თქვენი ამ წიგნის პრეზენტაცია ლონდონში უკვე გაიმართა. აქ ის ვინ შეაფასა?

ჩემი ნაშრომის  – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისში მოღვაწე ჟურნალისტის – გიორგი ლალიაშვილის, ასევე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, ასევე, სამეფო აზიური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. პრეზენტაცია აუდიტორიის ავტორთან კითხვა–პასუხის ფორმით წარიმართა.

ლონდონში მოღვაწე ჟურნალისტმა, გიორგი ლალიაშვილმა, აღნიშნა: „ახალგაზრდა მკვლევარი, ვარდების რევოლუციის ხანიდან ციხეში განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრების გავრცელებამდე პერიოდს გულმოდგინედ უღრმავდება და პროცესების საღ შეფასებას ახდენს  ქართული და უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოხმობით. თვით გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების მრავალფეროვნებაც მიუთითებს ავტორის ხედვის სიფართოვესა და მასშტაბს. იგი ყველგან ინარჩუნებს მაქსიმალურ ობიექტურობას და სანდოობის მაღალ ხარისხს სწორედ ეს განაპირობებს“.

მოწვეული უცხოელი სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ „მარიამ ადამაშვილი ზუსტად შენიშნავს და გადმოსცემს თავის წიგნში განსხვავებას საქართველოსა და დასავლურ პოლიტიკურ სისტემებს შორის, სადაც მედია ხელისუფლებისთვის უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობის საშუალებაა, საქართველოს ტიპის ქვეყნებში კი აგიტაციის, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება. ამ წიგნით ჩვენ საშუალება გვაქვს გავეცნოთ საქართველოს განვლილი დეკადის პირუთვნელ სურათს. მედიის საკითხების ახალგაზრდა ქართველი მკვლევარის პროფესიული სიღრმე და პასუხისმგებლობა ნამდვილად ღირებული და ანგარიშგასაწევია!“.

ცნობისთვის, აღვნიშნავ, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო აზიური საზოგადოება ლონდონში, სადაც წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ის ადგილი გახლავთ, სადაც 1912 წელს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, ასევე – „ვისრამიანის“ პირველი ინგლისური თარგმანები დაიბეჭდა. ხუთი წლის წინათ ამავე საზოგადოებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური გამოცემის ასი წლის აღსანიშნავი საღამო, შარშან კი პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან ლონდონში“ წარდგინება გაიმართა.

  1. სამ ნოემბერს უკვე საქართველოში იგეგმება თქვენი წიგნის პრეზენტაცია. ამ დღესთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?

პრეზენტაცია გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში. ველოდები უამრავ საპატიო სტუმარს და, შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს გამოხმაურებაც, ამ ნაშრომთან დაკავშირებით.

  1. საზოგადოებას თუ შეუძლია უკვე თქვენი წიგნის შეძენა?

წიგნი, ჯერჯერობით, არ იყიდება. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მისი რეალიზაციაც.

  1. მწერლობაში რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ლონდონში, ზოგადად, მაღალი შეფასება მისცეს ამ წიგნს და გამოითქვა აზრი, რომ, როგორც მაღალპროფესიულად შესრულებული ნაშრომი, იგი უცხოურ უნივერსიტეტებში, სადაც მედიას ასწავლიან, დამკვიდრდეს, როგორც სასწავლო ლიტერატურა და, ასევე, ითარგმნოს ინგლისურად და სხვა კლასიკურ ენებზე, რათა მისი გაცნობა ხელმისაწვდომი გახდეს დასავლური მედიის, პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

მარი ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here