Home ბლოგი იცხოვრე, იცხოვრე და მხოლოდ იცხოვრე

იცხოვრე, იცხოვრე და მხოლოდ იცხოვრე

იცხოვრე, იცხოვრე და მხოლოდ იცხოვრე

ერთხელ მაინც გიპოვიათ ჭეშმარიტება სადმე ყველაზე შეუფერებელ ადგილას და მერე მიმხვდარხართ რომ სწორედ ესა ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რომელიც აქამდე არსებულა ..

ოდესმე გიგრძვნიათ რომ ის რაც აქამდე იყავით არ იყო სწორი , არ იყო საკმარისი

ყოფილა მომენტი, როცა საკუთარი თავისთვის გითქვამთ ნახვამდის და ახალი მეს შენება დაგიწყიათ?

ყოფილა მსგავსი მომენტები თქვენ ცხოვრებაში?

თუ ყოფილა ნუ დარდობთ, ესეიგი ცოცხლობთ

ცოცხალი ხართ, ხომ ყველაზე ცოცხალი ცოცხალთა შორის და ყველაზე ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობთ, რადგან ფიქრობთ, აზროვნებთ, ცვლით და იწყებთ ყველაფერს თავიდან.

ცხოვრება წრეზე ბრუნავს

აი , ისე როგორც საცდელად გამოკეტილი თაგვის გალიაში მბრუნავი ბორბალი. ჩვენ კი საცდელი ვირთხები წინ მივდივართ, გვგონია რომ ძალიან შორს წავედით, მივაღწიეთ, გავექცით და სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა, ჩვენ ისევ იმ ადგილას ვართ,  საიდანაც დავიწყეთ.  ცხოვრების ჩაკეტილ წრეზე დავრბივართ და საბოლოოდ მაინც იქ ვდგავართ საიდანაც დავიწყეთ

მოკლედ ათვლის წერტილს რომ მოშოროდე , მხოლოდ ერთი რამაა აუცილებელი , ბევრი იმოძრაოთ და უქმად არ იდგეთ, მერე რა რომ საბოლოოდ ორივე შემთხვევაში წინ მიდიოდით თუ უბრალოდ უმოქმედოთ იდექით-  შედეგი ერთია- ისევ საწყის წერტილთან ხართ .

სამაგიეროდ როცა მოქმედებთ, როცა მოძრაობთ, უბრალოდ არ დგახართ, თქვენ ცხოვრობთ, ხომ ცხოვრობთ და ესაა მთავარი !

მხოლოდ მაშინ შეგიძლია მოყვე, როცა იცხოვრე, როცა ნახე, განიცადე, ისწავლე, შეცდი, მაგრამ ადექი , რადგან ასე იყო საჭირო

მარკესმა დაგვიბარა, ისე იცხოვრე, რომ მოყვეო

მე ერთი უბრალო ანა კი მხოლოდ იმას ვხვდები, რომ თუ არ იცხოვრებ საკუთარ ცხოვრებას არც არაფერი გექნება მოსაყოლი, გასახსენებელი, მოსაგონარიც კი

მე ერთი უბრალო ანა ამას ვერ მივხვებოდი და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ვერ დავრწმუნდებოდი, რომ არა გუშინდელი საღამო, რომელიც მეგობრის ბარში ლუდის ქილებთან ერთად გავატარე

ტრადიციულ დღეებს თუ გადავხედავთ, ძირითადად ჩემი და მპოულობს ხოლმე ლეპტოპზე ჩაძინებულს, სადაც ერთმანეთის მიყოლებითაა გახსნილი დასაქმების და ვაკანსიების საიტები და ჩემი ელექტრონული ფოსტა რეზიუმეს პარალელურად .

გუშინ  ლუდის ქილები ვამჯობინე ათასჯერ ნაცად ხერხებს სამსახურის პოვნისას

გუშინ სუფთა ჰაერი და მეგობრების გარემოცვა ვამჯობინე ჩახუთულ ოთახს, სადაც მხოლოდ გეგმები, მცდელობა და ბუნდოვანი სამომავლო პერსპექტივაა, რომელიც წყალზე მეტად მაშინებს

გუშინ ვიცოდი რომ გოგო ვიყავი, რომელსაც უნდოდა ლუდი, სულ ცოტა სიმშვიდე და ორი გრამი სიცოცხლე, რომელიც ყოველდღიურობის ქაოსში ჩაეკარგა უკვე კარგა ხანია

სტანდარტულად თუ შევხედავთ ჩემ მდგომარეობას- ცოტა არ იყოს უიმედო მდგომარეობაში ვარ

22 წლის

არა დასაქმებული

აღარ სტუდენტი

არა ზუსტი სამომავლო გეგმები

თუმცა ერთი კათხა ლუდის მერე ყველაფერი ბევრად მარტივია-

მე 22 წლის ვარ

ახალგაზრდა

სიცოცხლით სავსე

მონდომებული

პერსპექტიული და საბოლოო ჯამში წარმატებულიც, რადგან ვიცი საკუთარი თავის ფასი და ის რადაც ვღირვარ

მეგობრის ძლიერ ხელს ვგრძნობ მხარზე

„ურუშ, უბრალოდ ყველაფერი დაიკიდე და იცხოვრე

ის გააკეთე რაც გინდა

ნუ იფიქრებ, სწორია თუ არა

კარგია თუ არა

მოეწონება თუ არა ეს ყველას

ერთი სხვების …

იცხოვრე

იყავი ბედნიერი „

და იმ წამს, ცოტა ნასვამს, ცოტა დეპრესიულსაც, მითვლემისაც, თავში ნათელი გამიკრთა

და გადავწყვიტე

დარწმუნებით

მტკიცედ

მედგრად

აღარ დავგეგმავ არაფერს

არც ვინმეს ან რამეს დავუწყებ ისე მხრუვალედ ძებნას, როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას

აღარც მოვინდომებ რომ ვინმეს მოვეწონო ან ისეთი დავანახო ჩემი თავი როგორიც მათ აწყობთ და არა მე

არა

აღარ

მხოლოდ ვიცხოვრებ

ვიცხოვრებ და გავაკეთებ იმას რაც ძალიან მინდა

ამ წამს კი ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი რომ მინდა სუფთა ჰაერია

ჩემი ძმის დიდ ბოტებს ჩავიცვამ, რომელიმე უცნობ ტურს ავირჩევ და წავალ ლაშქრობაზე, წავალ და ძალიან ბევრს დავწერ მერე ამაზე

ვნახავ, განვიცდი, ვისწავლი და ვიქნები , ხომ ანა ვიქნები

და მორალი ერთია ან მორალიც არა უბრალოდ წამიერი ნათება გონებაში, რომელიც ბევრ რამეს ცვლის- ნუ ჩაეციკლებით დოგმებს, ნუ დაიგეგმებით, ნუ იქნებით პროგნოზირებადები

ის აკეთეთ რაც გინდათ, რაც გულით გინდათ, რადგან ყველას ყოველთვის მაინც არ მოეწონებით, რადგან ყველა მაინც ყოველთვის ყველად დარჩება თქვენ კიდევ ბევრად მეტი საქმე გაქვთ საკუთარი ცხოვრება უნდა იცხოვროთ, ცხოვრება , რომელიც მხოლოდ თქვენია და არავისი სხვისი

და ახლა, გულზე ხელი დაიდეთ და დაიფიცეთ, რომ იცხოვრებთ, იცხოვრებთ და არაფერს არ იზამთ სხვას ცხოვრების გარდა…..!

 

ავტორი- ანა ურუშაძე 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here