ლევან იზორიამ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

0
475

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის („მტკიცე მხარდაჭერის“ მისია) ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ნატოს შტაბ-ბინაში RSM-ის ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს, თუ როგორ გახდეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა.

ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო 2018 წელს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდო პარტნიორია და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული რჩება.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი კიდევ ერთხელ ხაზგამით აღინიშნა და ქართველი ხალხის, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, RSM-ის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here