Home კულტურა საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება

საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება

საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება
16-17 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და, ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი – გიორგი აფციაური უძღვებოდნენ.

კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალაკონცერტი, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება.

გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის – „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.

რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы».

ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13) გაიმართება ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.

კულტურის დღეების ფარგლებში, 16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.

ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here