
საქართველოს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა ქართველ ოფიცერს, კაპიტან ბაჩუკი გახარიას ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის სახელმწიფო ორდენი ოფიციალურად გადასცა.
2016 წლის 10 ნოემბერს ავღანეთში, ქ. მაზარი შარიფში გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისას, საქართველოს შეარაღებული ძალების კაპიტანმა გახარიამ სწრაფი რეაგირების ჯგუფით საკონსულოს ევაკუაციას წარმატებით უხელმძღვანელა და 21 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
კაპიტანი გახარია ამჟამად მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსზე ფორტ ბენინგში (ჯორჯიის შტატი) სწავლობს.
საქართველოს თავდაცვის ატაშემ კაპიტან გახარიას ჯილდო გადასცა ფორტ მაიერის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე (ვირჯინის შტატი) საერთაშორისო სტუდენტებისთვის გამართულ მიღებაზე, რომელიც სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლის კაპიტნის საკარიერო კურსის სტუდენტებისათვის გაიმართა. ღონისძიებას ოთხი ქართველი ოფიცერი დაესწრო.