
ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება. ამ ინიციატივის შესახებ განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა, 15 დეკემბერს 45-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას გააკეთეს. მინისტრებმა ახალი ინიციატივა სკოლის მოსწავლეებს თავადვე გააცნეს.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები თავიანთი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები სხვა სკოლის მოსწავლეებს შეეჯიბრებიან, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.
მიხეილ გიორგაძის თქმით, ახალი ინიციატივის წარმატების საფუძველი უკვე არსებობს; ბოლო სამი წელია აქტიურად ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი – „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სპორტის 7 სახეობას მოიცავს და მასში სამი წლის წინ 350 სკოლის 12 000- მდე მოსწავლე იყო ჩართული. წელს კი, 1700-მდე სკოლის 100 000 მოსწავლე ცდილობს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვოს. შვიდივე სახეობის გამარჯვებული გუნდი მსოფლიო სასკოლო თამაშებზე მიემგზავრება.
მინისტრის აზრით, მოსწავლეების მასობრივად ჩართვა სპორტულ შეჯიბრებებში დაეხმარება მათ თავისუფალი დროის სწორად განკარგვაში, მოახდენს სტიმულირებას – ენერგია განათლებასა და სპორტში დახარჯონ, იყვნენ განათლებულნი, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღნი.