Home თავდაცვა ქვედანაყოფების შეფასება GDRP-ის წინამოსამზადებელ ფაზაში

ქვედანაყოფების შეფასება GDRP-ის წინამოსამზადებელ ფაზაში

ქვედანაყოფების შეფასება GDRP-ის წინამოსამზადებელ ფაზაში

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული.

ოთხი დღის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები წვრთნიან. სწავლების დროს ქვედანაყოფები ისეთ უნარ-ჩვევებს იმაღლებენ, როგორიცაა ათეულის ტაქტიკური გადაადგილება, ჩასაფრება, თავდაცვის განხორციელება და მსუბუქი შეიარაღებით კონტაქტზე რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის წინამოსამზადებელი გეგმიური სწავლება-შეფასება, პირველი როტაციის ქვედანაყოფის ათეულების მზადყოფნის სტატუსის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here