Home ინტერვიუ წამიერად დაჭერილი წამის ამბავი

წამიერად დაჭერილი წამის ამბავი

წამიერად დაჭერილი წამის ამბავი

  “ფოტოგრაფია არის შეგრძნების, შეხების, სიყვარულის გზა. ის , რასაც შენ აღბეჭდავ ფირზე, გაგახსენებს იმ პატარა მოგონებებს, რომლებიც შენ აღარც კი გახსოვს”.

ფოტოგრაფია უკვე წლებია, ხელოვნების სრულფასოვან დარგად იქცა. ხშირად მოკრავთ თვალს უცნაურად მდგომ, თუ მწოლიარე ახალგაზრდა, ან უფრო ხნიერი ასაკის ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით აკვირდებიან ობიექტივის მიღმა მდგარ სუბიექტს და ფიქრობენ, ძალიან ბევრს ფიქრობენ. ინტელექტუალური საქმეა ფოტოგრაფია და ყველაფერი მასთან დაკავშირებული.

და არის ყველა გაჩხაკუნებამდე და ჩიტის გამოფრენამდე გარდამავალი წამი, როცა ემზადები წამის დასაჭერად, როცა სუნთქვა გიხშირდება, ხელები გიკანკალებს და ხვდები, რომ შავ-თეთრი ცხოვრების მიღმაც სიფერადის დაჭერა შენ და შენს ხელში მყოფ აპარატს შეგიძლიათ… მერე იქცევა კიდეც უბრალო წამი ყველაზე ბრალიან მარადისობად.

ამ ბნელი ცხოვრების მიმოხვეულ გზებს, სხვათა გვერდით, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი – ვახო ხეთაგურიც მიუყვება. მას უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება .
ვახო თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ლუმიერების მსგავსად, შენ ცხოვრებაშიც ყველაფერი მატარებლით დაიწყო. რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ თემატიკას შენთვის და რატომ მანდამაინც ცხოვრება რელსებზე? მოგვიყევი, ამ პროექტის იდეა საიდან გაჩნდა, როგორ განვითარდა და ასე შემდეგ.

მატარებლით მგზავრობა ბავშვობიდან მიყვარდა და როდესაც 2012 წელს ხელში კამერა ავიღე, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობ სივრცეს მივაშურე და პირველი ფოტოების გადაღებაც სწორედ იქ დავიწყე. ბავშვური სენტიმენტები, მატარებლის რიტმული ხმა (რომელიც ასე ძაან მიყვარს), მალევე მეორე პლანზე გადავიდა, რადგან კამერის გავლით ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი. აქედან დაიბადა სერია, რომელსაც შემდეგ რამდენიმე წელს ვიღებდი.

ფოტოგრაფია გეხმარება სამყაროსთან ურთიერთობაში. ეს ის ადგილია, რომელსაც ყველა ადამიანი ეძებს ცხოვრებაში, რომ დაიმკვიდროს ? ანუ იპოვე ეს ადგილი და არის ის ფოტოგრაფია?

ადგილი ჯერ ვერ 🙂 ფოტოგრაფია ჩემთვის ენაა რომელიც მართლაც მეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. ხანდახან, ერთ კადრს მართლაც უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათასს სიტყვას.

რომ გქონდეს შანსი, შენი აპარატით, დროის მანქანის დამხარებით დროში იმოგზაურო, რა ეპოქას, ქვეყანას და კონკრეტულ კადრს შეარჩევდი?

ვიღაცამ თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გაცვლიდა ქრისტეს ყველა ხატში მის ერთ ფოტოს. ასე რომ, მეც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იმ ეპოქაში იმ ერთი კადრის გადასაღებად:)

თანამედროვე ხელოვნებაში ფოტოგრაფიის როლზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და რამდენად დაფასებული საქმიანობაა?

ხო, დღეს მსოფლიოში უკვე აღარავინ კამათობს, რომ ფოტოგრაფია ხელოვნების სრულფასოვანი დარგია. თუმცა, საქართველოში ამის შესახებ ხმამ ძალიან ბუნდოვნად მოაღწია. ფოტოგრაფიას, ძირითადად, კომერციული მიზნებისთვის იყენებენ( ქორწილი, რეკლამა), რაც წმინდა ვიზუალური პრაქტიკაა. ჩემთვის კი, ფოტოგრაფია, პირველ ყოვლისა, ინტელექტულური პრაქტიკაა.

შენი, როგორც შემოქმედის, ინსპირაციის წყარო?

მხატვრული ლიტერატურა და კონკრეტული ავტორები ჩემზე ძალიან მოქმედებენ, მათგან ბევრს ვსწავლობ და ვიღებ. სხვადასხვა ფორმით, ჩემს სერიებში მათი ტექსტები ხშირად ხვდება.

რომ არა ფოტო და რომ არა კადრი, ვინ იქნებოდა ვახო ხეთაგური? რა პროფესიისა და საქმიანობის მიმდევარი?

ალბათ, ჩემი ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, პროფესიონალი ”სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი” გამოვიდოდი, დიდი სიამოვნებით :)) ამჟამად, ობიექტივის ჩაყოფა მიწევს ხოლმე, ძირითადად. 🙂

უხმო ადამიანების ამბებს ყვები ხშირად შენი ფოტოებით. შენ ხარ მათი ხმა. თავად თუ ახერხებ ყველაფრის თქმას, რისი თქმაც გინდა ? არის კი რამე ისეთი, რაც უთქმელი დაგრჩა?

ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ამბობ. არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც სრულყოფილად გადმოსცემდა, მაგალითად, გძნობებს. თუმცა, ადამიანებმა ათასი რამ მოვიგონეთ, რომ, მეტ – ნაკლებად, გამოგვეხატა რაღაცები და, ხანდახან, ეს მართლაც გამოგვდის.

ამჟამად თუ მუშაობ რამე ახალ პროექტზე, ან პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავ?

კი, ამჟამად ფოტო – წიგნებზე ვმუშაობ. ჩემთვის, გამოხატვის ეს ფორმა, ძალიან საინტერესოა. პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური საგამოფენო დარბაზების ნაკლებობაა, არ ვიცი, ეს რამდენად გამომივა.

სამომავლოდ, რა გეგმები გაქვს?

სამომავლოდ, მოგზაურობისთვის ვემზადები.. დიდი მოგზაურობისთვის:)

ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here