ასფალტის გზებზე აგურის ნატეხებით დაწყებული მხატვრობა (+ფოტოები)

1
2252

პირველ ყოვლისა,თქვენ შესახებ მოკლედ რომ გვიამბოთ.

მე ვარ დავით ქარდავა, 27 წლის. დავიბადე აფხაზეთში, დევნილობის გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი ზუგდიდშიც, თუმცა, სკოლა აფხაზეთში დავამთავრე. შემდეგ სტუდენტი გავხდი და ბოლო ათი წელია, რაც დედაქალაქში ვცხოვრობ.

რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?

პატარაობიდან დავიწყე ხატვა, წერა-კითხვაც კი არ ვიცოდი, თუმცა, ფურცლის ნაცვლად, ქუჩაში მიყვარდა ხატვა, ასფალტის გზებზე აგურის ნატეხებით. შემდეგ,  როცა ძალიან ამიჭრელდა ეზოს წინ ასფალტი, ფურცელი შემომაჩეჩეს და დავიწყე სახატავ რვეულში ხატვა. შემდეგ იყო სამხატვრო სკოლა. თუმცა, ნაადრევად მივატოვე ხატვა და სპორტით დავინტერესდი. ხატვას კი წლების მერე, აბიტურიენტობისას მივუბრუნდი, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, არქიტექტურის ფაკულტეტზე. მაგრამ მაშინაც არ მივყავი ხელი სერიოზულად და მხოლოდ აკადემიის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ გაავწყვიტე, მომეხდინა ნიჭის რეალიზება და თითქმის ერთი წელია უკვე, რაც აქტიურად ვხატავ. ამ პერიოდში საკმაო რაოდენობის ნამუშევარი დამიგროვდა, რომელთაგან რამდენიმემ საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა ინტერნეტსივრცეში.

რა მასალისგან ქმნით ნამუშევრებს?

ძირითადად, გრაფიკით ვარ დაკავებული. ფერწერული ნამუშევრები, ჯერ, თითებზე ჩამოსათვლელად მაქვს.  ვხატავ მუყაოსა და ფურცელზე, ნახშირითა და ფანქრით. ასევე, აქტიურად ვიყენებ პასტელებს, ხოლო ფერწერულ ნამუშევრებს, ძირითადად, აკრილის საღებავებით ვხატავ ტილოზე.  ყველაზე მეტად მაინც ნახშირით მუშაობა მომწონს, მომწონს მისი ფაქტურა, საკმაოდ მავალფეროვანი ეფექტების მიღების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, რომ იმ თემატიკის ნამუშევრებს, რაზეც ვმუშაობ, ყველაზე მეტად ნახშირის ფაქტურა შეეფერება. მისი სიმუქე კარგი კონტრასტების გაკეთების საშუალებას მაძლევს.

ძირითადად, რას ხატავთ?

როცა ხატვას დავუბრუნდი, ძირითადად, პორტრეტებზე ვმუშაობდი. ბავშვობიდან მომწონდა მათზე მუშაობა და თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თან ხელის დახვეწა მინდოდა და, ასე ვთქვათ, ფორმის აღდგენა. როცა ხელი საკმაოდ დავხვეწე, მომბეზრდა პორტრეტების ხატვა და  უკვე იმ იდეებისა და ფიქრების ფურცლებზე გადატანა დავიწყე, რაც, ბოლო წლებში, თავში მიტრიალებდა. ჩემი ნამუშევრები საკმაოდ მუქია, ცოტა დეპრესიული ელფერი გასდევს. ზოგადად, ძალიან მიყვარს მისტიკა. მიყვარს ისეთ თემებზე ხატვა, რაც ჩვენს რეალობას ასახავს და გლობალურ პრობლემებს მოიცავს. ოღონდ ამ ყველაფრის უფრო დრამატული კუთხით და, ზოგჯერ, სურეალისტურად ჩვენება მომწონს. არ მიზიდავს პეიზაჟებისა  და ნატურმორტების ხატვა.

ხატვის ნიჭი ოჯახის რომელიმე წევრისგან გამოგყვათ?

ვერ გეტყვით, საიდან გამომყვა. ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არის მხატვარი, არც მათი მშობლები, უფრო შორს არ ვიცი რა ხდებოდა. შეიძლება, პირველი ვარ და ათვლა ჩემგან დაიწყება 🙂  ჩემი და არის მიდრეკილი ხელოვნებისკენ. საოცრად ქარგავს.

როგორია გარემო, რომელშიც თქვენს ნამუშევრებს ქმნით?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, საკმარისი სივრცე მქონდეს სახატავად. ნახატებს, ძირითადად, კედელზე ვხატავ, ანუ ფურცლებს კედელზე ვაკრავ და ასე ვმუშაობ, ფეხზე მდგომი, სულ მოძრაობაში ვარ. მთავარია, სიჩუმე არ იყოს, ვერ ვიტან სიჩუმეში ხატვას. ამიტომ, როცა ვმუშაობ მუსიკა სულ არის ჩართული. მუსიკას იმის მიხედვით ვარჩევ, თუ ხატვის რა სტადიაში ვარ. თუ ვიწყებ ნახატს და შთაგონება მჭირდება, კლასიკური მუსიკა მეხმარება კონცენტრირებაში. თუ უკვე დამუშავების პროცესში ვარ, მაშინ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს. როგორც წესი, მუშაობაში გართულს არც მესმის, რა, ან ვინ უკრავს. ეს ყველაფერი, ძირითადად,  ღამით ხდება. დღისით დრო არ მაქვს ხატვისთვის, რადგან არქიტექტურით ვარ დაკავებული, ანუ სამსახურში ვარ.

თქვენთვის ხატვის პროცესი რას ნიშნავს?

ეს უკვე ყველაფერია ჩემთვის. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ხატვის დროს იმას ვაკეთებ, რისთვისაც გავჩნდი ამ ქვეყანაზე, თითქოს ჩემს მისიას ვასრულებ. გარდა ამისა, ეს არის ჩემი თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის რეალიზების გზა.

როგორ ფიქრობთ, თქვენს ნახატებს რა განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს ?

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ჩემს ნამუშევრებე საუბარი, მათ ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებზე დამთვალიერებლებმა უნდა იმსჯელონ. ზოგადად, ყველა ნახატი განსაკუთრებულია, რომელიც მხატვრის ფანტაზიის, ემოციების, აზროვნებისა და სულის ნაყოფია.  ეს განასხვავებს მხატვრებს ერთმანეთისგან. ნუ, შეიძლება ტექნიკაზეც საუბარი, მაგრამ, ვფიქრობ, ამის გარეშე, რაც უნდა ძლიერი ტექნიკით იყოს შესრულებული  ნახატი, მშრალი და უსულო იქნება.  აქედან გამომდინარე, ჩემი ნახატების განსაკუთრებულობაც, ვფიქრობ, ამაშია. ისინი, ჩემ მიერ დანახულ სამყაროს ასახავს.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას თქვენი ნამუშევრები რის გამო მოსწონს?

კატეგორია, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს, ძირითადად, ის ხალხია, ვისაც მისტიკა იზიდავს, გარემოსა და, ზოგადად, სამყაროს განსხვავებული აღქმა მოსწონს და სჯერა, რომ ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებული და განსხვავებულია. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ უფრო თამამი და მონდომებული ვიყო.

საკუთარ ნახატებს თქვენ როგორ შეაფასებთ?

ამაზე ძალიან მოკლედ ვისაუბრებ.. დასაწყისისთვის, ვფიქრობ, მაქსიმუმს ვაკეთებ. ჯერ გზის სათავეში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იკვეთება ინივიდუალური სტილი, ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, საძებნი და სამუშაო.

თქვენი ნახატები თქვენთვის შემოსავლის წყარო თუ არის?

ჯერ ამ კუთხით არ ვუდგები ნახატებს. მაქვს ხოლმე შეკვეთები პორტრეტებზე, მაგრამ, როგორც წესი, ხშირად თავს ვარიდებ შეკვეთების მიღებას, რადგან დროს მართმევს და მირჩევნია, ჩემს იდეებს დავუთმო ისედაც მწირი დრო. ვფიქრობ, სამომავლოდ დაგეგმილი გამოფენების მერე დაინტერესებაც იქნება და, შესაბამისად, გაიყიდება ნახატებიც. ახლაც, იმ ნახატებზე, რომლებიც ინტერნეტში დევს, ხშირია დაინტერესება, მაგრამ ჯერ არცერთი ნახატი გამიყიდია.

გარდა ხატვისა, ხელოვნების სხვა რომელიმე სფეროთი თუ ხართ

დაკავებული?

ხატვის გარდა არქიტექტურით ვარ დაკავებული, ეს ჩემი პროფესია და შემოსავლის წყაროც არის ამჯერად. მომწონს არქიტექტურა თავისი მრავალფეროვნებითა და შემოქმედობითობით.

მხატვრობაში რა გეგმები გაქვთ?

ჩემი უახლოესი გეგმები საკუთარ თავზე ბევრ მუშაობას უკავშირდება. ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო ხატვას დავუთმო. როცა არ ვხატავ, ვკითხულობ, ვიკვლევ სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებას, ხელოვნების ისტორიას, სტილებს, მიმართულებებს და ა.შ. ნახატების ამ სერიის დასრულების შემდეგ პირველი პერსონალური გამოფენის გაკეთებაზე ვფიქრობ. თუმცა, ჯერ მზად არ ვარ, ჯერ კიდევ ბევრი იდეა მიტრიალებს თავში და როცა გავახორციელებ, აუცილებლად გავაკეთებ გამოფენას. ამ წლის ბოლოსთვის, ჩემი აზრით, მზად ვიქნები. მინდა, საზოგადოებამ გამიცნოს, როგორც მხატვარი, რომელიც განსხვავდება სხვებისგან თავისი სტილითა და სამყაროთი, რომელსაც გამოსახავს ნამუშევრებში.

მარი ტიელიძე

1 კომენტარი

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here