
მარსელ პრუსტი / ვარლიკოვსკი
“ფრანგები”
Nowy Teatr, პოლონეთი
რეჟისორი კშიშტოფ ვარლიკოვსკი
ბილეთები: 65, 80 ლარი
„ფრანგები“ კშიშტოფ ვარლიკოვსკის უახლესი თეატრალური ექსპედიციაა თანამედროვე ევროპული მენტალობისა და იდენტობის ფესვების ძიებაში. მის ამოსავალ წერტილს მარსელ პრუსტის მონუმენტური რომანი „დაკარგული დროის ძიებაში“ წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებას ძირეული ცვლილებების ეპოქაში აღწერს, შეძრულს ძველი იერარქიის რღვევით, მძვინვარე ანტისემიტიზმით და, რაც მთავარია, დიდი ომით. იყენებს რა ჟილ დელიოზის ცნობილ ფრაზას: „მხოლოდ ის მკვდრები ბრუნდებიან უკან, რომლებიც ნაჩქარევად და არც ისე ღრმად დამარხეს“, ვარლიკოვსკი პრუსტის ტექსტს მოიხმობს, რათა გაიაზროს დღევანდელი ევროპის მდგომარეობა, რომელიც ირონიულად მოიხელთა ფრანგმა ხალხმა ასი წლის წინ; სწორედ ამით აიხსნება პიესის აზრთა აღმძრავი სათაური.
იმისათვის, რომ ჯეროვნად გადმოცემულიყო პრუსტის იდეა სხვადასხვა დროის პარალელურად არსებობის შესახებ და არ დაკარგულიყო მისი მცდელობა, გამოეხატა დროის ფენომენის კომპლექსურობა, საჭირო გახდა პარალელური სიტუაციების შექმნა. სპექტაკლის ჩანაფიქრი არ ყოფილა რომანის სასცენო ეკვივალენტის შექმნა, არამედ პარალელური სამყაროს პოვნა, სტრუქტურისა, რომლის საშუალებითაც ჩვენი დრო მოექცეოდა ნემსის ყუნწში, პრუსტის კრიტიკული მზერის გავლით; შენარჩუნდებოდა მისი ხედვის სიცხადე და ბრწყინვალე გონება. არალინეარულ დროში ჩაძირულებს, საშუალება გვეძლევა, დავაკვირდეთ პრუსტის რადიკალურ ხატებას თეატრის იდეალურ გარემოში – მთელი თავისი სოციალური და სულიერი ენერგიით.