Home კულტურა ქსოვილი საქართველოდან – ენციკლოპედიური ალბომის პრეზენტაცია

ქსოვილი საქართველოდან – ენციკლოპედიური ალბომის პრეზენტაცია

ქსოვილი საქართველოდან – ენციკლოპედიური ალბომის პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ენციკლოპედიური ალბომის, „ქსოვილი საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართული ისტორიული კოსტიუმების უნიკალური ნიმუშები.
“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა, თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.
ოთხასგვერდიანი ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.
პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა, გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.
ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

ისტორიულ ტექსტილთან ერთად კატალოგში შეტანილია რეკონსტრუირებული, აღდგენილი ქსოვილები, რომლებიც მხატვრებმა ეკლესია-მონასტების ფრესკებიდან და უძველესი ხელნაწერებიდან გადმოიხატეს და შემდეგ ძვირფას აბრეშუმზე აღადგინეს. ( ქსოვილების ავტორი  – ეკატერინე გეგუჩაძე.)
ნიშანდობლივია, რომ ისტორიულ ფრესკებზე დაყრდნობით აღდგენილი ქსოვილის ფრაგმენტები ცხადყოფს ქართული ესთეტიკური ღირებულებების დიდ მნიშვნელობას საქართველოში.
წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები.
სამეცნიერო ნაშრომზე შემოქმედებითი ჯგუფი გიორგი კალანდიასა და ირინე საგანელიძის ხელმძღვანელობით ექვსი თვის მანძილზე მუშაობდა. დიზაინი და გრაფიკული კონცეფცია ირაკლი ზამბახიძეს, ხოლო სამეცნიერო რედაქტურა – გულიკო კვანტიძეს ეკუთვნის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here