
საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლუის ალმაგრო, მათ ჩარლზ მანატის დემოკრატიის ჯილდო გადაეცათ.
აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) 1995 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ორგანიზაცია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი ერთობლივი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განხორციელდა. დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 1987 წლიდან დღემდე IFES-ი საკუთარ საქმიანობას 145 ქვეყანაში ახორციელებს.