ფერებით გადმოცემული სამყარო. ინტერვიუ გოგა ჩანადირთან

0
726

რა ასაკში დაიწყეთ ფოტოების გადაღება პროფესიონალურ დონეზე?

– 23 წლის ვიყავი, მემგონი. თეატრალური ინსტიტური უკვე დამთავრებული მქონდა.

რატომ და როგორ გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმიანობით დაკავაბულიყავით?

– მე ვიყავი ჩვეულებრივი მწერალი, ჟურნალისტი, ვმუშაობდი ახალ ამბებზე. „დილის გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა, მანანა კარტოზიამ, მომცა ციფრული ფოტოაპარატი და მითხრა, რომ ჩემივე მასალებისთვის გადამეღო ფოტოები, რათა დასწრების ეფექტი მეტად გაძლიერებულიყო. ასე, ნელ-ნელა, უკვე მივეჩვიე ფოტოაპარატთან ურთიერთობას. ჩემი პირველივე ფოტოაპარატი იყო ციფრული ფოტოაპარარი , რაც მაშინ საქართველში ზედმეტად იშვიათი იყო. ამის შემდეგ, უკვე სხვა ჟურნალისტის მასალის გადასაღებად გამაგზავნეს, რადგან ძირითადი ფოტოგრაფები ადგილზე არ იყვენ. ნელ-ნელა მოეწონათ ჩემი ფოტოები და სხვა ჟურნალისტების მასალებსაც მე ვიღებდი. ძალიან სწრაფად შევეგუე ფოტოაპარატს.

რა იყო თქვენი პირველი ფოტო, რომლის მეშვეობითაც ფოტოგრაფობას სხვა თვალით შედეხეთ? 

– ეს იყო “ვარდების რევოლუცია”, როდესაც ამ მოვლენებს ვიღებდი თავიდან ბოლომდე. ამ დროს მივხვდი, რომ ფოტოგრაფისთვის, მით უმეტეს,  ახალ ამბებზე მომუშავე ფოტოგრაფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს მოვლენების ეპიცენტრში, იყოს ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მთავარი მოქმედება ხდება. ასე აღმოვჩნდი პარლამენტის შენობაში. ყველაფერი თავისთავად ხდებოდა.

თქვენი შეფასებით, თქვენი ფოტოები სხვებისგან რით გამოირჩევა?

– ძალიან მიჭირს, ვილაპარაკო საკუთარ თავზე. უკეთესია, ისინი კრიტიკოსებმა და კოლეგებმა შეაფასონ. ერთადერთი, ვფიქრობ, რომ ჩემს ფოტოებში არის მეტად მრავალფეროვანი და ფერადი გარემო. მრავალფეროვანი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და, შესაბამისად, სხვადასხვა კულტურაა ასახული მათზე. დაახლოებით, 110 ქვეყანაში ვიყავი უკვე. შავ-თეთრ ფოტოებს არ ვიღებ არა იმიტომ, რომ არ მომწონს, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ჩემთვის ფერადი ფოტოგრაფია მეტად საინტერესოა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ პროექტზე ვმუშაობ და, შესაბამისად, მათაც განაპირობა, რომ მრავალფეროვანი ყოფილიყო ჩემი ფოტოალბომი.

ფოტოგრაფობის პარალელურად, რას საქმიანობთ? 

– დაკავებული ვარ სამოქალაქო აქტივიზმით, სამოქალაქო კულტურის პოპულარიზებით. სხვადასხვა ღონისძიებაში ვარ ჩართული, პროფესიით სცენარისტი ვარ და ხშირად ვწერ, ვმუშაობ ერთწუთიან ფილმებზე. გამოიცა ელექტრონული წიგნი, „წერე ქართულად. ამბები გოგა ჩანადირისგან“. ვმუშაობ ახალ ელექტრონულ წიგნზე, მაგრამ, ნელ-ნელა, მას, ალბათ, დავბეჭდავ და ვმუშაობ კიდევ სამოგზაურო რომანზე.

დღემდე რამდენ გამოფენაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

– გამოფენა, პრაქტიკულად, ყოველ წელს მაქვს, მათ შორის, ძალიან ბევრს ქვეყანასა და ბევრ უცხოურ ქალაქში. საქართველოს ოთხ ქალაქში მაქვს გამოფენა მოწყობილი – ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთსა და თბილისში.

თუ არის რაიმე ისეთი, რის გადაღებაზეც ოცნებობთ?

– რაზეც მიოცნებია, ყველაფერი გადავიღე. სხვადასხვა სიტუაციაში მომიწია ყოფნა, ვთქვათ, შრილანკის ცუნამი გადავიღე, კუბასა და იამაიკას რომ გრიგალი დაატყდა, ისიც გადავიღე, ვიყავი ერაყში და სხვადასხვა ასეთი მოვლენური ამბავი გამიშუქებია.

თქვენი აზრით, ამ პროფესიაში ყველაზე საინტერესო რა არის?

– მრავალფეროვნება და მუდმივი ცვლილებები. ერთფეროვანი მასში არაფერია, მუდამ საინტერესოს იგებ და ახალ-ახალ პროფესიებსაც კი ითვისებ. ეს იმიტომ, რომ ფოტოგრაფიას ბევრი რაღაცის ცოდნა სჭირდება, ძალიან დიდი ინტელექტი და სიახლეებზე მუდმივი ფეხის აწყობა. თუ ეს ასე არ არის, ფოტოგრაფი ძალიან ბევრ რამეს ჩამორჩება, განსაუთრებით, ფოტოჟურნალისტზე მაქვს ლაპარაკი.

ისეთი ფოტოგრაფი თუ არსებობს, რომელიც თქვენთვის გამორჩეულია?

– საქართველში, სხვათა შორის, ფოტოგრაფია ძალიან მაღალ დონეზეა. ბევრი ფოტოგრაფია, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მაგალითად, ლევან ხერხეულიძე, გოგი ცაგარელი, ალექსანდრე სააკოვი, რომელიც გარდაიცვალა.. გია აბდალაძე, დათო მძინარაშვილი… უცხოეთში ძალიან ბევრია ,მაგრამ პირველი უცხოელი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები მე სრულყოფილად შევისწავლე, იყო რობერტ კაპა. ასევე, ვიტორიო სელა, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფოტოგრაფია შექმნა ქართველებზე.

ყველაზე დიდი სიამოვნებით რომელი ქვეყანა გადაიღეთ?

– ყველა ქვეყანა სიამოვნებით გადავიღე. მაგრამ არის ორი ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ხელმეორედ, ესენია – ვიეტნამი და ტუნისი, და მაროკოსაც დავამატებდი.

სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?

–  ძალიან მინდა, რომ გამოვცე წიგნი „შვეულმფრენიდან გადაღებული საქართველო“. ძალიან დიდი ფოტოალბომი დამიგროვდა. დაახლოებით, 278 საათს ვიფრინე საქართველოს თავზე და დიდი მასალა მაქვს. მინდა, რომ რაღაც ალბომი გამოვცე. სპონსორის ძიებაში ვარ, სურვილი მაქვს, მოვძებნო ვინმე, ვინც დამეხმარება ამ საქმეში. ეს იქნება ზემოდან, ახლებურად დანახული საქართველო და ადამიანები გაიაზრებენ, როგორი ლამაზი და შთამბეჭდავია ჩვენი ქვეყანა ზემოდანაც.

მარი ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here